"ყიფიანს ნაკრების მოწინავე ფეხბურთელებიც არ დაუდგნენ გვერდში ისე..."

AutoSharing Option
ირვინ შოუ ამბობდა - ისტორია დიდი გაიძვერა რამ არისო და მართლაც, არ არსებობს საზოგადოება ისტორიის გარეშე. ყველა მოვლენას თავისი ისტორია აქვს, ოღონდაც მილეთმა ყველაფერი არ იცის და ალბათ, ყველაფერს ბოლომდე ვერც ვერასდროს გაიგებს...

ცნობისმოყვარეობა კი არ ეშვება ადამიანს, ასეთია მისი ბუნება.

მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელი გახდა, ბევრი რამ გადაიტანა. ეს ისტორია 1990 წლიდან იწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი გახლდათ, ვინც 1998 წელს გარდაიცვალა. მისი პრეზიდენტობის დროს ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობა დავით კვინიკაძეს ეკავა და ცხადია,
იმ ყველაფრის საქმის კურსში იქნებოდა, რაც მაშინ ხდებოდა ქართულ ფეხბურთში.

ვფიქრობთ, კვინიკაძესთან ინტერვიუ საყურადღებო იქნება მკითხველისთვის...

Sportall.Ge- 1990 წელს დაფუძნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უნდა დაწყებულიყო ეროვნული ჩემპიონატი, შესაქმნელი იყო ეროვნული ნაკრები... რა რესურსებით ეჭიდებოდა ამ საქმეს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელობა?
- როცა რაღაც საქმეს იწყებ, ეს განვითარების ბუნებრივი ეტაპია ან ეს არაორდინარულ სიტუაციას მოაქვს.

ჩვენს შემთხვევაში, მეორე ვარიანტთან გვქონდა საქმე. ფაქტის წინაშე დავდექით - ეროვნული ჩემპიონატი იყო ჩასატარებელი, ნაკრები ჩამოსაყალიბებელი...

მანამდე ფეხბურთის სამმართველოში ვმუშაობდი, თუმცა ფედერაციაში მუშაობა აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა, ახალ ხედვას, ახალ ინიციატივებს მოითხოვდა, რისთვისაც საკმარისი დრო და გამოცდილება ფედერაციაში იმ მომენტისთვის არ იყო.

თებერვალში გაიმართა პირველი ყრილობა, ეროვნული ჩემპიონატი კი მარტიდან დავიწყეთ. ცნობიერების გარდაქმნაც უნდა მომხდარიყო, ანუ თბილისის "დინამოს" ხაშურში მოუწევდა ჩასვლა "ივერიასთან" სათამაშოდ, "ივერიას" კი - ასეთი გუნდის მასპინძლობა.

კადრებს რაც შეეხება, საქართველოში ვინც კი პროფესიონალი იყო, ყველა დასაქმდა ფედერაციის შტატში ან საზოგადოებრივ კომისიებში.

ნოდარ ახალკაცს ვლადიმერ ბარქაია უნდოდა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, მაგრამ ბარქაიამ უარი თქვა.

ძალიან დაგვეხმარა ახალკაცის ავტორიტეტი. ვიცე-პრეზიდენტად ალექსანდრე ჩივაძე დაინიშნა. მოხდენილი იუმორის გარდა, მას დიდი ქარიზმაც აქვს.

რაც შეეხება ფინანსებს, კლუბები იხდიდნენ სამონაწილეო თანხას, რაც მიზერული იყო. სხვადასხვა კომპანია გვეხმარებოდა შემოწირულობის სახით.

- როცა ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდა, რისი ფინანსური საშუალება ჰქონდა ფეხბურთის ფედერაციას?
- ნოდარ ახალკაცის ხელფასი 210 დოლარი იყო, ჩემი და ჩივაძისა კი - 205. ჩივაძე რომ დაინიშნა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, პირველ შესარჩევში უხელფასოდ მუშაობდა, მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტობის ჯამაგირი ეძლეოდა.

სამაგიეროდ, იყო პრემიები - მოგებისთვის გუნდზე 20-30 ათასი დოლარის დარიგებას ვახერხებდით. მაშინ არ იყო ფიფას და უეფას ისეთი პროგრამები, საიდანაც მნიშვნელოვანი თანხები შემოვიდოდა.

- სიდუხჭირის დროს იზრდება კორუფციის რისკი - რამდენად სუფთად ტარდებოდა ეროვნული ჩემპიონატი მაშინ, მსაჯებში კორუფციის დონე როგორი იყო?
- დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული გვქონდა და განწყობაც სათანადო იყო, კლუბებიც მაშინ ღარიბები იყვნენ და კორუფციას დიდი გასაქანი ვერ ექნებოდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ ამ საკითხზე თათბირი ჩავატარეთ, მერე კლუბების ხელმძღვანელებთან ერთად პურის საჭმელად წავედით და კაცურად დავთქვით, რომ კორუფცია არ იქნებოდა.

გავიდა სამი დღე, ჩატარდა ჩემპიონატის ტური და ერთი თამაში მაინც გაიყიდა...

- კლუბები ვახსენეთ და ალბათ, ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რა ხდებოდა ყველაზე ტიტულოვან კლუბში...
- თბილისის "დინამოს" გარკვეული დროით შეღავათები დაუწესეს კომერციული საქმიანობისთვის. სანამ ეს დამტკიცდებოდა, ამის შესახებ ფედერაციაში ვიცოდით.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი იყო, რომ მხოლოდ ერთი კლუბი ყოფილიყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მაგრამ ამას ხელი არ შევუშალეთ, რადგან ვიფიქრეთ, რომ მომძლავრებულ "დინამოზე" იქნებოდა სწორება, ანუ დანარჩენი გუნდები შეეცდებოდნენ, არ ყოფილიყო ჩამორჩენა "დინამოსთან" და ისინიც გამონახავდნენ მომძლავრების გზებს.

რაღაც პერიოდის შემდეგ კი ქვეყნის ხელმძღვანელობას ვუთხარით, რომ ეს იყო დიდი დარღვევა და გავაუქმებინეთ პრივილეგია "დინამოსთვის".

- საქართველოს ნაკრები მეორე შესარჩევ ციკლში ინგლისს რომ მასპინძლობდა, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - გულშემატკივრებმა მოედნისკენ პლასტმასის ბოთლები ისროლეს. ამას მოჰყვა ის, რომ ჩივაძე ნაკრებს ჩამოშორდა. როგორი იყო მაშინ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პოზიცია?
- ეს არის ამბიცია, რასაც ვერ ველევით - რატომ, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მოეგო საქართველოს ინგლისისთვის? ჟურნალისტმა ზურაბ მეძველიამ დაახლოებით ასეთი რამ დაწერა - ინგლისთან მატჩს პაბში ვუყურე და გარეთ გამოსვლის მრცხვენოდაო.

ჟურნალისტები ამბობდით, ფედერაციამ გადააყენა ჩივაძეო, მაგრამ ასე არ იყო - ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვცდილობდით ჩივაძის დაყოლიებას, რათა არ გადამდგარიყო, მაგრამ... ვერაფერი გავაწყვეთ. ჩივაძე გვეუბნებოდა, ბოთლები მე მესროლესო.

- მახსოვს, მაშინ ლაპარაკიც იყო იმაზე, თუ რატომ არ თამაშობდა საქართველოს ნაკრებში ომარ თეთრაძე. მაინც რა იყო ამის მიზეზი?
- თეთრაძესთან მოსკოვში მივავლინეთ ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო გუნდის წევრი თენგიზ კაცია, მაგრამ თეთრაძემ უარი განაცხადა; ინტერვიუებში კი ამბობდა, საქართველოს ნაკრებში არ მეძახიანო...

- ჩივაძის შემდეგ ეროვნული ნაკრები დავით ყიფიანს ჩააბარეთ. გაწბილებას მაშინაც ვერ ავცდით, თუმცა წარმატებებიც იყო - პოლონეთს 3:0 მოვუგეთ, იტალიას შინ 0:0 ვეთამაშეთ...
- იყო შანსი, ჯგუფში მესამე ადგილზე გავსულიყავით. პოლონეთს 3:0-ს რომ ვუგებდით, უკვე დროის გაყვანაზე გადავიდა ჩვენი გუნდი, არადა, 4:0 რომ მოგვეგო, მესამე ადგილზე გადავდიოდით. ფედერაციის თანამშრომელ ბადრი ქარქაშაძეს ვთხოვეთ, ჩასულიყო მოედანთან და ეს ყველაფერი გუნდისთვის ეთქვა, მაგრამ სანამ ჩავიდა, თამაშიც დასრულდა.

- ყიფიანის მუშაობა უარყოფითად არ შეფასებულა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ მასთან თანამშრომლობა არ მოისურვა. მიზეზად კი დასახელდა, თითქოს ყიფიანმა ვერ უზრუნველყო კონტაქტი ნაკრების ფეხბურთელებსა და ფედერაციას შორის...
- ასეთი განმარტება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არ ყოფილა.

- მაშ, რაში იყო საქმე? რა იყო იმის მიზეზი, რომ ყიფიანი ნაკრებს ჩამოშორდა? პოლონეთთან სტუმრად 1:4 რომ წავაგეთ, რა მოხდა უკანა გზაზე თვითმფრინავის სალონში? ამ ფაქტს უკავშირდება ყველაფერი?
- თვითმფრინავის სალონში ნოდარ ახალკაცს ჩაეძინა, ეძინა დათო ყიფიანსაც. სალონის იქითა მხარეს კი ერთი ამბავი იყო, გაგლეჯილი სმა მიდიოდა. თვითმფრინავში მომსახურე გოგონა მოვიდა და შემოგვჩივლა, თუმცა მოგვიანებით საგაზეთო ინტერვიუში სულ სხვა რამ ილაპარაკა.

მოკლედ, რაღაც უნდა გვექნა და გამოსავალი ნაკრების მეორე მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა მოძებნა - ფეხბურთელებთან ერთად ჩაჯდა.

მეორე დღეს ველაპარაკეთ ყიფიანს და ავუხსენით, რომ ეს ფაქტი უკვე მთელმა საქართველომ იცოდა. სამწუხაროდ, მას ნელ-ნელა ხელიდან ეცლებოდა სადავეები, ნაკრების მოწინავე ფეხბურთელებიც არ დაუდგნენ გვერდში ისე, როგორც საჭირო იყო...

- ამის შემდეგ ნაკრებში ვლადიმერ გუცაევი დაინიშნა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა...
- იმ დროისთვის გუცაევი წარმატებით მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და გვინდოდა თუ არა, უნდა დაგვენიშნა ეროვნული გუნდის თავკაცად. ცოტა ხანში ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა, მერე კი ფედერაციას უკვე სხვა მართავდა...

- გარდაცვალებამდე რას ამჩნევდით ახალკაცს? იყო რამე ისეთი, რაც ცუდად გენიშნათ?
- ახალკაცი აბსოლუტურად ფლობდა სიტუაციას. 2000 წელს ქართულ ფეხბურთს 100 წელი უსრულდებოდა და სათანადო ღონისძიებებსაც ვგეგმავდით, მსოფლიოს ნაკრების მოწვევა გვინდოდა თბილისში და თუ ეს არ გამოვიდოდა, გერმანიის ნაკრები აუცილებლად ჩამოვიდოდა.

გარდა ამისა, ვაპირებდით ბორა მილუტინოვიჩის დანიშვნას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, გვინდოდა ამიერკავკასიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მწვრთნელთა მომზადების ცენტრის შექმნა - აი, ასეთი პროექტები გვქონდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
,,გაგლეჯილი სმა მიდიოდა,,ნეტა ვინ იყვნენ მაშინ საქართველოს ნაკრების მოწინავე ფეხბურთელები?ჰოდა ნუ გიკვირთ ქართველებო რატომა ვართ ასეთ სიტუაციაში.
vep1963
17:14 24-10-2013
0
ჰო და გასაგებია,არა და ფეხბურთელები მწვრთეკს აბრალებენ ხოლმე ყველაფერს,რას...ვახტანგურად დალევას თუ უშლის ხოლმე???
nukri
21:32 24-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული