ქართული სატრანსფერო ბაზარი: რამდენად შეიძინა "დინამომ" პატრიკ ვუო?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და უკვე პირველი ტურიც მოვილიეთ, სატრანსფერო "ფანჯარა" კვლავ ღიაა და მის დახურვამდე საკმაო დროა დარჩენილი.

უკვე შეგვექმნა მეტ-ნაკლები წარმოდგენა, თუ ვინ როგორ გამოიყენა შესვენება და რა მდგომარეობაში შეხვდა ახალ სეზონს.

გუნდებში საინტერესო ცვლილებები მოხდა, უმრავლეს მათგანში - რადიკალურიც. მიუხედავად ამისა, რაც უნდა უცნაურად გეჩვენოთ, წლეულს სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული გარიგებები არ განხორციელებულა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტი".

მოდით, ფაქტებით ვიმსჯელოთ. მაგალითად, თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოდან" საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მოთამაშე შეიძინა
- მეკარე ომარ მიგინეიშვილი და ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი, "ვიტ ჯორჯიიდან" ერთ-ერთი საკვანძო მცველი - დავით ხურცილავა, რუსთავის "მეტალურგიდან" ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გიორგი მიქაბერიძე, ხოლო რამათ-განის (ისრაელი) "ჰაპოელიდან" - რუმინელი შემტევი დორინ გოგა.

თუმცა ამ ხუთივე გარიგების გასწვრივ, "ტრანსფერმარკტში" მითითებულია, რომ განხორციელდა თავისუფალი ტრანსფერები.

ერთადერთი, "დინამომ" თანხა გადაუხადა ლიმასოლის (კვიპროსი) აელ-ს, როცა 26 წლის ცენტრფორვარდი პატრიკ ვუო შეიძინა. იმავე "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, საქართველოს ჩემპიონს ეს ფეხბურთელი 220 ათასი ევრო დაუჯდა.

შედარებისთვის ვიტყვით, რომ გასული სეზონის ტრანსფერებშიც სულ სამ გუნდს ჰქონდა ფინანსური აქტივობა - "დინამოს", გორის "დილასა" და "ზესტაფონს", საიდანაც საერთო შემოსავალმა 1 408 000 ევრო შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ - 924 ათასი, რადგან ერთი ტრანსფერი უშუალოდ საქართველოში განხორციელდა.

ზემოთ დასახელებული სამი კლუბიდან ყველაზე მეტად "ზესტაფონმა" იხეირა, რომლის ბიუჯეტიც 616 ათასი ევროთი შეივსო. მამუკა კობახიძის იჯარაში ვლადიკავკაზის "ალანიამ" ზესტაფონელებს 264 ათასი ევრო გადაუხადა, თბილისის "დინამომ" კი ჯაბა დვალის ტრანსფერში - 352 ათასი ევრო (დაახლოებით 470 ათასი დოლარი).

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გამოდგა და ამით "დინამომ" საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - 1997 წელს ქუთაისის "ტორპედოდან" მიხეილ აშვეთიას გადაბირებაში 350 ათასი დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება "დილას", გორელთა სატრანსფერო შემოსავალმა 660 ათასი ევრო შეადგინა. დანიურმა "ორჰუსმა" მათე ვაწაძეში 264 ათასი ევრო გადაიხადა, ხოლო "ალანიამ" შოთა გრიგალაშვილში - 396 ათასი ევრო.

მაგრამ ამავე დროს, "დილამ" გოგიტა გოგუას სანაცვლოდ "დინამოს" 132 ათასი ევრო გადაუხადა და ბიუჯეტში მხოლოდ 528 ათასი ევრო დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თანხებია,თავბრუ დაგეხვევა....
giorgi
17:03 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული