გიორგი ილურიძე: მადლობა ყველას! "დილადან" "ჰაიდუკში" გადავდივარ!

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ "ლელო" წერდა, რომ თემურ ქეცბაიამ გიორგი ილურიძე ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა, ხოლო ფეხბურთელმა, თავის მხრივ, სპლიტის "ჰაიდუკთან" გააფორმა კონტრაქტი.

გორის "დილას" 21 წლის შემტევმა იმ დღეს ტრანსფერზე ლაპარაკი არ ისურვა, რადგან წინ ვენის "რაპიდთან" საპასუხო შეხვედრა იყო...

ახლა ილურიძეს დასამალი აღარაფერი აქვს. "რაპიდთან" მატჩის შემდეგ მან დაადასტურა, რომ "დილაში" ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

ილურიძეს ჯერ ავსტრიელებთან 29 აგვისტოს გამართული შეხვედრის შეფასება ვთხოვეთ:

- ძალიან მწყდება გული, ევროპალიგის ჯგუფში რომ ვერ გავედით და გულშემატკივარი გაწბილებული დავტოვეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ,
რომ "რაპიდმა" კლასით დაგვჩაგრა.

- პირველ ტაიმში აქტიური იყავით, მაგრამ მეორეში ვეღარ გცნობდით. მოძრაობა გიჭირდათ...
- ფეხი იმ დროს მატკინეს, როცა სამივე მოთამაშე შეცვლილი გვყავდა და მოედანზე უნდა დავრჩენილიყავი, სხვა გზა არ იყო. არადა, ფეხი საშინლად მტკიოდა...

- დანამდვილებით ვიცით, რომ სპლიტის "ჰაიდუკის" ფეხბურთელი გახდით...
- დიახ, ასეა. "ჰაიდუკთან" 2,5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.

- ...მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკს მაინც მოერიდეთ. რატომ?
- "რაპიდთან" საპასუხო შეხვედრისთვის ვემზადებოდი და ვიცოდი, რომ ეს ამბავი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. მე კი მსურდა, თამაშის წინ კონცენტრაცია არ დამეკარგა და კარგად მოვმზადებულიყავი.

- ისიც გავიგეთ, თითქოს თქვენი გადაბირება ეკატერინბურგის "ურალსაც" სურდა. ესეც სიმართლეა?
- სიმართლეა და თან საკმაოდ კარგ კონტრაქტსაც მთავაზობდნენ, ყოველგვარი სინჯის გარეშე. დამეთანხმებით, საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში ასეთი პირობებით გადასვლა ყველას ოცნებაა. მეც ასე ვაპირებდი, მაგრამ... ბოლოს გადაწყვეტილება შევცვალე.

- კი, მაგრამ სად რუსეთის პრემიერლიგა და სად - ხორვატიის ჩემპიონატის საშუალოევროპული დონე? აღარაფერს გეკითხებით პირობებზე...
- გეთანხმებით. ერთი შეხედვით, არჩევანის წინაშე არც უნდა ვყოფილიყავი, რადგან რუსეთის ჩემპიონატის დონე ხორვატულს საგრძნობლად აღემატება, მაგრამ... ბევრ რამეზე დავფიქრდი, სანამ რუსებს უარს ვეტყოდი...

- მაგალითად?..
- თქვენი აზრით, ხორვატიიდან ფეხბურთელები იტალიისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიგებში იოლად როგორ ხვდებიან, ან ავსტრიაში ლამის ყველა მსურველი როგორ მიდის?

- თქვენი აზრით, რატომ?
- იმიტომ, რომ ხორვატია იტალიისა და ავსტრიის მეზობელი ქვეყანაა. იქაური ჩემპიონატის შეხვედრებს უამრავი ევროპელი მენეჯერი თუ სელექციონერი ესწრება და ვინმე რომ მოეწონებათ, ეგრევე მიჰყავთ. მეც სწორედ ამ პერსპექტივამ დამაინტერესა. თანაც, რუსეთში არ მინდოდა...

- რუსეთს რაღას უწუნებ?
- რუსეთის პრემიერლიგას ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ ხომ იცით, ქართველებს სავიზო პრობლემები ექმნებათ. ქვეყანაში შესვლაც პრობლემაა და გამოსვლაც, ისევე, როგორც გუნდში დროულად დაბრუნება; ცალკე ლეგიონერებზე ლიმიტებია და ასე შემდეგ.

- ანუ გაცილებით მცირე ანაზღაურებაზეც კი მაინც დასავლეთში გირჩევნიათ კარიერის გაგრძელება?
- ცხადია, ხორვატები რუსების მსგავს პირობებს ვერ მთავაზობენ, მაგრამ "ჰაიდუკში" ის მხიბლავს, რომ იგორ ტუდორი ახალგაზრდულ, პერსპექტიულ გუნდს აყალიბებს და მერჩივნა, ახლა დიდ ფულზე უარი მეთქვა და მომავალზე მეფიქრა.

დარწმუნებული ვარ - რადგან ჩემით სერიოზულად დაინტერესდნენ, "ჰაიდუკში" სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა არ შემაწუხებს, გავიზრდები და მერე იქნებ იტალიაში ან სხვა წამყვან საფეხბურთო ლიგაში მოვხვდე. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის - ძლიერ ევროპულ ლიგაში ვითამაშო და ჩემი შესაძლებლობა სრულად გამოვიყენო. ხორვატია საამისოდ კარგ ტრამპლინად მიმაჩნია.

- როგორც ვიცით, "ჰაიდუკთან" კონტრაქტი ელექტრონული ფოსტით გააფორმეთ...
- ხორვატებს ეჩქარებოდათ და ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ამიტომ კონტრაქტი ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნეს, რაზეც ხელი მოვაწერე და შეთანხმებული ხელშეკრულება ასევე ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე...

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა, როცა რუსეთიდან წამოსულს საქართველოში არავინ მიცნობდა.

მადლიერი ვარ გორის "დილას" ყველა წევრის. ხალხმა ამ გუნდში გამიცნო, მათგან სიყვარული და სითბო ვიგრძენი. მადლობა მის თითოეულ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომაც ძალას მაძლევდა მეც და გუნდის ყველა ფეხბურთელსაც.

"დილაში" გატარებული სეზონი ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იყო. აქ შემნიშნეს ნაკრების მწვრთნელებმაც და ამას არასოდეს დავივიწყებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უზომოდ ბედნიერი ვარ! - გიორგი ილურიძე ჯერ ნაკრებში, მერე... "ჰაიდუკში"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ გიო კარგი გადაწყვეტიელბაა, წარმატებები! ხორვატიიდან პერსპექტივაა რუსეთზე ძლიერ ჩემპიონატში გადასვლის. ეს ბანძი ჯურნალისტი ტვინს უბურღავას რუსეთი რატო არ აირჩიეო? აირჩევდა რუსეთს მერე დაწერდნენ ქართველები რუსეთში წასვლით კარიერას იფუჭებენო ))
dato
15:41 30-08-2013
0
გიორგის არჩევანს ბუწონებ, სულ წარმატებით გევლოს გიორგი ცხოვრების გზაზე ფეხბურთშიც და პირად ცხოვრებაშიც. ისე, რუსეთში წასული ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელები მახსოვს, ხოლო მათგან წარმატებული კარიერა არავისგან მახსოვს.
gizog
16:19 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული