კახა კაჭარავა: მითხრეს, შენს შვილს რატომ ათამაშებ ნაკრებშიო...

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკში" მწვრთნელი შეიცვალა - ვლადიმერ ხაჩიძის ნაცვლად გუნდს კახა კაჭარავა გაუძღვება.

თბილისის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს ევროპაშიც უთამაშია - ასეთია კაჭარავას მოკლე დოსიე. "დინამოში" მუშაობისას მის ხელში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც დაწინაურდა, მერე ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდა.

ბოლოს კაჭარავა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა კი - "სპარტაკი", სადაც დებიუტი 3 ნოემბერს ექნება "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო შეხვედრაში.

კაჭარავას რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- ამ ეტაპზე კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ "სპარტაკში"?
- მოგეხსენებათ, თუ რა სიტუაციაშია გუნდი. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ქულების
მოპოვებას, რათა გასავარდნ ზონას თავი დავაღწიოთ.

- საამისოდ, ალბათ, გამოცდილი ფეხბურთელებიც დაგჭირდებათ...
- ზოგადად, გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების ყოლა კარგია, თუმცა გააჩნია, რა დონის გამოცდილება ექნებათ მოთამაშეებს. ამ ეტაპზე შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. ჯერ უნდა გავარკვიოთ, ყველაზე მეტად რომელ პოზიციებზე სჭირდება გუნდს გაძლიერება.

- "სპარტაკი" ახალ ფეხბურთელებს თუ დაიმატებს, ეს საშუასეზონო პერიოდში მოხდება. აქვს კლუბს იმის საშუალება, რომ მნიშვნელოვნად გააძლიეროს შემადგენლობა?
- ვნახოთ. შემადგენლობის გაძლიერება იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რა ფინანსური შესაძლებლობა ექნება კლუბს. დღეს თითქმის ყველა ქართულ კლუბს ფინანსურად უჭირს, საქართველოში ალბათ მხოლოდ 3-4 გუნდია ისეთი, სტაბილური ფინანსური ზურგი რომ აქვს.

- მაინც რამხელა წლიური ბიუჯეტი მიგაჩნიათ მყარ ფინანსურ ზურგად?
- თუ ვინმე ფიქრობს, რომ გუნდს 2-3 მილიონი დოლარი ეყოფა იმისთვის, რომ ევროტურნირის ჯგუფში მოხვდეს, ძალიან ცდება. ზოგი უცხოური კლუბი ამაზე მეტს ხარჯავს, მაგრამ ჯგუფში მაინც ვერ ხვდება. ძალიან ძნელია ამ ბიუჯეტით ასეთი მიზნის შესრულება.

ჰოლანდიურმა კლუბებმა სწორი გზა აირჩიეს, იმდენი ბიუჯეტი აქვთ, ევროტურნირის ჯგუფში რომ მოხვდნენ. ამის შემდეგ მათი ფეხბურთელები უფრო რეკლამირებულები ხდებიან და ევროპის უფრო მდიდარ კლუბებში გადადიან.

ვფიქრობ, ჩვენც ეს გზა უნდა ავირჩიოთ, დიდი ქვეყანა არ ვართ და იმიტომ. ნიჭიერ ფეხბურთელს 2-3 წელი უნდა შეუქმნა განვითარებისთვის საჭირო პირობები, მერე კი უნდა მისცე იმის შანსი, რომ უკეთეს ჩემპიონატში და კლუბში წავიდეს.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების პრობლემა რაში მდგომარეობს? რატომ არ ჩანს წინსვლა?
- უნდა მივეჩვიოთ სიმართლის თქმას. ეროვნული ჩემპიონატის დონე დაბალია და სამწუხაროდ, ყოველ წელს კიდევ უფრო დაღმა მიგვდის საქმე. მოდიან ნიჭიერი ახალგაზრდები, მაგრამ როცა საქმე უკან მიდის, რატომ გვიკვირს, რომ ისინი სათანადოდ ვეღარ ვითარდებიან? დაბალი დონე, დაბალი ტემპი - ამის შემდეგ უცბად ვერ გადაერთვები ევროპულ დონეზე.

ზოგს რუსეთის პრემიერლიგა არცთუ კარგ ჩემპიონატად მიაჩნია, მაგრამ ეს ასე არ არის. იქ სტაბილურად მხოლოდ ორი ქართველი თამაშობს - ალექსანდრე ამისულაშვილი და გია გრიგალავა, ჯანო ანანიძე კი ჯერაც ახალგაზრდაა. საქართველოს ნაკრების ზოგი მოთამაშე კლუბში ვერ ხვდება 18 კაცში, ზოგსაც იშვიათად უწევს მოედანზე გასვლა.

ადრე "მილანის", "აიაქსის", "რეინჯერსის", "შალკეს", "ნიუკასლის" ფეხბურთელები თამაშობდნენ საქართველოს ნაკრებში, დღეს კი...

ბავშვთა ფეხბურთზეც უნდა ითქვას - ბევრია ამ სფეროში ისეთი მწვრთნელი, ბურთისთვის ფეხი რომ არ დაურტყამს; ზოგი მწვრთნელი ვარჯიშზე იგინება, ზოგიც ბავშვს პირველად იმას ეკითხება, ფული გადახდილი აქვს თუ არა... არადა, ბავშვების მწვრთნელი, პირველ რიგში, პედაგოგი უნდა იყოს. ყველაფერთან ერთად, ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების სიყვარული უნდა ჩაუნერგოს მოზარდს.

- საქართველოს ჩემპიონატში, გუნდური თამაშის მხრივ, ყველაზე მეტად რომელ კლუბს გამოარჩევდით?
- ქუთაისის "ტორპედოს".

- უყურეთ "ტორპედოს" თამაშს "სპარტაკთან" თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში?
- "ტორპედომ" მანამდე "დინამოსთან" იბრძოლა და "სპარტაკთან" ხარისხიანი თამაში რომ ვერ გამოუვიდა, ვფიქრობ, გადაღლილობის ბრალი იყო.

- "ზესტაფონთან" განშორება რომ მოგიწიათ, ეს რისი ბრალი იყო?
- სამი თვის განმავლობაში გაურკვევლობა იყო იმის თაობაზე, თუ რა დაფინანსება ექნებოდა გუნდს. როგორც ჩანს, ახლა ამ მხრივ ნორმალურადაა საქმე და ამ გუნდს წარმატებას ვუსურვებ.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან რატომ წამოხვედით?
- მითხრეს, შენს შვილს რატომ ათამაშებ ნაკრებშიო და ამიტომ.

წლინახევრის უთამაშებელი მივიყვანე ნაკრებში ბაჩანა არაბული და ლაშა დვალი, მაგრამ ამით რა, ცუდი საქმე გავაკეთე? "დინამოში" გიორგი ლორიას, გურამ კაშიასა და მათე ვაწაძეს რომ ვათამაშებდი, ვერ მოხვდნენ მერე ეროვნულ ნაკრებში?

მოედანზე რომ გაიყვან ფეხბურთელს, უკვე ვეღარავის მოატყუებ...

- თქვენი ვაჟით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძეც დაინტერესდა, თუმცა ბოლო შეკრებაზე ნიკა კაჭარავა არ ყოფილა...
- საზარდულის ტრავმა აწუხებდა, სამი კვირა ამის გამო გაუცდა. რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიში განაახლა, ყაზანის "რუბინის" მეორე გუნდის ამასწინანდელ შეხვედრაში ბოლო 20 წუთი ითამაშა...

დოსიე
კახა კაჭარავა
დაიბადა 1966 წლის 19 სექტემბერს

საფეხბურთო კარიერა
1985 სამეგრელო
1986-87 ლოკომოტივი სამტ. 47 (7)
1988 ტორპედო ქ. 29 (15)
1989-92 დინამო თბ. 96 (54)
1992-94 ოლიმპიაკოსი ნიქ. 45 (20)
1994 ტრაბზონსფორი 7 (2)
1995 დინამო თბ. 1 (0)
1995-96 ტენის ბორუსია 19 (7)
1996-98 ჰომბურგი 61 (19)
1998-2000 ვალდჰოფი 5 (1)
2000-01 იბერია 2 (0)

* * *
1992-94 საქართველოს ნაკრ. 2 (1)

სამწვრთნელო კარიერა
2006 დინამო თბ.
2009-11 დინამო თბ.
2012 საქართველო U 19
2012-13 ზესტაფონი
2013... სპარტაკი


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Au es ra mwvrtnelia?zestafonshi ro iyo, mashin sinjebze iyo 17wlis kameruneli fexburteli.romelic barselona juvenilshi tamashobda,aman daiwuna da gaushva. aseti donis samushia da endeladzec gvyavso.
HENRY14
09:50 02-11-2013
0
არ გეყოფათ ამ რულეტკის ტრიალი? რა წარმატებებს მიაღწია სამწვრთვნელო ასპარაზზე??? საქართველოს ფეხბურთი სწორედ იქ დგას სადაც უნდა იყოს. და კიდევ დომენტის და რეზის გაუფრთხილდიტ არ გაგიცივდეთ,სამი გრანდიოზული პროექტი აქვთ განსახორციელებელი. თანაც კაჭარავა ახლა ცხინვალს ჩემპიონს გახდის და მერე ნაკრების მწვრთნელადაც დანიშნავენ :))))

ქატო იქა ფქვილი აქა და ა.შ.
GIO-XIII
20:48 01-11-2013
0

სიახლეები პოპულარული