[ექსკლუზივი] ზვიად სიჭინავა: დგება დრო, როცა უნდა წახვიდე

AutoSharing Option
რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვერ იქნება, თუმცა დიდი წილი პასუხისმგებლობისა ამ ორგანიზაციას ეკისრება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ჩვენთან ძალიან პრესტიჟულ თანამდებობად ითვლება, იმდენად პრესტიჟულად, რომ ბოლო წლებში ყველაფერი ხელისუფლების ხელდასმით ხდებოდა.

ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა რომ უნარიანი და მუყაითი კადრია, ადრეც მითქვამს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისმა ოპონენტებმა ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების თემა წამოწიეს, თუმცა რიგგარეშე არჩევნები არ გამართულა, საფეხბურთო მილეთმა ამ აზრს მხარი არ დაუჭირა და სიჭინავაც აგრძელებს პრეზიდენტობას...

ფედერაციის პრეზიდენტს ოფისში ვესტუმრეთ და არაერთ
მნიშვნელოვან საკითხზე ვესაუბრეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პასუხობს...

- ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა რამდენიმე ფაქტორით უნდა შეფასდეს, თუმცა ჩვენთან ფედერაციის საქმიანობას უფრო ეროვნული ნაკრების შედეგებით განსაზღვრავენ. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?
- არ უარვყოფ იმას, რომ ფედერაციის მუშაობა ეროვნული ნაკრების შედეგითაც უნდა ფასდებოდეს, ოღონდ ეს ეხება იმ ფედერაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ დალაგებულ სიტუაციაში, სადაც არის ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა, სადაც არის ძლიერი და სტაბილური კლუბები, სადაც არის სულ სხვანაირი ფინანსური მდგომარეობა.

ერთი სიტყვით, როგორი დონეც არის ქვეყანაში, ფეხბურთიც ისეთივეა.

- ანუ ჩვენ იმას უნდა ველოდოთ, საქართველო როდის გახდება ძლიერი და კარგად დალაგებულ-დავარცხნილი ქვეყანა, რომ მერე ნაკრებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს?
- რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ გერმანიას და ინგლისს სხვებზე უკეთესი ჩემპიონატი აქვთ და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ქვეყნებში არსებულ სიტუაციასთან. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. სადაც არის რყევები, იქ ყოველთვის ჩნდება პრობლემები ფეხბურთშიც.

მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხიც. ყაზახეთში ფეხბურთისთვის წელიწადში ერთი მილიარდი იხარჯება, რუმინეთში უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს ერთ მილიონს აძლევენ, ჩვენთან კი, ნახეთ, რა ხდება - უმაღლესი ლიგის ზოგი კლუბის ბიუჯეტი 200-350 ათასი ლარია.

ეროვნული ნაკრები მხოლოდ ის არ არის, შეკრიბო ფეხბურთელები და ითამაშო. უაღრესად მნიშვნელოვანია, ეროვნულ ჩემპიონატში რამდენი სანაკრებო ფეხბურთელია, ისიც, ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ თუ არა სათამაშო პრაქტიკა უცხოურ კლუბებში. გვყვანან ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები, წელიწადში 50-60 მატჩს რომ თამაშობენ?

- თქვენი არგუმენტები და ფაქტები მართლაც საყურადღებოა, მაგრამ თუ ასეთი რთული ვითარებაა, სჭირდება კი საქართველოს ნაკრებს ძვირად ღირებული მწვრთნელი? კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ კუპერი საქართველოს ნაკრებს მაშინ წვრთნიდნენ, როცა ფეხბურთის ფედერაციას სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა, ეროვნული გუნდის მორიგი ძვირად ღირებული მწვრთნელი თემურ ქეცბაია კი თქვენი პრეზიდენტობის დროს დაინიშნა ამ თანამდებობაზე...
- რაც შეეხება ქეცბაიას, მასთან თანამშრომლობის სურვილი გვქონდა, პირობები კი სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა.

- ეს როგორ უნდა გავიგოთ?
- ქეცბაია დაიბარეს სპორტის წინა მინისტრთან და უთხრეს - მოგცემთ ამდენ ხელფასს და გუნდი უნდა ჩაიბაროო.

- რა ამოცანები, რა პრიორიტეტები იყო განსაზღვრული?
- პრიორიტეტები განსაზღვრული არ ყოფილა. მოლაპარაკებას მეც ვესწრებოდი, თუმცა კონტრაქტის ფინანსურ პირობებზე მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიმიღია.

- ...და ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციასთან სპორტის სამინისტროს კონსულტაციები არ ჰქონია?
- არა და მიმაჩნია, რომ არც უნდა ჰქონოდა, რადგან კონტრაქტის ფინანსური დეტალების განხილვაში ფედერაცია არ მონაწილეობდა.

- რატომ? ნაკრების მწვრთნელ ქეცბაიას კონტრაქტი ფეხბურთის ფედერაციასთან არ აქვს გაფორმებული?
- რა თქმა უნდა, კონტრაქტი ფედერაციასთან აქვს გაფორმებული, თუმცა ქეცბაია არის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მწვრთნელი და მის ხელფასს ახლაც სახელმწიფო იხდის.

- ქეცბაიას ანაზღაურება გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის მიხედვით არ იცვლება?
- არა, ხელფასის მოცულობა შედეგის მიხედვით არ იცვლება. ქეცბაიას ხელფასის თანხაში შედის ნაკრების სხვა მწვრთნელების ჯამაგირიც, კიდევ ქეცბაიას სამივლინებო ხარჯები, როცა ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად.

- კონტრაქტის ვადა როდის იწურება?
- ხელშეკრულება 2016 წლამდეა, თუმცა მე ამაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას. არა მგონია, ქეცბაიაში იყოს პრობლემა. ფაქტია, რომ კარგი ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა თავიანთ კლუბებში. ნუკრი რევიშვილის მაგალითი ავიღოთ - არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ როგორც კი "დილაში" გადავიდა და თამაში დაიწყო, მისი პოტენციალი ხელახლა ამოქმედდა და ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლოა ეროვნული ნაკრებისთვისაც.

- ეროვნულ ჩემპიონატსა და კლუბებზე გადავერთოთ. სპორტის მინისტრი დაგვპირდა - სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს და საამისო პროგრამა მალე გამოქვეყნდებაო. ფეხბურთის ფედერაციას რა ხედვა აქვს ამ საკითხზე?
- ხუთწლიანი პროექტი გვაქვს შემუშავებული, რაც სპორტის წინა მინისტრსაც გავაცანით. პროექტი მოიცავს იმასაც, რომ ტელევიზიით გაშუქდეს ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ სახელმწიფო დაეხმარება საკლუბო ფეხბურთს, ყველა გუნდმა ერთნაირი თანხა უნდა მიიღოს, საიდანაც ფედერაციაში ერთი თეთრიც არ უნდა შევიდეს. მიღებული თანხა კლუბმა უნდა გაანაწილოს და ეს დარეგულირებული უნდა იყოს.

თუ სახელმწიფო ყველა გუნდს, დავუშვათ, 2 მილიონ ლარს მისცემს, კლუბს გაუჩნდება იმის შანსი, რომ კიდევ 2 მილიონი თვითონ მოიპოვოს, 4-მილიონიანი ბიუჯეტით კი უკვე შესაძლებელი გახდება კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებაც. სახელმწიფოს მიერ კლუბების დახმარება სოციალური პროექტი უნდა იყოს. ახლა კი არის შემთხვევა, როცა მუნიციპალიტეტი ვერ უვლის სტადიონს, ამას 3-5 ათასი ლარი სჭირდება და ნუთუ ასე უჭირს მუნიციპალიტეტს?

იცით, რომ პრობლემები იყო "ზესტაფონში" და ამ კლუბის მეპატრონე 31 დეკემბრამდე დაელოდება იმას, მზად იქნება თუ არა სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთის დასახმარებლად...

- გადაწყვეტილია, რომ უეფას სუპერთასი 2015 წელს თბილისში გაიმართება. უკვე აცნობეთ უეფას, თუ რომელ სტადიონზე ჩატარდება თამაში?
- დრო ჯერ კიდევ გვაქვს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯერაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. არის მეორე ვარიანტიც - ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა". ელექტრონული ბილეთების გასასვლელები "მიხეილ მესხზე" უკვე დაამონტაჟა ფეხბურთის ფედერაციამ და უეფას სუპერთასის მატჩისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

"დინამოს" სტადიონს სხვა კონფიგურაცია აქვს, ელექტრობილეთების გასასვლელების დამონტაჟება დაახლოებით 1 200 000 ევრო დაჯდება და ვინ დაამონტაჟებს იქ ამ მოწყობილობას?

- მსაჯობის თემა სულ აქტუალურია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თუ თასის გათამაშების შეხვედრებში. საფეხბურთო სამყაროში ღიად ლაპარაკობენ, თუ რომელი კლუბის რომელი მესვეური "გადის" მსაჯებზე და ალბათ, ეს ხმები ფედერაციის ყურამდეც აღწევს. როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას?
- ამ საკითხზე უეფასთან ურთიერთობას ლევან ფანიაშვილი გაუძღვება. უეფა გადაამზადებს ჩვენს მსაჯებს. იცით, რომ სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერაც ვაკანტურია და დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომიტეტი უცხოელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

- ფედერაციის სხვა უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვით?
- ფეხბურთის ფედერაციას ამ დროისთვის გასტუმრებული აქვს ყველა ვალი, მისი აქტივი შეადგენს 107 მილიონ ლარს და მალე ის კიდევ უფრო გაიზრდება. იცით, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან კიდევ ერთ მოედანს ვაკეთებთ ცალკე ინფრასტრუქტურით და გვინდა, ეს ახალი სტადიონი 20 ოქტომბრისთვის იყოს მზად, ანუ 19-წლამდელთა ნაკრების შესარჩევი ეტაპისთვის.

- ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში აპირებთ მონაწილეობას?
- არა. სადაც კი მუშაობა დამიწყია, არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ფეხი ფეხზე გადამედო და ყავა დამელია. ყველგან ანტიკრიზისული დირექტორი ვიყავი და დგება დრო, როცა ორგანიზაცია უკვე ძლიერია და უნდა წახვიდე.

პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე ერთი წელი მრჩება და მანამდე კიდევ ავაშენებ რაღაცას. 17 და 19-წლამდელებმა ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და იმედია, ახლა ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრებიც მოხვდება იმავე სტადიაზე.

მოვიპოვეთ უეფას სუპერთასის მასპინძლობის უფლება და როცა უეფას პრეზიდენტი და აღმასკომის წევრები სუპერთასზე თბილისში ჩამოვლენ, მათ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვა პრეზიდენტი მიიღებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვერ გავიგე, რატომ უნდა მიიღოს ყველა კლუბმა თანაბარი დაფინანსება, თუ დინამოს, ზესტაფონს ააქვს თავისი მაღალი ბიუჯეტი, და ფოტი კოლხეთს კი არა, ამათმა თანაბარი თანხა რატომ უნდა მიირონ? გორი არის ომის დროს დაზარალებული ქალაქი, ასევე საქარტველოსთვის კარგია, რომ გორის დილა გავიდეს ევრო სარბიელზე, ამით ევროპას და სამყაროს შევახსენებთ 2008 წლის აგრესიაზე, გორის დილამ აუცილებლად უნდა შეიონარჩუნოს მაღალი ბიუჯეტი.
lasha
14:50 24-08-2013
0
იცის და შეედავე თუ გინდაDD
ramo
15:00 24-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული