ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტი ამ საკითხს 26 ივლისს განიხილავს, თუმცა გაჩნდა ინფორმაციაც, რომ ფეხბურთელი და კლუბი თვითონ მორიგდებიან.
როგორც უნდა იყოს, არა მგონია, რომ გორგიაშვილს ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად, ვიღაცის რჩევის გარეშე გადაედგა. ის 25 წლის არის, ეროვნულ ნაკრებში სამჯერ უთამაშია, აქვს კარგი მონაცემები და შესაბამისად, სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია.
მოკლედ,
ზოგადად, კარგია, როცა ფეხბურთელს ჰყავს ისეთი აგენტი, რომელიც მას სასარგებლო რჩევებს აძლევს. ფეხბურთელი ასეთი აგენტით თავს იცავს, რომ კლუბი უსამართლოდ არ მოექცეს და კარიერაში სწორი ნაბიჯები გადადგას. არაერთხელ მომხდარა, ნიჭიერ ფეხბურთელს არასწორი ნაბიჯი გადაუდგამს და ამის გამო ისე ვერ წასულა წინ, როგორც მის ნიჭს შეეფერებოდა.
ამის მაგალითი ბევრია. ფეხბურთელი გახდა 18 წლის და ფინანსურად ღონიერ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს აწერს ხელს. ცხადია, კლუბი დაინტერესებულია, რომ ნიჭიერთან მაქსიმალურად გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ტიტულოვანი და ფინანსურად ძლიერი კლუბი მიმზიდველია, ოღონდაც ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ განვითარების რა პირობები ექნება იმ კლუბში, რომელიც შედეგზე მკაცრად არის ორიენტირებული, იწვევს ლეგიონერებს, საქართველოს ნაკრების მოქმედ თუ ყოფილ ფეხბურთელებს.
ასეთი კლუბის პირველ გუნდში მოხვედრა ახალგაზრდისთვის ძალიან ძნელია და მეორე გუნდში უწევს ყურყუტი. მისი გადაბირებით სხვა ქართული გუნდი თუ დაინტერესდა, სატრანსფერო ფასი იმდენად მაღალია, რომ იმ კლუბს ამდენის გადახდა არ უღირს.
და სად არის ასეთ დროს ფეხბურთელის აგენტი? როგორ შეიძლება იყოს დაცული ასეთი ფეხბურთელი?
კონტრაქტში უნდა ჩაიწეროს კონკრეტული სატრანსფერო თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაში სხვა კლუბს შეუძლია ამ ფეხბურთელის აყვანა. ცხადია, ეს თანხა რეალური უნდა იყოს, ასეულათასობით დოლარს მეორე გუნდის ფეხბურთელში არავინ გადაიხდის, თუ ის რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში სასწაულებს არ მოახდენს.
დაცვის მორიგი მექანიზმი ის არის, რომ კონტრაქტი არ იყოს ხუთწლიანი.
არსებობს კიდევ ერთი მექანიზმიც: თუ ფეხბურთელს კლუბი სხვა გუნდში ანათხოვრებს, იქ გატარებული დრო უნდა ეთვლებოდეს კლუბთან კონტრაქტის ხანგრძლივობაში - ანუ გავანათხოვრე ჩემი ფეხბურთელი ექვსი თვით, მაგრამ ეს ექვსი თვე კონტრაქტის ვადას არ აკლდება და რამდენჯერაც უნდა გავანათხოვრო ფეხბურთელი, სანამ ხუთ წელიწადს ჩემთან არ გაატარებს, მისი კონტრაქტი არ ამოიწურება.
როცა კლუბი ასეთ პირობას უყენებს ფეხბურთელს, სწორედ მაშინ სჭირდება მოთამაშეს კარგი აგენტი.
მენეჯერის პროფესია მხოლოდ ის არ არის, რომ ფეხბურთელი ერთი გუნდიდან მეორეში გადაიყვანოს, მან უნდა დაიცვას ამ ფეხბურთელის სხვა ინტერესებიც. მაგალითად, ფიფას რეგულაცია არ კრძალავს იმას, კონტრაქტში ჩაიწეროს, რომ ფეხბურთელმა სეზონის პირველი ათი მატჩი აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ითამაშოს.
თბილისში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ღონიერი კლუბია: "დინამო თბილისი". ფაქტია ისიც, რომ ასე თუ ისე ნორმალური საფეხბურთო აკადემიები თუ სკოლები მეტწილად დედაქალაქშია, ანუ ნიჭიერი მოზარდების თავმოყრა ხდება თბილისში და ნიჭიერ ახალგაზრდას თუ მის მშობელს, ბუნებრივია, დედაქალაქური კლუბი ურჩევნიათ პერიფერიულს.
ადრე "ვიტ ჯორჯია" იყო ისეთი კლუბი, ეფექტურ სელექციას რომ ახერხებდა, ახლა კი თბილისში, "დინამოს" გარდა, არ არსებობს ამბიციური, წელგამართული კლუბი. არადა, კონკურენცია აუცილებელია, კონკურენციის გარეშე ვიღებთ არაჯანსაღ გარემოს.
რჩევა, ახალი გუნდის მოძებნა და დაცვა სჭირდებათ მწვრთნელებსაც. ჩვენთან ჯერ არ ჩანან ისეთი მენეჯერები, ქართველი მწვრთნელების ტრანსფერებზე რომ იმუშავებენ. არის მხოლოდ მამუკა ჯუღელი, რომელმაც გიორგი დარასელია წაიყვანა "ხაბაროვსკში".
საერთოდ, ჯუღელი წარმატებული მენეჯერია, თანაც ისეთი, ვისაც კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს. სხვა ქართველ აგენტებს ვგულისხმობთ, არადა, კონკურენცია აქაც აუცილებელია. განა ნორმალურია, რომ თითქმის ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის აგენტი ჯუღელია?
ჯუღელმა შექმნა აღორძინებული გორის "დილა" წელიწადნახევრის წინათ. რომ არა ის, ამდენი კარგი ფეხბურთელი ერთბაშად ვერ მოხვდებოდა "დილაში". ამ გუნდში ახლაც არიან ჯუღელის ფეხბურთელები და ზოგი მათგანი "დილაში" დარჩენას მანამდე აპირებს, სანამ გუნდი ევროსარბიელზე გამოდის.
შესაძლოა, ეს ჯუღელის გულმოწყალების შედეგია, ან უბრალოდ იმის, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში მათი უცხოურ გუნდში გადასვლა ვერ ხერხდება.
ბევრისგან გაიგონებთ, საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდა და ეყოლებაო. მართლაც, ფეხბურთის თამაშის ნიჭი თითქოს სისხლში გვაქვს. ალბათ აგენტობასაც თავისებური ნიჭი სჭირდება, მხოლოდ იღბლის ხარჯზე ვერ გააკეთებ ბევრ და თანაც სარფიან ტრანსფერს.
ჯუღელმა ქართველ ფეხბურთელებს ფული აშოვნინა, თუმცა კონკურენტი მასაც უნდა გამოუჩნდეს - ერთი კაცის მიერ მართული სატრანსფერო ბაზარი, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"