საქმე ისაა, რომ სულხან გოგიბერიძე პოსტიდან მცირე ხნის წინ გადადგა.
კლუბის დირექტორობის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა განიხილეს - ბათუმისა და თბილისის "დინამოს" ცნობილი ფეხბურთელი ვახტანგ ქორიძე და ოთარ ფედიჩკინი, რომელიც ბათუმელი ფეხბურთელების ახალგაზრდა ფრთას წარმოადგენს.
საკრებულოს დეპუტატებმა ღია კენჭისყრა ჩაატარეს და ბიულეტენების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ქორიძემ ექვსი ხმა მიიღო, ფედიჩკინმა - 13.
შესაბამისად, ეს უკანასკნელი ბათუმელთა გუნდის ახალი დირექტორად გახდა.
ოთარ ფედიჩკინს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.
- უპირველესად, არჩევას გილოცავთ.
- 27 წლის ვარ. რამდენიმე წელი ვთამაშობდი ბათუმის "დინამოში", შემდეგ მარიუპოლის "ილიჩივეცში".
ერთი პერიოდი "ტრაბზონშიც" ვვარჯიშობდი. კარიერა ნაადრევად დავასრულე და ბიზნესში წავედი.
თურქეთში რამდენიმე ევროპული ბრენდის წარმომადგენელი ვიყავი, მათ შორის, "არმანის". მაგრამ ისევ მშობლიურ ბათუმში დავბრუნდი. ახლა "აჯარია ტაბაკოს" წარმომადგენელი ვარ.
- გუნდში რა გეგმებითა და მიზნებით მიდიხართ?
- უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ ჩემი არჩევა სულაც არ ნიშნავს, რომ ვახტანგ ქორიძეს ვემიჯნებით. ის იყო დიდი ფეხბურთელი, ძალიან კარგი პიროვნება და გაგვიხარდება, გვერდში თუ დაგვიდგება. ამას გულწრფელად ვამბობ.
ბედნიერი ვარ, ჩემი საყვარელი გუნდის ხელმძღვანელად რომ ამირჩიეს. გულშემატკივრებს ვპირდები, რომ "დინამო" გაძლიერდება და იმედია, სტადიონზე მეტ მაყურებელს მოვიზიდავთ.
უპირველესად კი კლუბის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მსურს.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- სამწუხაროდ, გუნდს არანაირი სავარჯიშო პირობები არ გააჩნია. ამიტომ, ანგისაში ხელოვნურსაფრიანი მოედანი უნდა დავაგოთ, ზამთარ-ზაფხულ სავარჯიშო მოედნის პრობლემა რომ არ შეგვექმნას.
კლუბის ბიუჯეტის ნაწილი - 700 ათასი ლარი ანგარიშზეა. მაგრამ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, დამატებითი თანხები უნდა მოვიზიდოთ.
საამისოდ, ინვესტორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
- თქვენი ჯგუფის წევრი მალხაზ მახარაძე ამბობდა - მოლაპარაკებები მიმდინარეობს სოლიდურ კომპანიებთან და გუნდის სათავეში ჩვენი ჯგუფის მოსვლის შემთხვევაში, "დინამოს" ფინანსური პრობლემები არ შეაწუხებსო...
- გეტყვით, რომ ლაპარაკია რამდენიმე სერიოზულ უცხოურ კომპანიაზე. ჩვენი ჯგუფის ინტერესი არა მხოლოდ "დინამოს" გაძღოლა, არამედ, ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელსაც "დინამოს" დასაფინანსებლად გამოვიყენებთ.
საკმაოდ კარგი წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველო ერთ-ერთი სერიოზული მოსამზადებელი ცენტრი გახდეს.
სავარაუდოდ, თურქეთს, ესპანეთსა და კვიპროსს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ამ რესურსის გამოყენება ნამდვილად არ გვაწყენს.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან მოედნები არ არსებობს. უპირველესად, ეს არის მოსაგვარებელი.
როდესაც გვექნება საკუთარი სტადიონი, ბაზა და სასტუმრო, ბევრი გუნდი ჩამოვა - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან... დამიჯერეთ, ეს სავსებით რეალურია, რადგან ამ ქვეყნებთან საკმაოდ კარგი კავშირები გვაქვს.
- გუნდში რა საკადრო სიახლეებს უნდა ველოდოთ?
- უპირველესად, გუნდს ძველი სახელი - ბათუმის "დინამო" დაუბრუნდება. ის გუნდი გაკოტრდა, მაგრამ ამ სახელის აღდგენა საჭიროა.
ცხადია, ვფიქრობთ, ვის ჩავაბაროთ შემადგენლობა. კობა ჟორჟიკაშვილი გამოცდილი სპეციალისტია და გავარკვევთ - რა პირობებზე იმუშავებს.
რამდენიმე ძლიერი მოთამაშე გვყავს და კიდევ რამდენიმეს დამატებაც გვსურს, რადგან უმაღლეს ლიგაში აუცილებლად უნდა გადავიდეთ.
- საკრებულოს წევრებისადმი პატივისცემის მიუხედავად, გუნდის ხელმძღვანელს ფეხბურთში არც ისე კარგად ჩახედული ადამიანები რატომ ირჩევენ?
- ეს გუნდი საკრებულოს ეკუთვნის, ის აფინანსებს და ცხადია, რომ დირექტორსაც დეპუტატები ნიშნავენ. არჩევნებამდე მათ კონსულტაციები გაიარეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"