ვინ იცის, რამდენი ტალანტი დაგვიკარგავს...

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი გადასარჩენია და დღეს არსებული უმძიმესი მდგომარეობისგან თავის დასაღწევად, უეჭველია, რაღაც უნდა უნდა გაკეთდეს.

მაგრამ, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად? ამაზე სხვადასხვა მოსაზრებაა, არსებობს რამდენიმე პროექტიც. ყველა მათგანი საინტერესოა. ზოგისთვის ხსნა კლუბების განსახელმწიფოებრიობაშია, ზოგიც, პირიქით - მიიჩნევს, რომ კლუბები რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყვნენ სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ...

ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტ ლევან ფხაკაძის პროექტის მიხედვით, ბიზნესმენები გადასახადის ნაწილისგან უნდა გათავისუფლდნენ და ეს გამოთავისუფლებული თანხა ფეხბურთში (ან სპორტის რომელიმე სახეობაში)
დააბანდონ.

უმაღლესი ლიგის კერძო კლუბები პრემიერლიგის ჩამოყალიბებაზე ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ მარკეტინგული და საორგანიზაციო საკითხების დელეგირებით, უმაღლესი ლიგა უფრო მიმზიდველი და კომერციულად შედარებით საინტერესო გახდება. მაგრამ მათ ჯერ საქმეს თავი ვერ მოაბეს.

გორის "დილას" მენეჯერ გია ისიანის პროექტის თანახმად, ფეხბურთის განვითარებაში სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა, ფინანსური დოტაცია და მინიმუმ 3-წლიანი გარანტია, რომ სახელმწიფო ფეხბურთს დაეხმარება.

გაზაფხულზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას განცხადებამ - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის თაობაზე.

თითქოს, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლის შესახებ უეფაც ინფორმირებული იყო, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდებოდა. მაგრამ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა, აზერბაიჯანელებმა დუმილი ამჯობინეს და აღმოჩნდა, რომ უეფაც წინააღმდეგი ყოფილა. საბოლოოდ, ამ პროექტმაც ჩაილურის წყალი დალია.

მცირე ხნის წინ, ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმაც წარმოადგინა. მისი თქმით, უკვე არსებობს პროექტის ჩონჩხი და ახლა დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს საფეხბურთო სკოლების, პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებისა და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას. ამ პროექტის განხორციელება 2014-15 წლების სეზონიდან უნდა დაიწყოს. მისი რეალიზაციისთვის წელიწადში, სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომლის 25-30 პროცენტი უმაღლესი ლიგის კლუბებს მოხმარდებათ.

კარგი ისაა, რომ ბოლო წლებში პირველად, სახელმწიფო დაფიქრდა, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გარეშე არაფერი გამოვა.

გასაგებია, რომ არც წინა ხელისუფლება იყო შორს ფეხბურთისგან. იქაც იყვნენ ფეხბურთის მოყვარულები და უზარმაზარი თანხებიც დაიხარჯა - მიახლოებითი გათვლებით, 100 მილიონ ლარამდე. მაგრამ ეს ზედაპირული და გაუაზრებელი დაფინანსება იყო, სადაც ფული ნაკრებებსა და მწვრთნელებზე (ინფრასტრუქტურაზეც) იხარჯებოდა, მაგრამ მარტო ეს ფეხბურთს ვერ განავითარებდა, რადგან ამ 100 მილიონიდან, ბავშვთა ფეხბურთზე არაფერი დახარჯულა. ხოლო ლაპარაკი იმაზე, რომ, თურმე, 1000 მინი-მოედნის მოწყობის შედეგი იყო 17-წლამდელთა ნაკრების (მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) წარმატება, გულუბრყვილობა გვგონია.

ფეხბურთს მინი-მოედნები კი არა, უზარმაზარი მეურნეობა სჭირდება. ევროპის ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებში ბავშვთა სკოლები სახელმწიფოს ან თავად კლუბების კმაყოფაზეა. ჩვენთან კი ყველაფერი მიშვებულია და ამიტომაა, რომ საფეხბურთო სკოლებს ისევ ფეხბურთის მოყვარულმა ბიზნესმენებმა მიხედეს. არადა, სკოლას კოლოსალური ხარჯი სჭირდება, ამ ბიზნესმენებს კი, ეტყობა, იმხელა შემოსავალები არ აქვთ, რომ უფასო ჯგუფები ჰყავდეთ. უფასო სკოლები თითქმის აღარ დარჩა.

ახალი არაფერია იმაში, რომ ფეხბურთში ტალანტების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან მოდის. დღეს ყველა საფეხბურთო სკოლაში ასეთებს შეღავათს უწევენ, მაგრამ რამდენი ბავშვია, რომლის მშობელსაც თუნდაც 50 ლარის გადახდა არ შეუძლია.

და ვინ იცის, ამის გამო რამდენი ტალანტი დაგვიკარგავს...

ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესო რამ თქვა ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა. კლუბი, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს, ყოველგვარი პროგრამებისა და განსჯის გარეშე, უფასო საფეხბურთო ჯგუფებს დააფინანსებს.

"ბათუმის 13 რაიონში საფეხბურთო ჯგუფებს ჩამოვაყალიბებთ, სადაც ჩვენი მწვრთნელები, ჩვენივე დანიშნული ხელფასებით, ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებენ.

მიგვაჩნია, რომ ეს დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საქმეა, რადგან ხალხს ფეხბურთზე სიარულის საშუალება არ აქვს",
- თქვა ფედიჩკინმა.

ვფიქრობთ, სწორედ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაზეც ქართული საფეხბურთო სამყარო უნდა ლაპარაკობდეს და რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები მაინც უნდა აკეთებდნენ საკუთარ ქალაქებსა და რაიონებში. ასეა თბილისის "დინამო", "ზესტაფონი" და საჩხერეს "ჩიხურა", მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. სხვაგვარად კი, ტალანტებს ვერანაირი პროგრამა ვერ აღმოაჩენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯონი ხარ თუ ვიგაც.. როგორ გეტყობა რომ გონება დაქვეითებული ხარ. ქართველ ხალხთან რა გინდა?
zviad
11:10 11-11-2013
0
6-7 წლის უკან ბათუმის ადელს ძალიან კარგი გუნდი ყავდა. საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ძალიან კარგად გამოდიოდა. 1ლზე არ გაყავდათ, რადგან თბილისური გუნდი არ იყო, სხვა მხრივ დაფრენილი ყავდა მეტოქეები. ბევრჯერ ჩემპიონობა მსაჯს წაურთმევია.
7-8 მართლა პერსპექტიული ფეხბურთელი ყავდათ. ზოგი იტალიელებს უნდოდა, ზოგი რუსებს, ზოგი ვის.... მაგრამ მოხდა ისე, რომ დღეს არავინ თამაშობს ფეხბურთს იმათგან.
იმ ბიჭების ადგილზე, მე საქართველოში ფეხს აღარ დავადგამდი. მიმიფურთხებია ქართველი ხალხისთვის.
Joni
10:10 11-11-2013
0

სიახლეები პოპულარული