ვერის პარკის კრიზისი
ეს ადგილი თბილისელებისთვის მოედანზე მეტია და ამიტომაც შეეცადა "ლელო" პრობლემაში გარკვევას. ვერელი გულშემატკივრები იმუქრებიან, სტადიონის ავტოფარეხად გადაკეთება, შესაძლოა, ეს თემა თბილისურ "ტაქსიმის პარკის" კრიზისად (პროტესტი სტამბულში) გადაიქცესო.
"მოკლედ, ვერის პარკის ცნობილი ღია სტადიონი გაანადგურეს. რაც ვერ გაბედეს სააკაშვილის დროს, ახლა მოხერხდა.
ეს სტადიონი ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს - უამრავმა ფეხბურთელმა თამაში აქ ისწავლა. მაგალითისთვის
გულშემატკივართა შეკრებისთვის ქალაქში ორი ადგილი იყო - ვერის პარკი და "მუშტაიდი" თავისი მინი-სტადიონებით. თითქოს, სანაცვლოდ, არსებული სტადიონის ზომის ნახევარი კორტებზე გამოყვეს. ამით კორტებიც დააზარალეს - იქ შესვლა ფასიანია და თან ბურთი სანაპიროზე ვარდება ხოლმე.
მოკლედ, ვერაზე ბავშვებს ჯანმრთელი ცხოვრების წესი აუკრძალეს", - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
"ჟურნალისტებს მხოლოდ მინისტრებთან ინტერვიუები სასიკეთოს არაფერს მოგიტანთ. ნახეთ ხალხის განწყობა, მიდით პარკში და ესაუბრეთ - ვერელები გაგიჟებულები არიან. უკვე ერთი წელია, რაც ეს პრობლემა არსებობს. ფუტსალის ბიჭების გარდა, ხმა არავინ ამოიღო.
მარტო ლევან გრიგოლია და მისი მეგობრები იბრძოდნენ და მაინც ვერაფერი მოახერხეს. გრიგოლია ჩვენი უბნელია და ყველაფერი იცის. ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტისაა და ადვილად ვერ გაყიდიდნენ.
ზვიად სიჭინავა უეფას თანხებს დებდა, დარბაზი და სტადიონი მაღალ დონეზე რომ გაეკეთებინა. ფუტსალის ხალხი მერიას ებრძოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, არ დაუთმეს.
იქნებ ვერის პარკი გადავარჩინოთ. დამიჯერეთ, აქ ქართული ფეხბურთისთვის ბევრი უჩინარი საქმე კეთდებოდა! ეს იყო ფეხბურთის მექა. ასაკოვანი ხალხი იხსენებს, რომ ადრე ამ სტადიონზე ვერელები დიდ "დინამოს" მაისურებზე ეთამაშნენ და მოუგეს. აქ ფეხბურთის დიდი სიყვარულით ვიკრიბებოდით და ჩვენ ამ მოედანს არ დავთმობთ.
მოკლედ, ყიფიანი ვალდებულია, გადაარჩინოს ბაღი და სტადიონი", - გვეუბნება გიორგი, ვერელი გულშემატკივარი.
მერე დედებიც გაყიდეთ!
ეს ყველაფერი იმ განუკითხავი და დაუკრეფავში გადასული პრივატიზაციის შედეგია, რომლის მიზანი ბიუჯეტის ფულით შევსება იყო.
გაიხსენეთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მარტო თბილისში რამდენი საფეხბურთო მოედანი განადგურდა და გასხვისდა: ოქროსუბანში ძველი 35-ე საფეხბურთო სკოლის (სადაც გაიზარდნენ მესხი, კოტრიკაძე, იამანიძე, კალოევი, ყიფიანი, გუცაევი, მაჩაიძეები, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი) ნაცვლად, ჯერ საკოლმეურნეო ბაზარი გახსნეს, შარშან კი მშენებლობა წამოიწყეს.
იყო დაპირება, რომ სკოლას სხვა ადგილზე აუშენებდნენ მოედანს, მაგრამ რა სკოლა და რის მოედანი?!
ვაკის სტუდქალაქის მოედანზე კორპუსები წამოჭიმეს, ისევე, როგორც იქვე მდებარე "ირაოს" სტადიონზე, რომელიც ბოლო წლებში ვაკეში ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო.
თბილისელი გულშემატკივრის თავშეყრის საყვარელი ადგილის, ავლაბრის სტადიონის გარშემო სახლები ააშენეს და ოდესღაც საუკეთესო მოედანი აღარ არსებობს. აღარაფერს ვამბობთ რაგბიზე გადაცემულ "სინათლისა" და "შევარდენის" სტადიონებსა და დიღომში მდებარე თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის ბაზაზე.
გაიყიდა "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლა, სადაც 6 დიდი და პატარა ზომის მოედანი იყო. ის, რომ ამ უკანასკნელს სამაგიეროდ ნაძალადევსა და თემქაზე მდებარე "შრომითი რეზერვებისა" და "სიხარულის" სტადიონები გადასცეს, სულაც არ ნიშნავს, რომ დიდუბეში სხვა სკოლა გაიხსნება - ეს საფეხბურთო უბანი შესანიშნავი საფეხბურთო ცენტრის გარეშე დარჩა.
ვიღაცების მადას შეეწირა ტრიკოტაჟის სტადიონი (სადაც პირველი ნაბიჯები გადადგეს მანუჩარ მაჩაიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ, გელა კეტაშვილმა), რომელსაც დღემდე უფულოდ და უხელფასოდ მომუშავე ენთუზიასტები - ჟანი ლეჟავა და დავით სხიერელი ებღაუჭებიან და საფეხბურთო ჯგუფებს ინარჩუნებენ, თორემ იქაც მშენებლობაა დაწყებული.
უსტადიონოდ და დაპირებების ამარა დატოვეს ქართული ფეხბურთის ორი ბურჯი, ბათუმი და ზუგდიდი. მოკლედ, ბოლო 10 წლის "ბრწყინვალე" შედეგები სახეზეა: რამდენიმე ტრადიციული საფეხბურთო სკოლა ჩაკლეს, ორი დიდი ქალაქი კი უსტადიონოდ დარჩა და სად გავზარდოთ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომელთა დეფიციტიც ბოლო 4-5 წელი აშკარაა?
ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში ფულზე მეტი ღირებულება აღარ დარჩა? ნუთუ ისე გავხარბდით, რომ ერის მომავალი, ახალგაზრდების ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესიც პრივატიზაციას უნდა შევწიროთ? მაშინ იქნებ ქვეყანაც ბითუმად გავყიდოთ?!
ეროვნული ჩემპიონატის კომა
მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებლის დასწრებამ კატასტროფულად იკლო. მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ საგაზაფხულო ეტაპზე ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან საინტერესო გუნდები თითქმის აღარ დარჩა.
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყო;
მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის დასრულებამდე, "ტორპედოს" მეპატრონე ლევან ფხაკაძე ხალხს დაემშვიდობა, წავედიო. დადასტურდა, რომ ქუთაისის "ტორპედო" მეპატრონემ, კომპანია "ვისოლმა" მიატოვა - ეს გადაწყვეტილება გუნდს 23 დეკემბერს ამცნეს და ამის შესახებ დღეს-ხვალ საჯაროდაც განაცხადებენ. თუ ზამთარში ვინმე არ გამოჩნდა, "ტორპედო" შეიძლება გათამაშებიდან მოიხსნას. სეზონის ჩამთავრება ახლა მთლიანად ქუთაისის მერიაზე იქნება დამოკიდებული. ფეხბურთში ბიზნესმენთა მიზიდვის ძველი ხერხებით კი არავინ დაინტერესდა.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დაშლის პირასაა "ზესტაფონი", რუსთავის "მეტალურგს" ბიუჯეტს საგრძნობლად უმცირებენ და პირტიტველა ბიჭების ამარა რჩება;
ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელობა სამართლიანად მიიჩნევს, რომ 850 ათასი ლარი ნორმალური გუნდის ჩამოსაყალიბებლად და შესანახად არასაკმარისია;
"ვიტ ჯორჯიაც" იძულებულია, გაზაფხულიდან მხოლოდ ბავშვებს დაეყრდნოს.
მოკლედ, ჩემპიონატი მართლაც ჩაშლის პირასაა და თუ ჩატარდება, ვაი, ასეთ ჩემპიონატს...
წლების წინათ "სარბიელისა" და "ამერის" დამფუძნებლის, ზურაბ ფოცხვერიას ნათქვამის დაჯერება არ მსურდა - ქართული ფეხბურთი ისევე მოკვდა, როგორც დიდი უნგრული ფეხბურთიო. მაშინ ეს სიტყვები გულზე მომხვდა, მაგრამ მართალი ყოფილა.
ახლა ცუდი მდგომარეობაც აღარაა. ვასილ მაისურაძის გუნდის გარდა, თითქმის აღარაფერი შემოგვრჩა.
გულშემატკივრები უკვე ცინიზმით წერენ:
"სად არის ქართული ფეხბურთის საფლავი, ყვავილები მინდა მივიტანო და ტრადიცია ჩამოვაყალიბო. უცხოელი სტუმრები რომ ჩამოვლენ, პროტოკოლით მოვთხოვოთ, ქართული ფეხბურთის საფლავი გვირგვინით შეამკონ".
არის მხოლოდ მიზერული იმედი - დიდი ტრაგედია დიდი სიხარულის დასაწყისი რომ გახდეს. იქნებ სახელმწიფომ ფეხბურთს ახლა მაინც მიხედოს, წლების შემდეგ მაინც რომ დაგვიბრუნდეს ის სანახაობა, რომელიც სიხარულს გვანიჭებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"