ლანჩხუთში 27 ივლისს გამართული "გურიისა" და კიევის "დინამოს" ვეტერანთა მატჩის ირგვლივ ატეხილი სკანდალი არა და არ ცხრება.
80-იანი წლების "გურიის" წევრები ორგანიზატორებს ადანაშაულებენ, თავის მხრივ, ოფიციოზი ხელს ვეტერანებისკენ იშვერს - ზოგმა ტელეფონზე არ გვიპასუხა, ზოგმაც ჩამოსვლა ვერ შეძლოო.
სულ უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც საფეხბურთო შოუზე დაპატიჟებას ელოდნენ.
ჩვენ გამოვაქვეყნეთ და შემდგომშიც გაგაცნობთ ორივე მხარის პოზიციას. პირველი გამოხმაურება მოვიდა უკრაინიდანაც, რომელსაც გამგეობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"შთაბეჭდილებები მრავალფეროვანია. ადამიანები - შესანიშნავი. ქართველები გულღია,
ქვეყანა, სამწუხაროდ, დანგრეულია. დასანანია, რომ ასეთ შესანიშნავ ადამიანებს ამ პირობებში უწევთ ცხოვრება - ისინი ბევრად მეტს იმსახურებენ.
რაც შეეხება ლანჩხუთის "გურიას", ჩვენ ვეთამაშეთ ვეტერან ფეხბურთელებს. გუნდის დღევანდელ შემადგენლობაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ფაქტია, რომ ფეხბურთს, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანას, განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება.
აუცილებელია, აშენდეს კარგი სტადიონები, განვითარდეს ინფრასტრუქტურა და ა.შ. მაგრამ თუ ქვეყანაში არ იქნა აღმავლობა, ისე ფეხბურთი ვერ განვითარდება.
საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ვარ ნამყოფი. ძალიან მინდა, რაღაც დროის შემდეგ კვლავ ჩამოვიდე თქვენს ქვეყანაში და დავინახო, როგორ შეიცვლა ბევრი რამ უკეთესობისკენ.
ქართველ ხალხს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას!" - წერს კიეველთა მეკარე სვიატესლავ სიროტა.
მეტად საინტერესო კომენტარი ვრცელდება ლანჩხუთის გამგებლისგანაც, რომელიც "ლელოს" მიერ ზვიად სიჭინავასთან ჩაწერილ ინტერვიუს ერთგვარად ეჭვქვეშ აყენებს.
ზაზა ურუშაძე აცხადებს:
"ითქვა ისიც, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა თითქოს (თითქოს?! აკი არ მაქვს ურთიერთობა და არ მოვიწვიეო? მერე კი, დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდიო?! - ავტ) არ გვყავდა მოწვეული.
ახლახან ტელეფონით ვესაუბრე მას და გაირკვა, რომ იმ დღეს საქართველოში არ იმყოფებოდა (არადა, ჩვენ რომ ვესაუბრეთ თამაშის დღეს, საქართველოში იყო...
ვერ გეტყვით, პრეზიდენტმა უხერხულობა ააცილა გამგებელს და უწყინარი ტყუილი უთხრა, თუ ბატონი ზაზა იცილებს უხერხულობას და თავად იტყუება "უწყინრად", მაგრამ ფაქტია - იყო თუ არა საქართველოში, ამას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს! ეს ხომ მერე გამოჩნდა! თან სფფ-ს პრეზიდენტს მობილურით არ პატიჟებენ - ფეხბურთის ფედერაციაში უნდა მისულიყო მიპატიჟება, ესაა წესი! ეს წესები კი ბატონმა ზაზამ, ვფიქრობ, სხვებზე უკეთ იცის - ავტ).
ბატონი ზვიადი პირიქით, შეწუხებულია პრესაში გამოქვეყნებული მასალებით.
მითხრა, არ ვიცი, რა წერიაო... (საინტერესოა, ბატონი ზვიადი დაუპატიჟებლობამ შეაწუხა, თუ გაზეთებში დაწერილმა? ან თუ არ წაუკითხავს, როგორღაა დაწერილზე შეწუხებული? - ავტ).
ასეთი ღონისძიებები მისასალმებელია, ის ხელს უწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებასო" (ბატონი ზაზა მოსაბოდიშებლად დარეკვას აპირებდა და ისე გამოჰყავს, "იქით მოუხდია" ბოდიში ბატონ ზვიადს - კიდე კაი, რომ არ დამპატიჟე, თორე აქეთ არ ვიყავი და "რაიონული მასშტაბით" ხო შევრცხვებოდიო? - ავტ).
ახლა კი კიდევ ერთი განაწყენებული ადამიანის პოზიცია. ლანჩხუთურ შეხვედრაზე არ დაპატიჟეს ევგრაფი შევარდნაძის - იმ ადამიანის ოჯახი, რომელმაც ლანჩხუთის ფეხბურთში მთელი ეპოქა შექმნა!
ლანჩხუთში ხომ დღესაც ასეა: ამბობენ "გურიას", გულისხმობენ ევგრაფი შევარდნაძეს და პირიქით.
თამაშიც ხომ სწორედ მისი სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც დღესაც ნახავთ სკამ-რელიკვიას, რომლიდანაც ბატონი ევგრაფი თვალყურს ადევნებდა საფეხბურთო მატჩებს.
რა თქმა უნდა, ყველაფერს გამგებელს ვერ დააბრალებ, მან მთავარი მოახერხა - კიევის "დინამო" ჩამოიყვანა, მაგრამ იმ ხალხს მაინც უნდა გახსენებოდა შევარდნაძეების ოჯახი, ამ ორიოდე თვის წინ სახლი რომ "აუტალახეს" გურიის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მხარდასაჭერად.
აი, რა გვითხრა სოფო შევარდნაძემ:
- ძალიან განაწყენებული ვარ. ჩვენი ოჯახი მაგის ღირსი არ იყო! ფეხბურთში და გუნდის ირგვლივ უცოდინარმა ხალხმა რომ მოიყარა თავი, ამის ბრალია ეს ყველაფერი.
როდის ყოფილა, ლანჩხუთში რაიმე საფეხბურთო ღონისძიება ჩატარებულიყო და ჩვენი ოჯახი დაკლებოდა?!
მართალია, ინვალიდის ეტლში ვზივარ, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის "გურია" იმდენად შეუფასებელი რამეა, აუცილებლად ჩამოვიდოდი! როგორც ჩანს, აღარ ახსოვთ მამაჩემის და ჩვენი ოჯახის ღვაწლი...
- ეს ასე არაა, ქალბატონო სოფო, ლანჩხუთელებს ევგრაფი შევარდნაძე არ და ვერც დაავიწყდებათ, ამაზე არ ინერვიულოთ...
- როგორ არ ვინერვიულო, როცა არაფრად ჩაგაგდებენ?! უნამუსოები არიან, ასე გადაეცით ჩემგან. აწი ჩემს ოჯახში ფეხს ვეღარ მოდგამენ. ისეთ რამეს გავაკეთებ, შერცხვებათ მაგ უნამუსოებს! ძალიან ნაწყენი ვარ და ამას ვერ ვმალავ!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზაზა ურუშაძე ზვიად სიჭინავას ბოდიშის მოსახდელად დაურეკავს
პოლიტიკური ფეხბურთი: უარი სფფ-ს, გრფფ-სა და 80-იანი წლების "გურიის" წევრებს
გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]