ზაზა ურუშაძე ზვიად სიჭინავას ბოდიშის მოსახდელად დაურეკავს

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის მკითხველებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ 27 ივლისს ლანჩხუთში გამართულ ადგილობრივი გუნდისა და კიევის "დინამოს" ვეტერანთა შეხვედრაში მონაწილეობა 80-იანი წლების "გურიის" წევრებიდან მხოლოდ მალხაზ მახარაძემ მიიღო.

"ლელოსთან" საუბარში რამდენიმე ვეტერანმა განაცხადა, რომ არავის დაუპატიჟებია. განსაკუთრებით უკმაყოფილება გამოხატა ოთარ კორღალიძემ.

"აღარ მიხსენონ "გურია", უნამუსოები არიან! მე არ ვიყავი ღირსი ამ თამაშში დავეძახებინე? თემურ ჩხაიძეს დავურეკე, ჩემი მეგობარია და მას ვკითხე, რა ხდებოდა. მან მითხრა, რომ თავად არ ერევა არაფერში. თუ მაჟორიტარი არ ერევა, აბა ვინ ერევა და ვინ წყვეტს ამას?"
- გვითხრა "გურიის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

"ლელოში" გამოქვეყნებულ წერილებს დიდი რეზონანსი მოჰყვა სოციალურ ქსელშიც. აბსოლუტური უმრავლესობა ორგანიზატორებს უწუნებს იმ ფაქტს, რომ იმ დიდი "გურიის" წევრებმა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დავით უგრელიძე ყოველივეს გამგებლის პირად ინტერესებს უკავშირებს.

ლანჩხუთის გამგეობის ოფიციალურმა ვებგვერდმა 30 ივლისს გაავრცელა "გურიის" დირექტორის, კობა მირზაშვილის კომენტარი.

"როცა ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებს ვაგვარებდით, გამგებელმა მთხოვა ყველა იმ ფეხბურთელისთვის დამერეკა და დამეპატიჟებინა, ვინც ოდესმე "გურიაში" თამაშობდა.

პირადად ვესაუბრე გია გილიგაშვილს, რომელიც თბილისში არ იმყოფებოდა, ვესაუბრე გიგლა იმნაძეს, რომელმაც მადლობა გადამიხადა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ჩამოსვლა.

რამდენჯერმე დავურეკე დავით უგრელიძესა და მერაბ თევზაძეს, მათ ჩემს ზარებს არ უპასუხეს.

ამჟამად ლანჩხუთში არ ვიმყოფები, როცა ჩამოვალ ყველა იმ შეკითხვას გავცემ პასუხს, რაც ლანჩხუთის "გურიას" ირგვლივ არსებობს"
- აცხადებს დირექტორი.

30 ივლისს გავრცელდა ზაზა ურუშაძის კომენტარიც, რომელშიც ის "გურიის" ვეტერანების ბრალდებებს პასუხობს.

"მრავალი ფაქტორია, მე ვიცი მხოლოდ, რაშიც იყო საქმე. ისე, ყველა მხრიდან ხელის შეშლა იყო.

მაგაზე საუბარი არ მინდა, იმიტომ, რომ ეს კიდევ აჟიოტაჟს გამოიწვევს. მატჩზე შემიძლია ის გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან კარგი ღონისძიება.

უკრაინულ პრესაში დიდებულად გაშუქდა ეს ყველაფერი. დიახ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სტუმარი, რომელიც აქ ჩამოვა და ეს სპორტთან და ფეხბურთთან იქნება დაკავშირებული, რაიონს და ლანჩხუთს წაადგება.

რატომღაც ამ ჩამოსვლამ სულ სხვა რეაქცია გამოიწვია, არაფერი არ მომხდარა. მშვენივრად იყო ყველაფერი და ძალიან ლამაზადაც. ვინმეს გვერდი შევაქციეთ? პირიქით, ყველას ჰქონდა უფლება, ამ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა.

პირადად ჩემთან არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია. ვისთანაც კავშირი მქონდა, ყველას შევეხმიანე. როგორც ვიცი, კობა მირზაშვილიც.

ზოგმა ყურმილი არ აიღო, ზოგმა ქალაქიდან გავდივარო. სხვათა შორის, კობამ სახელი და გვარები დამისახელა, ვინც ზარს არ უპასუხა. კაცს რომ ათჯერ დაურეკავ და ერთხელ ყურმილს არ აიღებს, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ფაქტობრივად, თითქმის ყველა ვეტერანს შეეხმიანა, როგორც მან მითხრა.

ჩვენ დაძალებით ვერავის ვერაფერს დავაძალებდით. ზოგიერთი ვეტერანი ვიცი, რომ ავად იყო და ვერ ჩამოვიდა.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველა ვეტერანი ჩამოსულიყო. სხვათა შორის, 10 დღით ადრე დავიწყეთ მათი გაფრთხილება.

საქმის კურსში იყო დეპუტატი თემურ ჩხაიძეც. ცალკე თემური ეუბნებოდა, ცალკე კობა და მეტი რა გვექნა? ძალით ჩვენ ვერავის მოვიყვანდით."
- აცხადებს გამგებელი.

მან თამაშის დღეს ადგილობრივ მედიასთან საუბარში ზვიად სიჭინავას დაუპატიჟებლობა იმით ახსნა, რომ სფფ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობა არ ჰქონია.

ახლა იგი მზად არის, რომ სიჭინავას ბოდიშიც მოუხადოს.

"სიმართლე გითხრათ, პირადად სიჭინავას არ დავლაპარაკებივარ, მასთან საუბარი არ მქონია. არც პირადად ვიცნობ.

მე დაველაპარაკე სპორტის მინისტრს და ვთხოვე, რომ დასწრებოდა ამ თამაშს. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას სიჭინავას რახან არ ვიცნობ, იმიტომ არ დავპატიჟე.

რამდენიმეს მე თავად შევეხმიანე და კლუბის პრეზიდენტიც გავაფრთხილე, რომ ვინც კი იყო ფეხბურთთან დაკავშირებული, ყველა დაეპატიჟებინა.

პირადად მე უნდა მომეწვია, ალბათ. სიჭინავას დავურეკავ და შეიძლება ბოდიშიც მოვუხადო. კი არ გამომრჩენია, უბრალოდ, კომუნიკაცია არ შედგა და მე ვისაც ვთხოვე, მეგონა, ყველა ეს ადამიანი გაფრთხილებული იყო და ამიტომაც მოხდა ასე.

პირადად, მე ზვიად სიჭინავასთან მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 3 ათასი ცალი სკამი გამოგვიგზავნა. ჩვენ ფედერაციასთან მყარ ურთიერთობას ვაპირებთ.

ჩემი აზრით, დღეს ლანჩხუთის "გურიას" გვერდში დგომა სჭირდება და არა ეს ხმაური. ისე მინდა ყველამ იცოდეს, ლანჩხუთის "გურია" მარტო ჩემი და თემურ ჩხაიძის კუთვნილება არ არის, ეს კლუბი მთელი ქვეყნის სიამაყეა, დღეს კლუბს როცა უჭირს, იქნებ ერთი კაცი დამისახელოთ, ვინც დამირეკა და გამამხნევა. "
- აცხადებს გამგებელი.

როგორც ხედავთ, მისი და ვეტერანების მოსაზრებები განსხვავებულია. ჩვენ აქ მტყუან-მართალს ვერ გავარკვევთ, ერთი რამ ცხადია - მომხდარმა ფაქტმა მართლაც ლამაზი საფეხბურთო შოუ ერთგვარად მაინც გააუფერულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პოლიტიკური ფეხბურთი: უარი სფფ-ს, გრფფ-სა და 80-იანი წლების "გურიის" წევრებს
გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
სუფთა აფერისტი!
0
ესენი ეგრე იძახიან ეხლა ყველას ვეპატიჟებოდითო მაგრამ რეალურად რა იყო ვინ გაიგებბს მაგას. კორღალიძე და ა.შ ეგეთი ხალხი რო არი იქნებიან სირცხვილია ხალხო სირცხვილიი. რატო უნდა თქვას ადამიანმა აგურიის და ლანჩხუთის ხსენება არმინდაო ეგ სირცხვილი არარის როცა ადამიანმა ამდენი ხანი გაატარა გურიაში, ეგ იყო არასერიოზული დაგეგმილი თამაში. სიჭინავა არიყო პრეზიდენთი რა რავიცი , ცხვარე და 20-იანზე ხოარ თამაშობთით რაუბედურებაა. გურიაში გაგრძელდება მსგავსი ტიპის ქმედებები და უპატივისმცელობა და ერთ მშვენიერ დღეს გულშემატკივრები ამოვიღებთ ხმას და მერე ვნახავთ ვინ ვინაა....
tadei
16:17 02-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული