აფხაზეთი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მასაზრდოებელი წყარო. გავიხსენოთ პირველი შესარჩევი ციკლი - მაშინ ეროვნულ ნაკრებში თამაშობდნენ მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, გოჩა გოგრიჭიანი, მიხეილ ჯიშკარიანი, თემურ ქეცბაია...
მათ გვარებს აღარ ჩამოვთვლით, ვინც ამ დალოცვილ კუთხეში მანამდე გაზრდილა - მხოლოდ
მართალი იყო დავით ყიფიანი, როცა თქვა - ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი დარასელიამ გაიტანაო...
პარალელურად, სამაჩაბლოც წაგვართვეს და ამან საქართველოს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ცხადია, ამ რეგიონების ოკუპაციაც სავალალო აღმოჩნდა ჩვენი ფეხბურთისთვის. მას შემდეგ ვერა და ვერ გვეღირსა ერთი ძლიერი კლუბის ჩამოყალიბება, რაც მსგავს ვითარებაში მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია - ამ პრინციპით დაფუძნდა საბერძნეთში ათენის აეკ-ი (ათლეტები კონსტანტინოპოლიდან) და სალონიკის პაოკ-ი (პატრიოტი ათლეტები კონსტანტინოპოლიდან), ფამაგუსტას "ანორთოსისი" (რომელსაც ლარნაკაში აქვს ოფისი), აგდამის (აზერბაიჯანი) "ყარაბაღი"...
ისინი ევროტურნირების ხშირი მონაწილეებიც არიან, საქართველოში დაფუძნებული ანალოგიური კლუბები კი ამას ვერ ახერხებენ. ერთადერთი პრეცედენტი "გაგრამ" შექმნა: 2011 წლის 26 მაისს გუნდი საქართველოს თასის მფლობელი გახდა და აფხაზეთიდან ლტოლვილთა გუნდმა ევროპის ლიგაზე საქართველო წარმოადგინა...
მაგრამ იმ დროს, როცა "ანორთოსისზე" კვიპროსის, "ყარაბაღზე" კი აზერბაიჯანის ხელისუფლება განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს, "გაგრა" მიზნისკენ მხოლოდ ბიზნესმენ ბესარიონ ჩიხრაძის სახსრებით მიდიოდა. ჩიხრაძე კი იმ გაბარიტის ბიზნესმენი არ არის, ამხელა ტვირთი მარტომ ზიდოს. არადა, 2004 წელს შექმნილი კლუბის მიზანი - ოკუპირებული ქალაქის სახელით ევროპაში გამოსვლა იყო.
ჩიხრაძე გუნდს ვერ ელევა და ამით სურს, მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ გაგრა და აფხაზეთი საქართველოა. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო და ამ საქმეში მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა...
* * *
ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით, რამდენიმე მსგავსი კლუბი დაფუძნდა, მაგალითად, ცხინვალის "სპარტაკი" და სოხუმის "დინამო", მაგრამ პირველს თუ ბოლო წლებში მაინც აფინანსებენ და უმაღლეს ლიგაშიცაა, სოხუმის "დინამოს" მწირი სახსრები აქვს და მეორე ლიგაში ასპარეზობს.
სოხუმის "დინამოსადმი" დამოკიდებულება საგულისხმო უნდა იყოს. 1936 წელს დაარსებული კლუბი სოხუმის დაცემის შემდეგ თბილისში გადმოვიდა, მერე მზრუნველობა და ფული მოაკლდა და დაიშალა, შემდეგ უმცროსი ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობის დროს აღდგა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა კვლავ ბოლო მოუღო...
სოხუმის "დინამოს" აღდგენის მცდელობა 2010 წლის 19 თებერვალსაც ჰქონდათ - იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ეკუთვნოდა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მაშინდელი ხელმძღვანელი გია ბარამიაც მხარს უჭერდა.
მაშინ ითქვა, სოხუმის "დინამო" უახლოეს პერიოდში აღდგებაო, მაგრამ... ამ საქმეს ვერა და ვერ მოება თავი...
როგორც იქნა, სოხუმის "დინამო" წლეულს კვლავ აღდგა და ამის შესახებ "ლელო" წერდა. ეს ბიზნესმენმა მამუკა ბიძინაშვილმა გააკეთა, რომელმაც პირველი ეროვნული ჩემპიონატის დროს საფეხბურთო კლუბი "იბერია" დააფუძნა, რომლის ბაზაზეც შემდეგ "ზესტაფონის" წინამორბედი "მცხეთა" ჩამოყალიბდა.
იყო იმედი, რომ აღდგენილი კლუბი პირველ ლიგაში ითამაშებდა. ბიძინაშვილს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში დაფინანსების გარანტია მისცეს, მაგრამ ფულის ჩასარიცხად დრო სჭირდებოდათ. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე სოხუმის "დინამოს" ფინანსური გარანტიები სეზონის დაწყებამდე მოსთხოვეს და პირველ ლიგაში არ დაუშვეს. ეს აუცილებელი პროცედურა იყო და ვის ექნებოდა სასაყვედურო, მაგრამ შემდგომში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს ამბავი უცნაურად გამოჩნდა.
საინტერესოა, აღმასკომის წევრებმა ფინანსური გარანტიები ასეთივე პრინციპულობით მოსთხოვეს უმაღლესი ლიგის "ზუგდიდსა" და ლანჩხუთის "გურიას" (სწორად გაიგებს ალბათ მკითხველი, ამ გუნდებს არაფერს ვერჩით, პრინციპზეა ლაპარაკი), რომელთა დაფინანსების საკითხი დღემდე მოუგვარებელია?
ახლა სოხუმის "დინამო" მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში თამაშობს და მისი აღორძინების საქმემ კვლავ მომავლისთვის გადაიწია. და სანამ დეკლარირებული ღირებულებები ჩვენთვის რეალური ტკივილისა და ზრუნვის საგანი არ გახდება, მანამდე ასეთი მიდგომით აფხაზ და ოს ძმებს ვერ დავიბრუნებთ - ისინი მშვენივრად ხედავენ, როგორი გულგრილები ვართ საკუთარი ტკივილის მიმართ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოხუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში არ დაუშვეს