სენსაციური წერილი: რუსები საქართველოს ნაკრებს "თანამეგობრობის თასზე" იწვევენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გარკვეულწილად სენსაციური წერილი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს "თანამეგობრობის თასზე" იწვევენ.

აი, რას იუწყება სფფ-ის პრესსამსახური:

"დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მიიღო ოფიციალური წერილი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ნიკოლაი ტოლსტიხისგან, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (1993 წლის 1 იანვრამდე ან მას შემდეგ დაბადებულთა გუნდი) მიწვეულია სანკტ-პეტერბურგში, სადაც 2014 წლის 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე "თანამეგობრობის თასის" 22-ე გათამაშება გაიმართება.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური წერილისა და შემოთავაზების განხილვა სფფ-ში უკვე მიმდინარეობს".

"თანამეგობრობის თასის" ჩატარება 1992 წელს
დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის საფეხბურთო ასოციაციის სხდომაზე გადაწყდა. თავიდან ის საკლუბო ტურნირად იყო ჩაფიქრებული და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩემპიონებს უნდა ეთამაშათ - ეს პოსტსაბჭოეთის არაოფიციალური ჩემპიონთა ლიგა იყო.

1993 წელს პირველი ტურნირი გაიმართა. თავიდან საკმაოდ პოპულარული გათამაშებაც იყო, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ცნობილმა კლუბმა, სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპის გამართვის მოტივით, დუბლების გაგზავნა დაიწყო, ტურნირის პრესტიჟი დაეცა და რუსები მიხვდნენ, რომ ფულს ტყუილად ყრიდნენ.

2011 წლიდან მათ თანამეგობრობისა და ბალტიის ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებების (1991 წელს და შემდეგ დაბადებულთა) საერთაშორისო გათამაშებად გადააკეთეს.

ჩვენი გუნდები ტურნირში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ მონაწილეობდნენ და ცხადია, არც მერე, როცა თასზე ახალგაზრდული ნაკრებები დაუშვეს. ეს რუსებმაც კარგად იცოდნენ და თავადვე აღარ გვიწვევდნენ.

მომავალ ტურნირს რაც შეეხება, 2014 წლის გათამაშებაში ჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია. A ჯგუფში მოხვდნენ ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, ტაჯიკეთი; B - ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უზბეკეთი; C - უკრაინა, ლიტვა, მოლდოვა, თურქმენეთი.

ჯერ არავინ იცის (ყოველ შემთხვევაში, ამაზე არაფერს წერენ), საქართველოს რომელ ჯგუფში სთავაზობენ თამაშს და ვის ნაცვლად.

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ეს მათთვისაც უცნობია, მაგრამ ფაქტია - მიწვევა მივიღეთო.

სავარაუდოდ, სფფ რუსების შემოთავაზებაზე პასუხს 13 დეკემბერს იტყვის. ოღონდ, მანამდე ზვიად სიჭინავა ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან გამართავს კონსულტაციებს.

ამ ინფორმაციამ გულშემატკივრებში აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია. საეჭვოა, ჩვენი ქვეყნის ჭკუათმყოფელ მოქალაქეს რუსული პოლიტიკა მოსწონდეს, მაგრამ სპორტული კუთხით, ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს ტურნირი სასარგებლო უნდა იყოს და დაფიქრებად მაინც ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვე *** რუსებს ამით იმის თქმა უნდათ რომ ვერსად გაექცევით და დღემდე სნგს წევრად მივაჩნივართ ნახეთ ტელეკომპანია "მირ" ისინი საქართველოს აშუქებენ როგორც სნგს წევრ ქვეყანას და თბილისში წარმომადგენელიც კი ყავთ.
0
სპორტული თვალსაზრისით ამაში ცუდი არაფერია და ძალიანაც კარგს იზამენ თუ მიიღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში,ქართველი ფეხბურთელები და საეღთოდ თუ მოიგებენ მაგ სნგ თასს...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული