გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]

AutoSharing Option
27 ივლისს ლანჩხუთში დიდი ზეიმი იყო. გამგებელმა სიტყვა შეასრულა - მართალია, იმ "დიდი" კიევის "დინამოდან" ორიოდ ფეხბურთელი ჩამოვიდა, თუმცა უდავოდ ისიც მაგარი საქმეა, ლანჩხუთს სახელოვანი კლუბის თუნდაც ვეტერანები რომ ეწვივნენ.

ჩამოსულთაგან განსაკუთრებით ოთხი გახლდათ ცნობილი - მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირი და ერთ მატჩში 5 გოლის გამტანი ოლეგ სალენკო, სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" სახელოვანი ფეხბურთელი ვლადიმირ ბესონოვი, "გურიისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი ვიქტორ ხლუსი და ასევე კიევის დინამოელი ივან იარემჩუკი.

მათთან ერთად "გურიის" ვეტერანებს დაუპირისპირდნენ უკრაინული ფეხბურთის სხვა გამორჩეული მობურთალები,
ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონები და თასის მფლობელები, ზოგი რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონიც.

ისინი საქართველოში წინადღით ჩამოვიდნენ, თამაშამდე კი კულტურის სახლში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს, რომელშიც მთლიანად ოზურგეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურია" მონაწილეობდა.

საცეკვაო ნომრები კარგი სანახავი კი იყო, მაგრამ საფეხბურთო საღამოსთვის ცოტათი გადამღლელიც.

"გურიის" ლეგენდარულმა ფორვარდმა და კიეველთა სტუმრობის ორგანიზატორმა ვიქტორ ხლუსმა იხუმრა კიდეც - ჩვენ ცეკვას არა და საღამოს კარგ ფეხბურთს გპირდებითო.

სცენაზე პირველი ლანჩხუთის გამგებელი ავიდა, თამაშის ინიციატორმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა დაფასებისთვის.

ვიქტორ ხლუსმა "გურიაში" გატარებული დრო გაიხსენა.

"აქ გავატარე ორი დიდებული წელიწადი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

გოლებიც ბევრი გამქონდა და ვიცი, ქომაგებსაც ვახსოვარ. მეც ძალიან მიყვარხართ! აქედან წასვლა არ მინდოდა, გაგიმხელთ, რომ ფულს ტომრით მთავაზობდნენ, ოღონდ დავრჩენილიყავი, მაგრამ ჩემი კარიერისთვის უმჯობესი იყო უცხოეთში წავსულიყავი. აქ გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ზაზა ურუშაძეს ამ ლამაზი დღისთვის"
- აღნიშნა "გურიის" ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერმა.

მან დამწრეებს სათითაოდ წარმოუდგინა სტუმრები. მართალია, დარბაზში ანშლაგი არ იყო, მაგრამ ლანჩხუთში რომ ფეხბურთი კარგად ესმით, იმ ოვაციებიდან ჩანდა, რომელსაც განსაკუთრებით გამორჩეული მობურთალები იმსახურებდნენ.

სამწუხაროდ, წინასწარ დაანონსებული პრესკონფერენცია ჩაიშალა, ამიტომაც ჟურნალისტებს სტუმრებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა. მიზეზად დროის სიმცირე დასახელდა - სტუმრები გრიგოლეთში წაიყვანეს, "გურიის" ბაზაზე.

ჩვენ რამდენიმე მობურთალთან გასაუბრება მოვახერხეთ.

"გული დამწყდა, რაც ვიხილე ბაზაზე, რომელიც დღეს გასაკეთებელია, თუმცა მითხრეს, რომ კომპლექსი კლუბს უბრუნდება და მალე სარემონტო სამუშაოებიც შესრულდება.

სტადიონის დანახვაზე კი ცრემლები წამომივიდა - არ მეგონა ასეთ მდგომარეობაში თუ დამხვდებოდა ის არენა, რომელიც ყოველთვის პირთამდე იყო სავსე, როცა აქ ვთამაშობდი. ბედნიერი ვარ, რომ ლანჩხუთში ვარ",
- გვითხრა ვიქტორ ხლუსმა.

ჩამოსულთაგან ყველაზე სახელოვანი, ვლადიმირ ბესონოვი კი დაგვპირდა, რომ დაპატიჟების შემთხვევაში სიამოვნებით ჩამოვა ლანჩხუთში.

მსოფლიო პირველობის ერთ თამაშში 5 გოლის გამტანი ოლეგ სალენკო მინიმუმ ერთ გოლს "დაგვპირდა", მაგრამ ვერ შეასრულა.

* * *

როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, შეხვედრა 18 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მთელი ნახევარი საათით დაგვიანდა.

მიზეზად ფორმის დაგვიანება დასახელდა, მასპინძლები მატჩის სპონსორის, "რომპეტროლის" ლოგოთი გამოვიდნენ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



კიდევ ერთმა სპონსორმა, ვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორმა ბადრი წილოსანმა სტუმრებს საჩუქარი კულტურის სახლშივე გადასცა.

რაც შეეხება "გურიის" შემადგენლობას, ის უკევ თამაშამდე გახდა სკანდალის მიზეზი, რადგან იმ დიდი "გურიიდან" მიპატიჟებული იყო სულ სამი (!) მობურთალი შეხვედრაში მონაწილეობა კი მხოლოდ მალხაზ მახარაძემ მიიღო.

ამან საფეხბურთო შოუ გააუფერულა. მატჩზე ასევე არ იყვნენ მიპატიჟებული ადგილობრივი საფეხბურთო საზოგადოების დიდი ნაწილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

ლანჩხუთის მატჩზე პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესაც ელოდნენ, თუმცა ისინი "ევგრაფი შევარდნაძეზე" არ გამოჩენილან.

შეხვედრას სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრებოდა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ლანჩხუთი ფეხბურთის ხათრით. ლანჩხუთელებსა და გურიას დიდი ფეხბურთი მოენატრათ.

მადლობა მინდა გადავუხადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, რომლის ინიციატივითაც მოხდა სტუმრების მოწვევა კიევიდან. მისივე ინიციატივითაც მიმდინარეობს გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბება.

ვიმედოვნებ, რომ ლანჩხუთში კიდევ აგუგუნდება ტრიბუნები და აქაურები ნამდვილ ფეხბურთს იხილავენ,"
- განაცხადა მინისტრმა.

თავად მატჩი კარგი სანახავი გამოდგა - სტუმრები ვიქტორ ლეონენკოს დუბლისა და ალექსანდრ პრიზედკოს გოლით 3:0-ს იგებდნენ, რასაც ბიძინა ჭყონიამ და დავით მახარაძემ უპასუხეს, შემდეგ ისევ სტუმრებმა გაიტანეს, რასაც ლაშა თემურის ძე ჩხაიძის საპასუხო გოლი მოჰყვა.

დუბლის შესრულება და გათანაბრება "გურიის" ახალ მთავარ მწვრთნელს შეეძლო, მაგრამ დათომ პენალტი ძელს მოარტყა.

სხვათა შორის, "გურიამ" შორეულ 1987 წელსაც ვერ მოახერხა პენალტიდან კიეველთა კარის დალაშქვრა. საბოლოოდ, 4:3 - კიევის "დინამომ" ლანჩხუთში პირველად მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული