ნიჭიერთა ავან-ჩავანი: ილურიძე, გორელიშვილი, კობახიძე, პაპავა და სხვები

AutoSharing Option
ქართულ გუნდებს წლევანდელ ევროსარბიელზე გამოსვლა არ დაუსრულებიათ, თუმცა ამ ევროთამაშებმა ბევრი საინტერესო რამ დაგვანახვა, მაგალითად, საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები...

გორის "დილას" წარმატებები ყველამ ყბად იღო. 21 წლის გიორგი ილურიძე უკვე ვარსკვლავივით თამაშობს გიორგი დევდარიანის გუნდში.

"დილას" გაუმართლა, რომ მამუკა ჯუღელმა ცხრა მთას იქით არ გააქანა ეს ნიჭიერი თავდამსხმელი. ზოგს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ჯუღელმა კეთილი ნება გამოიჩინა და ამიტომ არ წაჰგვარა ილურიძე "დილას". შესაძლოა, ასეც იყო, თუმცა ჯუღელი გამოცდილი მენეჯერია და, როგორც მენეჯერი, ისიც იზრდება.

"ვოლგა", "კრასნოდარი", "ანჟი" თუ "სკა ენერგია" ისეთია,
ფულს რომ გაშოვნინებს, მაგრამ მოთხოვნები იზრდება, რადგან სამყარო განვითარებას ვერ შეწყვეტს.

ილურიძე დღეს უკვე კარგად რეკლამირებული ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირზეც გამოიჩინა თავი. ასეთი მოთამაშე კი უფრო ძვირად ფასობს სატრანსფერო ბაზარზე, ვიდრე უწინდელი ილურიძე, ვისაც ჯერ "დილას" ძირითადში არ ჰქონდა ფეხი მყარად მოკიდებული.

რა თქმა უნდა, 20 წლის შემტევი მიხაილ გორელიშვილიც წლევანდელი ევროასპარეზის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო გახდა სატრანსფეროდ.

მამუკა კობახიძე წლების განმავლობაში ითვლებოდა პერსპექტიულ მცველად, თუმცა ვერც "ზესტაფონში" და ვერც ვლადიკავკაზის "ალანიაში" ვერ ახერხებდა ისე გახსნას, რომ მისი ეფექტური თამაში გვენახა. ახლა კი ის უკვე შემდგარი ფეხბურთელია, ვისაც საერთაშორისო მატჩებშიც დაეყრდნობი - შეუპოვარი და აგრესიული, გონიერი და ტექნიკური; თუ საჭირო გახდა, მეტოქის ნახევარზეც გადავა შეტევაში ჩასართველად.

კობახიძე უკვე სტრატეგიულად საინტერესო მცველიც კი გახდა - ფაქტია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაცვაშიც აქვს სერიოზული პრობლემები და არა მგონია, მომდევნო შესარჩევ ციკლში ეროვნულ გუნდს იმავე შემადგენლობის დაცვა ჰყავდეს. კობახიძეს 23 აგვისტოს შეუსრულდება 21 წელი.

...და სად წავლენ ეს ფეხბურთელები გორის "დილადან"? რაც უნდა წარმატებულად გააგრძელოს სვლა გუნდმა ევროპალიგაზე, ამ სამეულთან (ილურიძე, გორელიშვილი, კობახიძე) განშორება მაინც მალე მოუწევს - ცხადია, პროგნოზი საკამათოა, მაგრამ მაინც ასე მგონია.

"ვოლგა", "კრასნოდარი", "სკა ენერგია", "ალანია" - ვინაიდან ამ ახალგაზრდებმა უკვე გამოიჩინეს თავი ევრომატჩებში, იმის ვარაუდის უფლებაც გვაქვს, რომ ასეთ გუნდებში არ მოხვდებიან. უკვე დადგა ის მომენტი, რომ ჯუღელსაც და ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც მეტი მოეთხოვებათ.

გია ცეცაძემ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ წაიყვანა გიორგი აბურჯანია, არადა, "დილას" საყრდენი ნახევარმცველი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა "ოლბორგთან" ორივე შეხვედრაში. ამ ნახევარმცველს ქართული საფეხბურთო მილეთი ადრეც იცნობდა, ახლა კი უფრო დარწმუნდა მის შესაძლებლობებში.

"სტიაუასთან" საგარეო შეხვედრაში ძალიან სასიამოვნო იყო გიორგი პაპავას გაბედული თამაში. დინამოელი პაპავა 20 წლის გახლავთ, ახმახი, ღონიერი და ალღოიანი ნახევარმცველია, ზონებს კარგად და დროულად ავსებს, ბურთის ფლობაც იცის და ორთაბრძოლაში შესვლაც.

არ ვიცი, რას ფიქრობს მასზე დუშან უჰრინი, გარედან კი ისე ჩანს, რომ მალე უნდა გახდეს "დინამოს" ხერხემალი. როცა დევდარიანი იყო "დინამოს" თავკაცი, ერთხელ თქვა კიდეც - "დინამოს" ზოგიერთ ლეგიონერს კლასით უკვე სჯობია ახალგაზრდა პაპავაო.

ახალგაზრდა ფეხბურთელის წინსვლისთვის აუცილებელია, მოხვდე კარგი მწვრთნელის ხელში და მოწესრიგებულ კლუბში. პაპავას გაუმართლა, რომ გამართულ კლუბშია, მის ყოფილ თანაგუნდელებზე კი რა მოგახსენოთ - პაპავას კბილა არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი "დინამომ" ბოლნისის "სიონში" გაანათხოვრა.

როგორც გავიგე, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების წაყვანა ერთ-ერთ მოწინავე, "სიონზე" უფრო ამბიციურ ქართულ გუნდს სურდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ქვეყნის ბობოლა გუნდი ნიჭიერ ახალგაზრდებს კონკურენტ გუნდებში არ უშვებს და ურჩევნია, ისინი ნახევრად მაჩანჩალა გუნდებში გაანათხოვროს. ასეთ დროს ბობოლა კლუბი რაღაცით მოგებული რჩება, ფეხბურთელი კი ყველანაირად წამგებიან სიტუაციაშია, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია...

ამ თვალსაზრისში ჩამოთვლილი ფეხბურთელების მომავალი მართლაც საინტერესოა, ეს ის ხალხია, ვისაც მალე ეროვნული ნაკრები უნდა დაეყრდნოს და ამის გამო ერთხელაც მიმოვიხილეთ მათი ავან-ჩავანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ილურიძე: ეტო'ოსა და კარლოსისგან ბევრი რამ ვისწავლე
მიხაილ გორელიშვილი: დედა რუსი კი მყავს, მაგრამ სისხლი თავისას შვრება
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბ-ნო ქეცბაია, წაიყვანეთ ილურიძე ნაკრებში!!
Temurika
15:12 16-08-2013
0
"დილას" გაუმართლა, რომ მამუკა ჯუღელმა ცხრა მთას იქით არ გააქანა ეს ნიჭიერი თავდამსხმელი ------ და ვინ გითხრათ რო უკვე არ ყავდა წაყვანილი? ანჟიში იყო თუ არ ვცდები 2 წელი, უბრალოდ პატარა იყო და იქ ისე ვერ გამოიჩინა თავი, ძალიან კარგი ქნა, რომ დაბრუნდა, დარწმუნებული ვარ მალე რომელიმე ტოპ ჩემპიონატში მოხვდება
saxeli
10:31 16-08-2013
0

სიახლეები პოპულარული