ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თბილისში გამართული სუპერთასის მატჩის შემდეგ განაცხადა:
"ვფიქრობ, საუკეთესო დროა დღეს, რათა განვაცხადო, რომ მართლა მივდივარ. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს ჩემი პიკი იყო.
ამ განცხადებას დიდი წინააღმდეგობა არც მოჰყოლია და შევთანხმდით, რომ ფეხბურთი სიჭინავას გარეშე იქნებოდა. არჩევნებიც დაინიშნა და სიჭინავა აღარ ჩანდა, თუ ორიოდე დღის წინანდელ, მისთვის დამახასიათებელი იუმორით ნათქვამს არ ჩავთვლით - 7 სექტემბრამდე (კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა) ჯერ კიდევ არის დრო და შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მეც მივიღო, ამას არსებული ვითარება მაიძულებსო...
რეალურად, სიჭინავა იმ მოსაზრებას იზიარებს, რასაც ერთ-ერთი ტელეკომპანია ავრცელებს - თითქოსდა, იმერეთის გუბერნიამ მასში შემავალ თვითმმართველობებს წერილები გაუგზავნა, შედეგად კი რეგიონის კლუბებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ხმის უფლება მოითხოვეს. მაგრამ დავაზუსტოთ - ჯერ ლაპარაკი იყო სფფ-ის სუბიექტად მიღებაზე, რაც კლუბების კანონიერი მოთხოვნაა.
ეს პრეზიდენტობის კანდიდატის, მამუკა კვარაცხელიას იდეაა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ბრძანა:
"ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა, ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე.
მომავალში სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ - მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და კლუბებს იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გასაგზავნი მიმართვა".
სფფ-ის აღმასკომის საგანგებო სხდომაზე 24 საფეხბურთო კლუბის განცხადება განიხილეს და მათი მოთხოვნები ჯერჯერობით არ დააკმაყოფილეს. აღმასკომი საკითხს 14 სექტემბერს მიუბრუნდება. ამით კლუბებს მოთხოვნის დასაბუთებისთვის დრო მისცეს. ისე, ლოგიკით, აღმასკომმა არ უნდა დაასაბუთოს, რა მოტივით ეუბნება კლუბებს უარს კანონიერ მოთხოვნაზე?..
ცხადია, სიჭინავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არც აპირებდა. მან 7 სექტემბერს მორიგი შოუ შემოგვთავაზა და ბოლო ერთ თვეში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე უკვე მეორედ განაცხადა.
ეს მეორე უფრო მძაფრი გამოუვიდა - გუშინ ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებით გამოვიდა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გაჰკრა კბილი:
"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ (არჩევნებში) არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ეს არასწორად მიმაჩნია და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ხვალიდან პრეზიდენტის მოვალეობას ბატონი ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს", - ბრძანა სიჭინავამ.
დიახ, ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, 8 სექტემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ (რომელიც იმავდროულად, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელიცაა) უნდა შეასრულოს. ანუ 3 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობასაც ჩივაძე გაუძღვება.
გაუგებარია, რომელი ხელისუფლების წარმომადგენელია მამუკა კვარაცხელია, სფფ-ის პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმა რომ აიძულა? საერთოდ, ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ საფეხბურთო ამბების სათავისოდ პოლიტიზირებას ცდილობენ.
ეს ისტორია მეტად დაუჯერებელი სცენარით ვითარდება და იმ ანდაზას ჰგავს, გაღმით რომ შეედავები, რათა გამოღმა შეგრჩეს. როცა სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში მართლა ერეოდა და ყველას თავად ნიშნავდა, მსგავსი განცხადებები მაშინ არ ისმოდა. თანაც, იმ დროს, როცა ქვეყნის მმართველ გუნდში ნაწილი ლევან კობიაშვილს ემხრობა, ნაწილიც - რევაზ არველაძეს.
სხვათა შორის, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაზე კითხვა მედიასთან კობიაშვილის შეხვედრაზეც დაისვა, რაზეც კანდიდატმა ასე უპასუხა:
"ამა თუ იმ რეგიონში ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით მომხდარ ამბავს ჩემს სახელს რატომ უკავშირებთ? რატომ უნდა ვილაპარაკო ამაზე მუდამ მე, როცა რევაზ არველაძის პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. ამ კითხვას მას რატომ არ უსვამთ?"
სიჭინავას განცხადებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ, რომელიც აღმასკომის წევრიც გახლავთ:
"სიჭინავას გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. განცხადების შემდეგ ის სალაპარაკოდაც არ დარჩა. მგონი, სიჭინავა კარგ მდგომარეობაში ვერ იმყოფება. ხედავთ, რამდენი პრობლემაა ფეხბურთის ფედერაციაში და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ალბათ, ვერ აიღო".
ფიფიამ არ დააკონკრეტა, რა პრობლემებს გულისხმობდა, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბების მოთხოვნამ ფეხბურთის ფედერაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მაგალითად, რა მოტივით უნდა უთხრან ამ კლუბებს უარი ორგანიზაციის წევრობაზე? იმიტომ ხომ არა, რომ მათი გაწევრიანება ერთ-ერთ კანდიდატს დამატებით ხმებს მოუტანს?..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"