"დინამოს" და კვარაცხელიას მაგალითი - როგორ უნდა დაშორდნენ კლუბი და ფეხბურთელი

AutoSharing Option
დეკემბერში თბილისის "დინამოდან" რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს, რამდენიმეც ტრანსფერზე დააყენეს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის დამფუძნებელმა ბესიკ აბაშიძემ მოთამაშეები გააფრთხილა, რომ კონტრაქტის შეწყვეტის მოტივით კლუბის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტებზე ხელი არ მოეწერათ.

აბაშიძემ გააფრთხილა "დინამოც", რომ ფიფას გადაწყვეტილებით, ფეხბურთელისთვის მოქმედი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო კლუბებს ფინანსური სანქცია ეკისრებათ.

საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მიმართვას ჯერჯერობით მხოლოდ ასოციაციის წევრი და "დინამოს" გამოცდილი ცენტრალური მცველი გივი კვარაცხელია გამოეხმაურა და საბოლოოდ, მისი საკითხი სადავო და საკამათო არ გამხდარა.

"კვარაცხელიასა და კლუბის მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და
ორმხრივი შეთანხმებით, 2014 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება შეწყდა. ფეხბურთელმა გათავისუფლების ფურცელი მიიღო და კომპენსაციის სახით, კლუბი მას ხელშეკრულების ბოლომდე დარჩენილ ხელფასს სრულად გადაუხდის.

მადლობა გივი კვარაცხელიას, რომ ბოლომდე იბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და სხვა ფეხბურთელებს მაგალითი მისცა - არასოდეს თქვან უარი იმაზე, რაც ეკუთვნით.

მადლობა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასაც. ის უშუალოდ ჩაერთო მოლაპარაკებაში და კლუბის მხრიდან დასაწყისში წარმოქმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეთანხმებას დათანხმდა", - ამბობს აბაშიძე.

კვარაცხელიას და "დინამოს" დაშორება პრეცედენტია იმისა, თუ როგორ ცივილურად შეიძლება კლუბი და მოთამაშე შეუთანხმდნენ ერთმანეთს. წესით და რიგით, ამას წინ არაფერი უნდა დაუდგეს, მაგრამ ბოლო წლებში დამკვიდრებული წესების უგულებელყოფა ქართულ ფეხბურთში წესად იქცა და მონათმფლობელობის დონეზე დავიდა.

კვარაცხელიასა და "დინამოს" შეთანხმება კი იმაზე მიუთითებს, რომ ღირსეული ურთიერთობების დამკვიდრება ჩვენშიც შესაძლებელია.

რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს, გამოცდილ მცველს ახლა არჩევანი აქვს. მას ქუთაისის "ტორპედო", ბოლნისის "სიონი" და უმაღლესი ლიგის კიდევ რამდენიმე კლუბი იწვევს. აწ უკვე ექსდინამოელს საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული