"ვარჯიში გვეზარება, თორემ მხითარიანზე ნიჭიერი ქართველებიც მინახავს"

AutoSharing Option
ზაფხულში ქუთაისის "ტორპედოში" დაწყებულ საკადრო რევოლუციას ცენტრალური მცველი ბუკა (ბიძინა) ცინცაძეც "შეეწირა".

"ტორპედოში" ის 2012 წელს ჩაირიცხა, მანამდე კი, 2011-12 წლებში ლატვიის ჩემპიონ "დაუგავაში" თამაშობდა. ზაფხულში, ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე, ლანჩხუთის "გურიას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ლორიამ განაცხადა, რომ ცინცაძის დამატება სურდა, მაგრამ 24 წლის მცველი საბოლოოდ ისევ ლატვიაში, მისთვის ნაცნობ "დაუგავაში" აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში, მის გარდა, მცველი გიორგი ჩიხრაძე და თავდამსხმელი მამუკა ღონღაძეც ირიცხებიან.

მალე ცინცაძესა და ღონღაძეს ახალი კლუბის მოძებნა დასჭირდებათ. ეს ქუთაისელთა ყოფილმა მცველმა თავად გვითხრა:

Sportall.Ge
ფოტოზე: მამუკა ღონღაძე და ბიძინა ცინცაძე


"რაც მოხდა, ყველამ იცის - სამწუხაროდ, "ტორპედოდან", გეგუჩაძესთან ერთად, ბევრი ფეხბურთელი გაგვიშვეს.

არ ვიცოდი, რომ 23-24 წლის ბიჭები ვეტერანები ვიყავით, მაგრამ ასეთებიც ხდება. მერე ყველაზე რეალური ვარიანტი ლატვიაში შემომთავაზეს და ჩემს ძველ კლუბში დავბრუნდი.

"დაუგავას" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ვთამაშობ, მაგრამ ჩემპიონატი ერთ თვეში მთავრდება და მასთან ერთად ჩემი კონტრაქტის ვადაც იწურება. ასე რომ, ახალი კლუბის ძებნა მომიწევს. დარჩენის შანსი მაქვს, მაგრამ "დაუგავაში" კარგი პირობები არ არის. ამ კუთხით, ლატვიაში მხოლოდ "ვენტსპილსი" და "სკონტო" გამოირჩევიან.

მოკლედ, კლუბს ვეძებ და იქნებ რამე გამოჩნდეს. ახალ კლუბს ეძებს ღონღაძეც, მაგრამ ის უარეს მდგომარეობაშია - კლუბს ახალ ხელშეკრულებაზე უარი უთხრა და ცოტას ათამაშებენ, ხელფასიც გაუნახევრეს'; ერთი ხანობა, არც ავარჯიშებდნენ. ანუ, ფაქტობრივად, სეზონი ჩააგდებინეს...

პერტია ჩემი მწვრთნელი იყო და ცხადია, "სკონტოში" გადასვლა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ამ კლუბში ისედაც ბევრი ქართველია და კიდევ ერთის დამატება, ალბათ, გამორიცხულია".


ცინცაძე საინტერესო პარალელებსაც ავლებს:

"პერტია ვახსენე და არ შემიძლია, ეს არ ვთქვა: ვისაც მასთან უმუშავია, დამეთანხმება, რომ გია გეგუჩაძესთან ერთად, ის საუკეთესო ქართველი მწვრთნელია. ორივე მათგანთან თანამშრომლობის ბედნიერება მქონდა და ეს თემა საკამათოდ არც მიმაჩნია.

გეგუჩაძეს ფეხბურთელებთან ძალიან კარგი მიდგომა აქვს, სოლიდური მწვრთნელია და ნებისმიერი მოთამაშის "გახსნა" შეუძლია. პერტიაც ძალიან მცოდნეა და თან - გუნდში რკინისებური დისციპლინაც აქვს დამყარებული. უნდა ნახოთ, მასთან ფეხბურთელები როგორ იქცევიან, სასადილოშიც კი ჩუმად დადიან.

ვინ მეკითხება, ან რა ჩემი გასარჩევია, მაგრამ ქართველი ვარ და გული იმაზე მწყდება, რომ ამჟამად პერტია არც ერთ ქართულ კლუბსა თუ ნაკრებში არ საქმიანობს. გეგუჩაძე ხომ საერთოდ უმუშევარია, რაც ჩვენი დიდი სირცხვილია.

არადა, ყველა ამბობს, რომ კვალიფიციური მწვრთნელებით განებივრებულები არ ვართ".


ბოლო პერიოდში სომხეთის ნაკრებს სერიოზული წინსვლა დაეტყო. 2009 წელს ცინცაძე, მცირე ხნით, ერევნის "არარატში" თამაშობდა და ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს:

"მაშინ 18 წლის ვიყავი და გარკვეული მიზეზების გამო იძულებული გავხდი, "არარატში" 3 თვე მეთამაშა. სულ 10 შეხვედრა ჩავატარე და ვერ ვიტყვი, რომ სომხური ფეხბურთის წინსვლის დეტალებში ვერკვევი, მაგრამ რაღაცებზე წარმოდგენა მაინც შემექმნა.

იქ ვიყავი, როცა ჰენრიხ მხითარიანი უკრაინაში გადავიდა - დღეისათვის სომხეთის ნაკრების ლიდერი და დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი. მაშინ ის "პიუნიკში" თამაშობდა, ნამდვილად გამორჩეული იყო და დონეცკის "მეტალურგშიც" მიიწვიეს.

მხითარიანი დღეს ცნობილი ფეხბურთელია და ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი დონის ფეხბურთელი საქართველოში არ მინახავს. მეტიც, ბავშვობიდან და ეროვნული ჩემპიონატიდან ბევრად ნიჭიერი მოთამაშეებიც მახსენდება.

იმის თქმაც სისულელეა, რომ სომხებმა ფეხბურთის განვითარების გეგმა შეიმუშავეს და ახლა ამიტომ ჰყავთ ძლიერი ნაკრები, მაგრამ იცით, განსხვავება რაშია? მხითარიანი "მეტალურგში" რომ გადავიდა, დონეცკში ცხოვრება შეეძლო. კლუბი ბინასაც აძლევდა, მაგრამ ბაზაზე დასახლდა, აქ უფრო მობილიზებული ვიქნები და ნებისმიერ დროს ვივარჯიშებო. ამის შედეგია, რომ ჯერ "შახტარში", მერე კი "ბორუსიაში" გადავიდა და რომ დღეს მისი ფასი 30 მილიონი ევროა.

სომხები ინტერესიანი ხალხია - ესაა ჩვენ შორის განსხვავება.

სამწუხაროდ, გიორგი დევდარიანი მართალია - ქართველებს ნიჭი გვაქვს, მაგრამ ხასიათი და ნებისყოფა არ გვივარგა.

ჩვენი ტალანტი ბიჭები მხითარიანივით არ იქცევიან, შრომა ეზარებათ და დღეს რეალობა ის არის, რომ საქართველოს, ნამდვილად საფეხბურთო ქვეყანას, სომხეთზე სუსტი ნაკრები ჰყავს.

ვერც იმას ვიჯერებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ ბელგიასა და ბოსნიას ჩვენზე მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვარჯიში არ გვიყვარს. ქართველებში ბევრი შრომისმოყვარე არც მახსენდება... მხოლოდ კანკავას დავასახელებ და ამიტომაც არის, ჯაბა დღეს ძლიერ გუნდში რომ თამაშობს და ეროვნული ნაკრების ლიდერიცაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: ქართველი ფეხბურთელი BMW-ს ყიდვის შემდეგ მოტივაციას კარგავს
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკვე შემდგარი ვარსკვლავია ძმაო, ჩემპიონთა ლიგაზე არსენალს გოლს უტანს.. წარმოგიდგენიათ?
zviad
08:09 24-10-2013
0
აჰა, ესეც ქეცბაიას ბრალია?! იქნებ ამ ენის მოტლიკინე ფეხბურთელებმაც ჩაიხედონ გულში და თავად გამოასწორონ თავიანთივე გაფუჭებული საქმე? მე არავის ადვოკატობას ვაპირებ, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი აზრით როგორც კი ქეცბაია დაინახავს მონდომებულ და კარგად მოთამაშე თავდამსხმელებს და შემტევ ნახევარმცველებს, მაშინვე ათამაშებს გაცილებით უფრო შემტევ ფეხბურთს ნაკრებს და შედეგიც იქნება.
0

სიახლეები პოპულარული