დღემდე ქართული ფეხბურთისა და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრები ჰყვებიან, თუ როგორ წაართვეს 1953 წელს "დინამოს" საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. მას შემდეგ 60 წელი გავიდა.
მაინც რა მოხდა მაშინ? ამის შესახებ ქართული ფეხბურთის მკვლევარმა დავით ილურიძემ რუსულ წყაროებში საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა და გაგვიზიარა...
ულტიმატუმით წასული იაკუშინი
- ძველი თაობის გულშემატკივრებისგან მსმენია, რომ უკვე განაღდებული ჩემპიონობა, ფაქტობრივად, ჩამოგვართვეს. ბევრ გაზეთში წამიკითხავს, რომ როცა "დინამომ" მოსკოვში "ტორპედოს" 2:1 მოუგო, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე
არადა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მაშინდელი სურათი მატჩის მონაწილეთა მონაყოლითა და ცხრილებით აღვადგინე.
დინამოელებმა პირველობა გასახდელში იზეიმეს და მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, რომ ეს მატჩი უნდა გადათამაშებულიყო, რადგან "ტორპედომ" მსაჯების შეცდომების გამო მატჩის შედეგი გაასაჩივრა.
მოკლედ, 1953 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი შედგა, რომლის ანალოგიც საფეხბურთო ისტორიებში ძნელად თუ მოიძებნება.
ყველაფერი დაიწყო 7 აგვისტოს, როცა "დინამომ" თბილისში ყველაზე უხერხულ მეტოქე მოსკოვის "დინამოს" 3:2 მოუგო. დინამოელები ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ამ გამარჯვების მნიშვნელობა ძალზე დიდი იყო - თბილისელები 22 ქულით გალიდერდნენ. თუმცა კონკურენტ "სპარტაკს" მარაგში ერთი მატჩი ჰქონდა.
სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მოსკოველები შინ თბილისელთა მთავარ მწვრთნელ მიხეილ იაკუშინთან ერთად დაბრუნდნენ - საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამოს" გადაწყვეტილებით, იაკუშინი სასწრაფოდ საბჭოეთის დედაქალაქში დაიბარეს და... მოსკოვის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
თავად იაკუშინი იხსენებდა:
"მოსკოვის "დინამოში" თბილისელთათვის რთულ მომენტში დამაბრუნეს, ჩვენ ხომ ლიდერები ვიყავით. იმ დღეს ჩემს მშობლიურ მოსკოვის "დინამოს" 3:2 მოვუგეთ.
სპორტული საზოგადოების ცენტრალური საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ მოსკოვში მიხმეს.
რა თქმა უნდა, მკითხეს - თანახმა ვიყავი თუ არა, მუშაობა მოსკოვის "დინამოში" გამეგრძელებინა? თუმცა საუბარი ულტიმატუმის ენით წარიმართა"...
"ოქროს მატჩი"?
- იაკუშინის წასვლის შემდეგ თბილისის "დინამო" ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ბორის პაიჭაძეს ჩააბარეს, რომელიც საქართველოში უზომო ავტორიტეტით სარგებლობდა.
მაგრამ სამწვრთნელო საქმეში გამოუცდელი იყო და გულშემატკივარი შეფიქრიანდა - მოახერხებდა კი იაკუშინის საქმის ღირსეულად გაგრძელებას?
...მომდევნო ორი მატჩი "დინამომ" მოიგო, მესამეში კი, მოულოდნელად, აუტსაიდერ ვილნიუსის "სპარტაკთან" წაიფორხილა.
რჩებოდა მხოლოდ 4 სექტემბრის მატჩი მოსკოვში, "ტორპედოს" წინააღმდეგ.
იმედი რეალური იყო. 3 სექტემბრის მდგომარეობით, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურებოდა:
1. დინამო თბ - 19 თამაში, 27 ქულა;
2. სპარტაკი - 18 მ, 27 ქ;
3. დინამო მ - 18 მ, 22 ქ;
4. ზენიტი - 19 მ, 21 ქ;
5. ტორპედო - 18 მ, 21 ქ.
ტორპედოელებთან გამარჯვების შემთხვევაში, "დინამოს" 20 მატჩში 29 ქულა უგროვდებოდა (მაშინ მოგებაზე 2 ქულა იწერებოდა). "ზენიტი" მე-4 ადგილზე იყო და ჩემპიონობაზე დაგეშილ "სპარტაკთან" თითქოს მოტივაცია არ უნდა ჰქონოდა, თუმცა... მოულოდნელად, ლენინგრადელებმა მოიგეს.
"ოქროს მატჩში" მონაწილეობისთვის "სპარტაკს" ბოლო ტურში კუიბიშეველებთან გამარჯვება სჭირდებოდა...
კავკასიელებო, თქვენი დედა...
- 4 სექტემბერს თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" მატჩმა, რომელიც მოსკოვის "დინამოს" სტადიონზე გაიმართა, მოვლენები 180 გრადუსით შემოატრიალა. თამაშს სჯიდა ლენინგრადელ მსაჯთა ბრიგადა, პიოტრ ბელოვის მეთაურობით.
თამაში საკმაოდ ხისტი და უხეში გამოდგა. მე-14 წუთზე ანგარიში იური ვარდიმიადიმ გახსნა - 0:1. მე-19 წუთზე გიორგი ანთაძემ "დინამოს" უპირატესობა სოლიდური გახადა - 0:2. ვალენტინ ივანოვმა კი 71-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და "დინამომ" 2:1 გაიმარჯვა.
...მაგრამ მოსკოველი გულშემატკივრები მსაჯის ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. თითქოსდა, თბილისელთა პირველი გოლი მას შემდეგ გავიდა, რაც კუთხურიდან ჩაწოდებულმა ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა; ამას გარდა, მსაჯმა თბილისელ მოთამაშეზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშიც ვერ დაინახა და პენალტი არ დანიშნა; და კიდევ, "ტორპედოს" მეორე გოლი უსამართლოდ გააუქმაო.
თამაშის ბოლოსკენ ადგილობრივი გულშემატკივარი უკონტროლო გახდა და ტრიბუნებიდან ანტიქართული შეძახილები დაიწყო: "კავკასიელებო, თქვენი დედა..." მსაჯს ესროდნენ ქვებს და ბოთლებს.
ფინალური სასტვენის შემდეგ რამდენიმე ასეული მაყურებელი მინდორზე შეიჭრა. მოთამაშეებმა და მსაჯებმა თავი გასახდელს შეაფარეს.
"ტორპედოს" ფორვარდი ვალენტინ ივანოვი იხსენებდა: "მოვასწარით და მსაჯი ჩვენს გასახდელში გადავმალეთ".
ხულიგანი გულშემატკივრების მცდელობა, შეეღწიათ თბილისელთა გასახდელში, მილიციამ ადვილად აღკვეთა. როცა ვითარება დაწყნარდა, კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მთავარმა მსაჯმა მატჩის ოქმი შეავსეს, ხელი მოაწერეს და სტადიონი დატოვეს.
თბილისელები სასტუმროში დაბრუნდნენ, მეორე დღეს კი საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ...
იაკუშინი: "დინამომ" სამართლიანად გაიმარჯვა
- მას შემდეგ, რაც მსაჯებმა, მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ხელი მოაწერეს მატჩის ოქმს, "ტორპედოს" მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა ეს დაამატა:
"Команда "Торпедо" подает протест на необъективное судейство, в частности по: а) 1-й забитый мяч с углового удара - фиксировано неправильно, б) игра рукой в штрафной площади "Динамо" и в) забитый мяч 2-й в ворота "Динамо".
სად და როდის დააფიქსირა მოროზოვმა პროტესტი, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ფაქტია - თამაშის მერე ეს ან სხვა სახის პრეტენზია მატჩის ოქმში არ ასახულა.
"დინამოს" მთავარი მწვრთნელი ბორის პაიჭაძე იხსენებდა:
"მსაჯთა ოთახში მოსკოველებს მსაჯისადმი პრეტენზიაზე არაფერი უთქვამთ და არც მატჩის ოქმში ჰქონდათ რაიმე სახის პროტესტის დაფიქსირების სურვილი. ერთმანეთს ხელი გავუწოდეთ და ასე დავშორდით".
ტორპედოელთა ფორვარდები, ივანოვი და ზოლოტოვი, გაოგნებულან, როცა საღამოს პროტესტისა და მატჩის მეორე დღეს გადათამაშების შესახებ შეიტყვეს.
ისევ პაიჭაძის მოგონებებიდან:
"დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა ტელეფონთან მიხმეს. საკავშირო ფიზკულტურის კომიტეტიდან რეკავდნენ. მითხრეს, მოსკოვიდან არ გავმგზავრებულიყავით, "ტორპედომ" მატჩი გააპროტესტაო. გავვოცდი, მეგონა, ვიღაც ხუმრობდა. თუმცა სახუმაროდ არავის სცხელოდა, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირებს. მოვლენები საოცარი სისწრაფით შეიცვალა".
აი, რას ჰყვება მიხეილ იაკუშინი:
"გადამწყვეტ მატჩს მაყურებლის როლში ვადევნებდი თვალს. თბილისელებმა სუფთად და სამართლიანად მოიგეს. თამაშის ბოლოს მოედანზე გამოცვივდნენ ხულიგნები, რომლებიც მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, შეაღწიეს ტრიბუნის ქვეშ მდებარე შენობაში და იქაც უწესოდ იქცეოდნენ.
როგორც წესი, ამის გამო წაგებას მასპინძელ გუნდს ჩაუთვლიდნენ, მაგრამ, მოულოდნელად, გამოაჩინეს "ტორპედოს" "პროტესტი", ვითომ - მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. წესით, ეს საკითხი არც უნდა განხილულიყო, მაგრამ მაინც მატჩის გადათამაშება გადაწყვიტეს. ეს დიდი უსამართლობა იყო".
ყველაზე სკანდალური საბჭოური მატჩი
- ჩვენებზე ამ გადაწყვეტილებამ საშინლად იმოქმედა. გიორგი ანთაძე იხსენებდა:
"ორი დღე ნომრიდან არ გამოვდიოდით, დარდს ყველა ღვინის სმით ვიქარვებდით. თამაშზეც კი არ გვინდოდა წასვლა, ვიცოდით, მოგების შანსს არ დაგვიტოვებდნენ. თუმცა ბორია პაიჭაძემ გადაგვარწმუნა. მოედანზე გასვლას მხოლოდ მისდამი დიდი პატივისცემის გამო დავთანხმდით. ასე თუ ისე, მატჩის დღეს გონზე მოსვლა მოვახერხეთ და სტადიონისკენ გავემართეთ".
ამ ამბების გახსენებისას ბორის პაიჭაძემ ცრემლების შეკავება მატჩიდან სამი ათეული წლის გასვლის შემდეგაც ვერ შეძლო:
"შემეძლო, ბიჭები გამეჩერებინა. ნომერში შევდიოდი, ვესაუბრებოდი, ვარწმუნებდი... თუმცა მათ გასაჩერებლად ვერაფერი მოვახერხე. თქვენ უნდა გენახათ, როგორი განადგურებულნი იყვნენ".
დინამოელთა მდგომარეობა ცნობილი გახდა საკავშირო ფეხბურთის ხელმძღვანელობისთვისაც. დავაზუსტებ - 4 სექტემბრის მატჩით დინამოელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, ოღონდ "ოქროს მატჩში" მონაწილეობას ინაღდებდნენ.
თუმცა ჩვენი ფეხბურთელები მომხდარმა ისე დათრგუნა, საბრძოლველად ვეღარ განეწყვნენ. ამას დაემატა მიკერძოებული მსაჯობაც, "სპარტაკმა" კი ბოლო, 11 სექტემბრის მატჩში გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ყველაზე სკანდალური საბჭოთა მატჩი ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ასე მონათლა - "მკვლელობა" პეტროვსკის პარკში" (მოსკოვის "დინამოს" სტადიონი პეტროვსკის პარკში მდებარეობს - რედ.), რომლის ანალოგიც საბჭოთა ფეხბურთში არ არსებობდა".
პოლიტიკური მოტივი
იგივე ჟურნალისტი წერს:
"საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა, სტალინის გარდაცვალების წელს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გამხდარიყო, რადგან ქართული ნაციონალიზმის გამოვლენის ეშინოდა.
"ტორპედოს" დამარცხების შემდეგ დინამოელებს უხდებოდათ 29 ქულა და 2 ქულით ჩამორჩებოდნენ "სპარტაკს", რომელსაც თადარიგში 2 თამაში ჰქონდა. მაგრამ მოსკოველებს ორივეს მოგების გარანტია არ ჰქონდათ და ამიტომ "ზემოთ" გადაწყვიტეს, სანამ გვიან არ იყო, საქმეში თავად ჩარეულიყვნენ".
ეს არ ნიშნავს, რომ "სპარტაკს" გაჩემპიონებაში დაეხმარნენ, ალბათ, უფრო თბილისელებს შეუშალეს ხელი. თქვენის ნებართვით, შემოგთავაზებთ ერთ-ერთ დადგენილებას რუსულ ენაზე:
"Поручить т.т.Латышеву, Кузнецову В., Кузнецову П., Богданову А. и Фомичеву составить письмо на имя т.Хрущева Н.С. о происшедшем случае на игре 4 сентября 1953 года в Москве на стадионе "Динамо".
ისმის კითხვები - რატომ დაინტერესდა ფეხბურთით წითელი იმპერიის მაშინდელი მმართველი ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა სპორტის ეს სახეობა? თან დაინტერესდა მხოლოდ ამ კონკრეტული მატჩით.
შემთხვევითობაა, რომ ეს მოხდა სტალინის გარდაცვალებისა და ბერიას დაპატიმრების წელს?
ამტკიცებენ - როცა თბილისის "დინამოს" შესაძლო ჩემპიონობის ამბავი ხრუშჩოვს შეატყობინეს, თურმე უზომოდ აღშფოთდა. ამით სსრ კავშირის ჩემპიონატში მოსკოვური კლუბების ჰეგემონია დასრულდებოდა და, თანაც - თბილისის "დინამოს" მიერ!
რა გასაკვირია, რომ ნიკიტა სერგეევიჩი ამას ვერ შეეგუებოდა. ის "დინამოს" ლავრენტი ბერიას გუნდად მიიჩნევდა და ცხადია, დინამოელთა ჩემპიონობაც ლავრენტი პავლოვიჩის წარმატებასთან გაიგივდებოდა.
საოცარი დამთხვევაა - განგებამ "დინამო" და "ტორპედო" ერთმანეთს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ "ოქროს მატჩში", 1964 წელს შეახვედრა. დინამოელებმა "ტორპედოს" "ვალი დაუბრუნეს" და იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს (4:1), რა ანგარიშითაც 11 წლის წინანდელ უსამართლო მატჩში დამარცხდნენ და პირველად გახდნენ იმპერიის ჩემპიონები.
...და კიდევ - თბილისელებს ოქროს მედლები 1953 წელს დააკარგვინეს, როცა სტალინი გარდაიცვალა და ხელისუფლებაში ხრუშჩოვი მოვიდა.
"დინამომ" უმაღლესი სინჯის მედლები 1964 წლის შემოდგომაზე მოიპოვა - ერთი თვის მერე, რაც ხრუშჩოვს თანამდებობა დაატოვებინეს...
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week