ბაქოს "ინტერმა" ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოში სტუმრად მყოფმა ბაქოს "ინტერმა" 11 ოქტომბერს პირველი საწვრთნელი მატჩი გამართა.

კახა ცხადაძის გუნდს საქართველოს ჩემპიონატის აუტსაიდერი ცხინვალის "სპარტაკი" დაუპირისპირდა.

"ინტერმა" მატჩი მეორე შემადგენლობით დაიწყო. გუნდში არ იყვნენ აზერბაიჯანის მთავარ და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული 6 მოთამაშე და პლუს, ბაჩანა ცხადაძე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული.

მეტოქისგან განსხვავებით, "სპარტაკის" ძირითადს მხოლოდ მეკარე გიორგი ნადირაძე და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი (ორივე ახალგაზრდულშია) აკლდნენ.

საგურამოს საფეხბურთო სპორტკომპლექსში მატჩს 100-მდე მაყურებელი დაესწრო. "ინტერმა" პირველივე ტაიმში ორი "მშრალი" გოლი გაიტანა. 2:0 - ასეთია მატჩის საბოლოო ანგარიშიც.

ცხადაძემ ბოლო 20 წუთი ათამაშა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის - ალექსანდრე იაშვილი და ლაშა სალუქვაძე. თბილისის "დინამოდან" "ინტერში" გადასული მიკელ ალვარო ტრავმის შემდეგ ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მეკარე გიორგი ლომაია კი სათადარიგო იყო.

მატჩის ბოლო ნაწილიდან აღსანიშნავია იაშვილის სახიფათო დარტყმა, რომელიც "სპარტაკის" მეკარე სოსლან ნანიევმა მოიგერია.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მოსალოდნელ ტრანსფერს ეხება - "სპარტაკში" სინჯებზეა მარტვილის "მერანის" ყოფილი ფორვარდი, კოტდივუარელი ტაპე, რომლის მომავალიც უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

12 ოქტო,ბერს "ინტერი" საგურამოში კიდევ ერთ საწვრთნელ მატჩს გამართავს. ამჯერად, მისი მეტოქე რუსთავის "მეტალურგი" იქნება. თამაში 4 საათზე დაიწყება.

გია გაგოშიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული