არასამთავრობოები სფფ-ისგან ხარჯების გასაჯაროებას ითხოვენ

AutoSharing Option
არასამთავრობოები ფეხბურთით დაინტერესდნენ. 29 იანვარს "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" იურისტებმა ლაშა გიორგაძემ და თამარ ნიკოლაიშვილმა სტუდია "რეპორტიორში" სწორედ ამ თემაზე ილაპარაკეს.

ისინი ფეხბურთის ფედერაციისგან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გასაჯაროებას ითხოვენ.

"სახელმწიფო სამინისტროს 7 მილიონ ლარს ურიცხავს, დამატებით 16 მილიონს კი კლუბები მუნიციპალიტეტებისგან იღებენ. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელფასი 2 მილიონი ლარია. გვესმის, რომ აუცილებელია მაღალი ხელფასი, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

მილიონების ხარჯვის მიუხედავად, წინსვლა მთლიანად სპორტშიც არ იგრძნობა, რეგიონებში ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ვერც სფერო მოღონიერდა და ვერც
შედეგებს ვხედავთ.

არადა, სავსებით რეალურია, რომ ეს თანხები მიზანმიმართულად დაიხარჯოს და ამას შედეგი მოჰყვეს.

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს" აინტერესებს, სად მიდის ეს თანხები? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ. ისინი თანხებს ასაჯაროებენ, თუმცა არ არის კონკრეტული ინფორმაცია, თუ სად რა იხარჯება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, ეს ჩაკეტილი ორგანო გამჭვირვალე გახდეს და ფეხბურთის ფედერაციამ დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის საჯარო გახადოს.

ეს ყველაფერი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს", - ამბობს გიორგაძე.

Sportall.Ge

მან სპორტში ფულის გათეთრებასა და ფეხბურთის ფედერაციაში ზვიად სიჭინავას მისვლაზეც ილაპარაკა:

"ფეხბურთის ფედერაციას დღესაც იგივე ადამიანები მართავენ, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო. სანამ ზვიად სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტი გახდებოდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან იყო დაახლოებული და ვფიქრობთ, პრეზიდენტად მადლიერების გამო "დანიშნეს".

საერთოდ, სანამ ქვეყანას ძველი ხელისუფლება მართავდა, სპორტული ორგანიზაციები და ფედერაციები სახელმწიფოს მიერ დარიცხული თანხის ნაწილს "ნაცმოძრაობას" უბრუნებდნენ, რაც საარჩევნო კამპანიას ხმარდებოდა.

დროა, ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი და საქმეს ნათელი მოეფინოს. დღეს, როცა ძველი ხელისუფლება წარსულს ჩაბარდა, მოვუწოდებთ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გადახედოს ფეხბურთის ფედერაციისთვის დარიცხულ თანხებს და იზრუნონ ვითარების შეცვლაზე. საზოგადოება სწორედ ამას მოელის".

თამარ ნიკოლაიშვილი, იურისტი: "წინა ხელისუფლების დროს თანხის გადარიცხვა პოლიტიკური მეგობრობის ხარჯზეც ხდებოდა. ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს გორის "დილა" შსს-ს ბალანსზე იყო და კლუბს თანხა სისტემატურად ერიცხებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული