გიორგი დევდარიანი: ვერ დავიჯერებ, რომ მხითარიანი ოქრიაშვილზე ნიჭიერია

AutoSharing Option
კარგა ხანია, ჩვენებური საფეხბურთო სცენარები საცირკო სცენარებს დაედარა და მგონი, წარმატებით უსწრებს კიდეც. რა დასანანია, რომ ქვეყანაში ნამდვილი ცირკი აღარ გვაქვს - ეგებ ცირკი საცირკო არენას რომ დაჰბრუნებოდა, ნამდვილ ფეხბურთსაც ეპოვა მოედანი... თუ არა და, მართლაც, რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?!

გიორგი დევდარიანი გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად რომ მივიდა, ყველა მის ნიჭიერებასა და წარმატებაზე ალაპარაკდა. ბოლოს და ბოლოს, "დილამ" ევროსარბიელის სამ ეტაპზე სწორედ მისი თავკაცობით ითამაშა, შემდეგ კი კვლავ ქართული საფეხბურთო სცენარი გათამაშდა: კლუბის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გუნდიდან ისე გამოუშვა,
ფეხბურთის გულშემატკივრისთვის არგუმენტირებული ახსნა-განმარტებაც არ მიუცია...

- როცა საქმე შვილების მომავალსა და სტაბილურობას ეხება, სათქმელი უნდა ითქვას. რადგან საკუთარ თავს მწვრთნელი დავარქვი, რამდენიმე წარუმატებლობის გამო საქმეზე უარს ვერავინ მათქმევინებს. ფეხბურთის გარდა, სხვა ბიზნესი არ გამაჩნია.

ჩემი სამშობლოც ჩემი ოჯახიდან, შვილებიდან იწყება და მოვალე ვარ, მათ ღირსეულ ადამიანებად, მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად ყველა პირობა შევუქმნა. საამისოდ კი იმ საქმის განვითარებაა საჭირო, რასაც ვემსახურებით. სამწუხაროდ, ხშირად ეს ისეთ ხალხზეა დამოკიდებული, ვინც საქმეში ჩახედული არ არის. ამიტომ არ შეიძლება გაჩუმება!

არ ვამბობ, - ტოპმწვრთნელი ვარ-მეთქი და არც გია გეგუჩაძეს ვედრები, რადგან ის ჩემზე ბევრად წარმატებული, სამაგალითო, მისაბაძი კაცია. მაგრამ პარადოქსულია, რომ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ჩემპიონატი ვერ არის სათანადოდ განვითარებული, წარმატებული მწვრთნელი შინ უსაქმოდ იჯდეს.

ფეხბურთის გარეშე ნამდვილად არ გავჩერდები და სიმართლე გითხრათ, ბავშვებთანაც ბედნიერად ვგრძნობ თავს, მაგრამ ასეთი ბუნდოვანება და გაურკვევლობა როდემდე უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში? გუნდების უმრავლესობამ არ იცის, უახლოეს მომავალში რა ელის; ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, ისე იცვლებიან გუნდის მფლობელები, უახლოესი ორი წლის სტრატეგიასაც ვერ დაგეგმავ.

დარწმუნებული ვარ, გორის "დილას" წარმატება ყველას უნდოდა, ვინც ამ გუნდთან რაღაცით მაინც იყო დაკავშირებული, მაგრამ სიყვარული - ერთია და საქმის ცოდნა - მეორე. ხშირ შემთხვევაში, მართვის სადავეები არაპროფესიონალებს აქვთ. განა არ უნდათ გუნდში პროფესიონალი მწვრთნელის მიყვანა, მაგრამ მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

- მაინც რომ მიჰყავთ და მალევე ემშვიდობებიან, ესეც ხომ გაუგებარია?
- ამიტომ ვამბობ, მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ-მეთქი. კონკრეტულ გუნდში იდეების განსახორციელებლად პროფესიონალი ხანგრძლივ გეგმას ითხოვს. ჩვენთან ვის აქვს ასეთი გეგმა? გუნდები 6-თვიან სამომავლო გეგმას ვერ წარმოგიდგენენ და ისიც კი არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ. ეს გაურკვევლობა მძიმე დაღს ასვამს გუნდის ყოფას.

მაგალითად, გორის "დილას" მწვრთნელობისას, უეფას თასის 6 და ეროვნული ჩემპიონატის 22 თამაში ჩავატარეთ. 28 მატჩის ერთი ამოსუნთქვით, თანაც - ჩავარდნის გარეშე თამაში წარმოუდგენელია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს გუნდი ერთი თვის წინ 800-ათასლარიანი ბიუჯეტით იყო დაკომპლექტებული. ამ თანხას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მეტის შემთხვევაში, უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი გვეყოლებოდა და სათადარიგოთა სკამიც გაცილებით გრძელი იქნებოდა, მაგრამ რაკი ფინანსურად შეზღუდული ხარ, შესაბამისად, შეზღუდულია შენი სკამიცა და არჩევანიც. ამდენად, ადამიანის ნამუშევარი და ნამოქმედარი მის ხელთ არსებული რესურსიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, თორემ კრიშტიანო რონალდოს რომ ვერავინ მომიყვანდა გუნდში, ყველამ ვიცით.

ისედაც მწირი შესაძლებლობების გუნდს გაძლიერების ნაცვლად, შუა სეზონში ორი ლიდერი რომ გამოაკლდება, როგორ უნდა ითამაშოს?

"დილას" ზედიზედ რამდენიმე წარმატებული თამაშის შემდეგ, პატარა ჩავარდნას, რაც გარდაუვალი იყო არსებული რესურსიდან გამომდინარე, ვეღარ შეეგუვნენ. ეგონათ, გუნდს სულ უნდა მოეგო. ამიტომ ვამბობ, ყველაზე ცუდი გაურკვევლობა და არაპროფესიონალიზმია-მეთქი. აცადე, რა, პური მეპურემ გამოაცხოს! 3 თვეში ტოპკლასის გუნდი არ კეთდება.

- ქართულ გუნდებს და ეროვნულ ნაკრებსაც გამარჯვების მისაღწევად მოტივაცია რომ აკლიათ, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ მოტივებიდან ერთ-ერთი საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც უნდა იყოს. თუმცა, ნაკრებს სად და რატომ დაეკარგა საკუთარი ქვეყნისთვის, პრესტიჟისთვის ბრძოლის ჟინი, მართლა მაოცებს. სხვადასხვა უცხოურ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს ხომ მაინც აქვთ კარგი ანაზღაურება? ალბათ მაინც, საგანგებო ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო, თუმცა მგონი, თქვენ მოითხოვეთ ერთხელ ფსიქოლოგი და ეს სასაცილოდაც არ ეყოთ...
- კი, ნაკრებში მოვითხოვე ფსიქოლოგი და ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. მიპასუხეს: თუ მწვრთნელიც მოგიყვანეთ და ფსიქოლოგიც, შენ რაღად გვჭირდებიო? არადა, უცხოეთის ნებისმიერ წამყვან გუნდსა და ფედერაციას ჰყავს ფსიქოლოგი, რადგან იციან, წარმატებული ფეხბურთელის აღსაზრდელად ეს აუცილებელი პირობაა...

ვფიქრობ, თუ არ დაიწერა თითოეული კლუბისთვის მინიმუმ ხუთი წლის განვითარების გეგმა, ამ საქმეში ფულს არავინ ჩადებს. ადამიანმა ხომ უნდა იცოდეს, რაში დებს თანხას? ყველა ხედავს, რომ რა ფულიც იდება კლუბებში, არაეფექტიანად იხარჯება. მწვრთნელი ლოკალურ, ყოველდღიურ ამოცანებს ეჭიდება, როგორმე უახლოესი თამაშები რომ გადააგოროს და შორეულ პერსპექტივაზე როგორღა იფიქრებს?

- ამას წინათ მოვისმინე, კარგი ქართველი მწვრთნელის ყოლა ქართულ ფეხბურთში დიდი ფუფუნებააო. ფეხბურთის განსავითარებლად უცხოელ მწვრთნელებს რომ ვეპატიჟებით, მათი მოწვევა არ არის ფუფუნება?
- თავის ქვეყანაში წარმატებული უცხოელი მწვრთნელი აქ სამუშაოდ არ წამოვა. ევროპიდან ჩამოსულს იქ იმხელა ბაზარი აქვს, სადმე მაინც უნდა გაძვრეს, მაგრამ თუ თავისი ქვეყნის ჩემპიონატზე უკეთესი აქ დახვდება, ამ მწვრთნელის მაღალ კლასზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ვინც მოდის, როგორც ჩანს, აქ მუშაობას ტრამპლინად იყენებს. შესაბამისად, ის დიდ ანაზღაურებასაც არ მოითხოვს.

- გია გეგუჩაძესაც ვკითხე და თქვენც გაგიმეორებთ: რატომაა, რომ ბავშვთა ფეხბურთში გაცილებით მეტ წარმატებას ვაღწევთ ხოლმე, გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეებიც თითქოს მრავლად არიან, მერე კი უმრავლესობა სადღაც იკარგება...
- ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ნეტავ, ამის ამოხსნაში ვინმე დაგვეხმაროს. მაგალითად, ვერ დავიჯერებ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი დორტმუნდის "ბორუსიაში" მოთამაშე ჰენრიხ მხითარიანზე ნაკლებად ნიჭიერია, მაგრამ რატომღაც, ბოლომდე არ იხარჯება. მიმიხვდით ალბათ, რომ ოქრიაშვილს ამ შემთხვევაში ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის კრებითი სახე აქვს და უნდა განვაზოგადოთ.

იმავეს ვიტყოდი გიორგი ჭანტურიასა და ჯანო ანანიძეზეც. უბრალოდ, მხითარიანის საქმისადმი დამოკიდებულება ჩვენი ფეხბურთელების დამოკიდებულებისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია. უკრაინაში თამაშისას მას ძალიან დიდი ანაზღაურება და კარგი პირობები ჰქონდა, მაგრამ ბაზაზე ცხოვრობდა. როდესაც ჰკითხეს, ასე ასკეტივით რატომ ცხოვრობო, უპასუხა: აქ ვარ კონცენტრირებული და საქმეზე ორიენტირებული, ანუ, აქ არის ის პირობები, რაც განვითარებისთვის მჭირდებაო. ამიტომაც გამოირჩევა "ბორუსიაშიც" და ისეთ რამეებს აკეთებს, ლამის მარტოც იგებს თამაშებს.

ერთი ფსიქოლოგისგან მოვისმინე წარმატების ფორმულის განმარტება: ეს არის ნება, რწმენა, შთაგონება და საქმისადმი დამოკიდებულებაო. წარმატების მთავარ განმსაზღვრელად კი ბოლო ვარიანტი დაასახელა. ზრდის პროცესში ფეხბურთელი დროის ნაწილს მწვრთნელთან ატარებს, ნაწილს - სკოლაში და ნაწილს - ოჯახში. ამიტომ სამივე მხარემ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა მის სწორ აღზრდაზე. ვფიქრობ, უპირველესად ოჯახიდან, სკოლიდან უნდა მოჰყვებოდეს მას მოტივაცია, რომ მერე, როცა მწვრთნელიც დაელაპარაკება, ყველაფერი იოლად გაიგოს.

თუკი დაუკმაყოფილებლობის ან დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემს საქმეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, ნაკრების ბევრი ფეხბურთელი, ვისთანაც ნაკრებში მისვლამდეც მიმუშავია, ასე რამ შეცვალა?!

ჩვენთან თითქოს, სხვაგვარად ესმით ვარჯიში: შეიძლება, ფეხბურთელი საათ-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდეს, მაგრამ დანარჩენი 22 საათი სრულიად არასაფეხბურთო ცხოვრებით იცხოვროს - შესაძლოა, ღამის კლუბში გაათენოს, მეგობრებთან ერთად მოილხინოს. ჰოდა, მეორე დღისთვის ენერგიას ვეღარ აღიდგენს და საბოლოოდ, ხარისხიანად ვეღარ ითამაშებს.

რომ დავუკვირდი, ჩვენი წარმატებული ბიჭები მას შემდეგ იცვლებიან, რაც ჩვენ - ოჯახსა და მწვრთნელებს გვშორდებიან. დამოუკიდებლობას მიაღწევენ თუ არა, მათ სულსა და გონებაში რაღაც ხდება და საქმისადმი დამოკიდებულებაც ეცვლებათ. ჩანს, აღზრდისას ისევ ჩვენ შეგვეშალა რაღაც.

ამიტომ უპირველესად, სწორედ ჩვენი შეცდომების მიკვლევაა აუცილებელი, საამისოდ კი სხვადასხვა სფეროს კომპეტენტურმა წარმომადგენლებმა საფუძვლიანი კვლევა ერთობლივად უნდა ჩაატარონ. თუკი იმ მიზეზს მოვძებნით და ზუსტად გვეცოდინება, დასაწყისშივე რა უნდა ჩავუნერგოთ ბიჭებს, უკვე სხვა გარემოსა და პირობებში მოხვედრილი მათი გონება დამოუკიდებლად ცხოვრებისა და მუშაობისთვისაც სათანადოდ მზად აღმოჩნდება. ასე არც თავის ქვეყანას დაივიწყებენ, გაცილებით დიდ მიზნებსაც დაისახავენ და არც მიღწეულით დაკმაყოფილდებიან.

ძალიან მნიშვნელოვანია, დაიჯერონ, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. გარდა ამისა, აუცილებელია, ქართული ფეხბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა მაინც დაიწეროს და თითოეულმა კლუბმაც საკუთარი განვითარების მინიმუმ, 5-წლიანი გეგმა წარმოადგინოს. კლუბები მხოლოდ ამ გეგმების მიხედვით უნდა დაფინანსდნენ, სხვა შემთხვევაში, ქარს გატანებული იქნება მთელი თანხა.

ვფიქრობ, კონკურსი ან ტენდერი უნდა გამოცხადდეს, სადაც არა პიროვნებებს, არამედ პროგრამებს, გეგმებსა და მათი შესრულების გზებს დაუჭერენ მხარს. მერწმუნეთ, მხოლოდ ამ გზით თუ განვითარდება ქართული ფეხბურთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ირმა ხარშილაძე
ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მარტო ნიჭიერება კაიხანია უკვე აღარ თაამშობს ფეხბურთს
juventus
14:16 24-11-2013
0
: (
შოთი
14:31 24-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული