გიორგი დევდარიანი: თავისუფლების მოყვარული კაცი ვარ

AutoSharing Option
არავინ იცის, მოხვდება თუ არა გორის "დილა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ გიორგი დევდარიანმა კარგი გუნდი რომ შექმნა, ფაქტია - "დილამ" რიგიანი თამაში გვიჩვენა, ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ახლა პლეი ოფში ვენის "რაპიდთან" მოუწევს შეხლა...

"ლელოს" სტუმარი სწორედ გიორგი დევდარიანი გახლავთ, "დილას" მთავარი მწვრთნელი, ვისაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უმუშავია, უმაღლეს ლიგაში კი თავის დროზე "თბილისი" და "დინამოც" გაუწვრთნია.

მწვრთნელმა დევდარიანმა საკუთარი თავი თერთმეტი წლის წინათ, "თბილისში" შექმნა და მას შემდეგ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სპეციალისტად ითვლება.

ავსტრიელებთან პირველი მატჩი "დილას"
ვენაში 22 აგვისტოს აქვს გასამართი, მანამდე კი, 17 აგვისტოს, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის "დინამოს" ეთამაშება.

დევდარიანთან საუბარიც აქედან დავიწყეთ...

- უახლოეს მომავალში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გელით და როგორ აპირებთ ძალების გადანაწილებას?
- დავეკითხე ამ საქმის სპეციალისტებს, კომპეტენტურ ხალხს და მითხრეს, თუ როგორ აჯობებდა ძალების გადანაწილება. ზუსტად ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ამ ხალხის რჩევებს გავითვალისწინებ.

რა თქმა უნდა, "დინამოსთან" თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე მეტი ყურადღება "რაპიდთან" მატჩზე გვაქვს გადატანილი.

- ევროპული გუნდები ყოველ მეოთხე დღეს თამაშობენ და ფეხბურთელები ასეთ რიტმს უპრობლემოდ ეგუებიან. რატომ არ შეიძლება, რომ ქართულმა გუნდმაც ითამაშოს ასეთი გრაფიკით?
- ქართულ გუნდსაც შეუძლია ყოველ ოთხ დღეში ითამაშოს, მაგრამ როცა სეზონისთვის მზადებას სამი კვირით ადრე იწყებ, ეს საქმეს ართულებს. ერთი სიტყვით, მომზადების დონეშია სხვაობა.

- "რაპიდი" კარგად გყავთ შესწავლილი? ამ გუნდის მატჩების ვიდეოჩანაწერები ნახეთ?
- ახლახან "რაპიდის" სამი მატჩის ვიდეოჩანაწერი მოვიპოვეთ და ამ მასალას ყურადღებით შევისწავლით. ვენაში 17 აგვისტოს ჩავალ, მეორე დღეს "ადმირა"-"რაპიდის" შეხვედრას დავესწრები, ჩვენი გუნდი კი ვენაში 19 აგვისტოს ჩავა.

ევროპული გუნდები იშვიათად ცვლიან ხოლმე სათამაშო სისტემას, თუმცა სიურპრიზებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

- ეს "დილა", ასე ვთქვათ, შეკოწიწებული გუნდია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგი ფეხბურთელი იმ პირობით დათანხმდა "დილაში" თამაშზე, რომ ევროსარბიელის შემდეგ ეგრევე დატოვებდა გუნდს. არ იქნება დასანანი ასეთი გუნდის დაშლა?
- ამ გუნდის დაშლა მეც დამენანება, თუმცა ფეხბურთელებისაც მესმის. ახლა სიტუაცია ისეთია, რომ დეკემბრამდე არავინ აპირებს "დილას" დატოვებას, არადა, მართლა იყო მოთხოვნა ჩვენს ფეხბურთელებზე. "ოლბორგსა" და "ჰაიდუკთან" წარმატებებით დადებითი მუხტი დაგროვდა, "დილაში" ძალიან კარგი ატმოსფეროა - როგორც სამუშაოდ, ისე ადამიანური ურთიერთობებისთვის.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ "დილაში" ჯანსაღი კონტინგენტი შეიკრიბა. საკუთარ საქმეზე შეყვარებულ ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი.

- ირაკლი მოდებაძეს ტვინის შერყევა აქვს, ვერ ითამაშებს "დინამოსთან" და ვერც 22 აგვისტოს "რაპიდთან", რატი ალექსიძეს კუნთი აწუხებს... ცენტრფორვარდის პოზიციაზე სხვა გამოცდილი მოთამაშე "დილას" არ ჰყავს. გამოსავალი უკვე ნაპოვნი გაქვთ?
- თუ რა გამოსავალი მოვძებნეთ, მოდით, ამას ჩემთვის დავიტოვებ. მინდა, რომ ეს მოულოდნელი იყოს "დინამოსთვის".

- რომელიმე პოზიციაზე არ აპირებთ გაძლიერებას?
- კარგ თავდამსხმელზე არ ვიტყოდი უარს. არაერთი ფეხბურთელი შემოგვთავაზეს, მაგრამ მათზე სრული ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი, ამ ეტაპზე როგორ ფორმაში არიან. ამიტომ ვცდილობთ, ისევ იმ მოთამაშეებს დავეყრდნოთ, ვინც ამ დროისთვის გვყავს.

- ტაქტიკას უფრო რა კრიტერიუმით არჩევთ? სამი ცენტრალური მცველით თამაშობთ, სამი სწრაფი ფეხბურთელი გყავთ მარჯვენა ფლანგზე - კახა ალადაშვილი, თემურ ღონღაძე და გრიგოლ დოლიძე...
- ტაქტიკას ჩვენი კონტინგენტიდან და მოწინააღმდეგიდან გამომდინარე ვირჩევ. უცხოურ გუნდებში ასეა - რომელი მწვრთნელიც უნდა მივიდეს გუნდში, ცდილობენ, არჩეულ გეზს არ გადაუხვიონ. არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ სამი ცენტრალური მცველიდან რომელიმე არ გამომეყენებინა.

მარჯვენა ფლანგს რაც შეეხება, "ჰაიდუკთან" სტუმრად დოლიძე მარცხნიდან რომ ვათამაშეთ, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ახლა უკვე ირაკლი მაისურაძე დავიმატეთ, კონკურენციამაც მოიმატა და იმედია, იძულებითი ნაბიჯები აღარ დაგვჭირდება.

ისე, სამივე მარჯვენაფლანგელის ერთდროულად გამოყენებაც არ არის გამორიცხული.

- ნუკრი რევიშვილზე, ალბათ, ცალკე უნდა ითქვას...
- მანამდე რევიშვილს ახლოს არ ვიცნობდი. "დილაში" ტრავმის, დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ მოვიდა და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მალე მოახერხებდა ასეთ კარგ ფორმაში შესვლას. რევიშვილი დღითიდღე უმატებდა. ამ ფეხბურთელის და პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, ასეთები "დილაში" კიდევ ბევრნი არიან.

წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა სწორედ პიროვნული თვისებებია, ამ ყველაფერს კი დანახვა და ნდობა სჭირდება - ფეხბურთელებთან საჯარიმო სანქციების ენაზე ურთიერთობას თავისუფალი, ლაღი ურთიერთობა მირჩევნია. მათი ნახვა მიხარია. ვარჯიშზე ისე მივდივარ, როგორც საკუთარ სახლში.

- მაინც რა შანსს უნდა ჩაეჭიდოს "დილა" "რაპიდთან"?
- ჩვენ და "რაპიდს" სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ საფეხბურთო კანონების დარღვევა შესაძლებელია. "რაპიდთან" პირველ შეხვედრაში ფრითაც კმაყოფილი ვიქნები.

- სტუმრად "ოლბორგთან" და "ჰაიდუკთან" ორივე შეხვედრაში ჩაკეტილი თამაში აირჩიეთ. ჩვენთან რატომღაც სხვანაირად ესმით ჩაკეტილი თამაშის არსი. ზოგს ჰგონია, გუნდი დაცვაში რომ ზის და შეტევაში ორი-სამი ფეხბურთელით გადადის, ეს არის ჩაკეტილი თამაში, ანუ ის, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს. "დილა" კი კონტრშეტევას ხუთი-ექვსი ფეხბურთელით გაშლის ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის "დილას" წარმატების გასაღები?
- რა თქმა უნდა, დაგეგმილი გვაქვს, თუ რამდენიმე ფეხბურთელით უნდა გადავიდეთ კონტრიერიშზე და გადმოვარდნილ ბურთზე რა ძალებით უნდა ვიბრძოლოთ.

- "დინამოსთანაც" კონტრშეტევებზე ააწყობთ თამაშს?
- "დინამოს" პატივს ვცემ, როგორც მწვრთნელი. რევანშის აღება მსურს, მაგრამ საკუთარ ინტერესებს გუნდისაზე წინ ვერ დავაყენებ. "დინამოსთან" მატჩი "რაპიდთან" თამაშისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე მთავარი მაინც "რაპიდთან" მატჩებია.

- "დინამოს" მწვრთნელი დიდი ხნით არ ყოფილხართ, თუმცა, ალბათ, მნიშვნელოვანი იყო ამ გუნდში გატარებული პერიოდი. დაგვეთანხმებით, "დინამოდან" საკუთარი ნებით არავინ მიდის...
- "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ - ჩვენ გვჭირდები და მოდი, იმუშავეო. "დინამოში" მუშაობისას ჩემში გამოუყენებელ რესურსს ვგრძნობდი, არაფერი დამიკლია საქმისთვის. გულნატკენი საკუთარ თავზე დავრჩი...

ალექს გარსიას მიერ დაწყებულ საქმეს არ გადავუხვიე, რადგან მიმაჩნია, რომ სტრატეგიის ხშირი ცვლა გუნდისთვის კარგი არ არის. გარსიამ 4-3-3 სქემა დაამკვიდრა, მაგრამ "დინამოს" ფეხბურთელთა მაშინდელი კონტინგენტი არ იყო მორგებული ამ სქემაზე.

- "ჰაიდუკთან" თბილისურ მატჩში სტადიონი არ გავსებულა, არცთუ ბევრი მაყურებელი მოვიდა - ამაზე რას იტყოდით?
- მაყურებელი სტადიონზე კარგ თამაშს მოჰყავს. აქამდე მაყურებელს არ გააჩნდა ნდობა და სტადიონზე ძალიან ბევრი ქომაგი რომ არ მოვიდა, არც მიკვირს და არც მწყინს. ახლა კი, ვფიქრობ, უკვე არის იმის საფუძველი, რომ "დილას" უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი.

- მწვრთნელს კარიერის აწყობა ნაკრები გუნდებიდანაც შეუძლია და კლუბიდანაც - სხვადასხვა სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო სად ხედავთ საკუთარ თავს?
- ფრთების გაშლა იქ შემიძლია, სადაც მაქსიმალურ ნდობას ვიგრძნობ, თავისუფლების მოყვარული კაცი ვარ.

- "დილაში" არაერთმა ფაქტორმა შეგიწყოთ ხელი, მათ შორის იმან, რომ კარგი ფეხბურთელების თავმოყრაში ხელი არ შეგიშალეს...
- ლევან სილაგაძეს დადებით როლზე აუცილებლად უნდა ითქვას. მამუკა ჯუღელმა მართლაც ყველანაირად შეგვიწყო ხელი. მადლობელი ვარ ზვიად შერმადინის და გორის მთელი მუნიციპალიტეტის. გიორგი ტუღუში, ივანე ლუცენკო, რამაზ სოღოლაშვილი - რომ არა კარგი სამწვრთნელო შტაბი, რიგიანი საწვრთნელი პროცესი ვერ გვექნებოდა და მათაც დიდ მადლობას ვუხდი. მადლობელი ვარ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსიც", რომელმაც ბევრი რამ მომცა სამწვრთნელო კარიერისთვის.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გიორგი აბურჯანიას გარეშე ითამაშა. არადა, "დილას" ამ ცენტრალურმა ნახევარმცველმა ევროსარბიელზე საკმაოდ დამაჯერებლად წარმოაჩინა თავი - როგორ ფიქრობთ, ის უკვე არის მზად ახალგაზრდულ ნაკრებში სათამაშოდ?
- პროცესის დაჩქარება სწორი არ იქნება. აბურჯანიამ და მიხეილ გორელიშვილმა ორი სრულფასოვანი შეკრება რომ გაიარონ, მზად იქნებიან დიდი ამოცანების გადასაჭრელად. ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად გორელიშვილი და აბურჯანია "ოლბორგთან" და "ჰაიდუკთან" უპრობლემოდ გაერკვნენ ყველაფერში და დიდი საქმეც გააკეთეს.

- თქვენს ხელში დაწინაურდნენ გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც უკვე "ვიტესის" სასტარტოში თამაშობენ, თუმცა იყო პერიოდი, როცა ამ გუნდის ძირითად შემადგენლობასთან ახლოს არ იყვნენ - რას გვეტყოდით ამ ყველაფერზე?
- მათ მიიღეს გარკვეული გამოცდილება და შეიცვალა საქმისადმი დამოკიდებულებაც. ჰოლანდიაში წასვლამდე ისინი დამოუკიდებლად ცხოვრებას არ იყვნენ მიჩვეულები. ევროპაში ფეხბურთელს არავინ ამოწმებს და არ აკონტროლებს. ალბათ, რაღაც დაირღვა, მერე კი სწორი დასკვნები გამოიტანეს. მიხარია, რომ ისინი ახლა კარგ კონდიციაში არიან, თან გვერდში ისეთი პროფესიონალი უდგათ, როგორიც გურამ კაშიაა.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ "დილას" გულშემატკივრებთან?
- მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო გიორგი ღვთისნიერ კაცი ხართ და უფალი თქვენტანაა, იხარეთ და იდღეგრძელეთ მიყვარს თავდაბალი ხალი და წარმატების ერტერთი ფორმულაც სწორედ ესააა
bibo
16:46 14-08-2013
0
მაგარი კაცი
წარმატებები ცქიფოს და ბიჭებს
messi001
17:54 14-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული