კახა კალაძე: ფეხბურთში რთული ვითარებაა, შეიძლება ითქვას, კატასტროფულიც

AutoSharing Option
ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის "ფეისბუქის" გვერდზე მოქალაქეების შეკითხვებზე მისი ვიდეოპასუხები გამოქვეყნდა. რამდენიმე კითხვა ეხებოდა სპორტსაც, რაც გულშემატკივართა ყურადღების მიღმა დარჩა.

არადა, კალაძემ ძალიან ვრცლად ილაპარაკა გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე...

- ეღირსება ბათუმს სტადიონი? ტურისტულ ქალაქს სტადიონი სჭირდება...
- გეთანხმებით, აუცილებელია, ბათუმში იყოს სტადიონი. თუ როდის დაიწყება მშენებლობა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ არჩილ ხაბაძეს. სპორტსაც შევეხეთ და მითხრა, რომ სტადიონთან დაკავშირებული ტენდერი თებერვალში დაინიშნა. სტადიონის მშენებლობა ანგისაშია დაგეგმილი და მასში 2,5 მილიონი
ლარი ჩაიდება, ყველანაირად რომ მოწესრიგდეს.

ადგილობრივ ახალგაზრდობას ფეხბურთის თამაშისა და ვარჯიშის საშუალება უნდა მიეცეს. ამ საკითხს აუცილებლად მოვიკითხავ. თუ არ ვცდები, ადრეც იყო სტადიონის მშენებლობის პროექტი, რომლის განხორციელებაც 45 მილიონი ჯდებოდა, მაგრამ შესაძლებელია უკეთესი, უფრო თანამედროვე და ლამაზი სტადიონის აშენება. აჭარა და ბათუმი ამას ნამდვილად იმსახურებს.

მე პირადად კარგად მესმის, თუ რამხელა სიყვარული აქვს აჭარის მოსახლეობას ფეხბურთის მიმართ. იყავით დარწმუნებულები, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთი განვითარდეს.

- ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებს ამ გუნდის ბედი გვაინტერესებს. კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ კლუბი გაურკვევლობაშია. ლაპარაკია გუნდში პრეზიდენტად გიორგი დემეტრაძის მისვლის თაობაზე. ითქვა, რომ სპონსორების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს ხელისუფლება. ხომ არ ფლობთ კონკრეტულ ინფორმაციას?
- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ცუდია სპონსორის წასვლა და თან, ეს ყველაფერი პირველი წრის შემდეგ, შუა სეზონში მოხდა. რაც შეეხება თანხების მოზიდვას, ჩემი ინფორმაციით, ამაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად გუბერნატორიც აქტიურად არიან ჩართულები. "ტორპედომ" სეზონი ღირსეულად უნდა ჩაამთავროს.

გიორგი დემეტრაძეს ძალიან დადებითად დავახასიათებ, როგორც პიროვნებას და წარმატებულ ფეხბურთელს. შესაძლოა, სუბიექტური ვიყო, რადგან ჩემი ახლო მეგობარია და ბევრი კარგის თქმა შემიძლია.

- ეშველება ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ნაკრებს?
- სპორტში და, კონკრეტულად, ქართულ ფეხბურთში, რთული ვითარებაა, შეიძლება ითქვას - კატასტროფულიც. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს ჩემპიონატი და მასში მონაწილე გუნდებიც.

პირველადი ინფრასტრუქტურის პრობლემაა ბავშვთა ფეხბურთშიც. რამდენიმე თვის წინათ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ერთად გავხსენით ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ასეთი წამოწყება მისასალმებელია. სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებენ.

რთული იქნება წარმატებების მიღწევა, ბავშვთა ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის ფეხზე დაყენება, თუ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები არ გადაიდგა. ამასთან დაკავშირებით, მთავრობაში აუცილებლად გვექნება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ, ხელისუფლებამ, მთავრობამ, მივიღოთ გადაწყვეტილება საწყისი ინვესტიციების განხორციელების შესახებ. ამით უნდა დავაინტერესოთ ადგილობრივი ბიზნესი.

ფეხბურთი, სპორტი, უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, პატარებს უნდა მივცემთ საშუალება, ნიჭი სწორად გამოიყენონ, ქართულ ფეხბურთს მოახმარონ და ქვეყანა ასახელონ. დღევანდელი მდგომარეობა ფინანსური პრობლემებითაა გამოწვეული. მეტი ანაზღაურებისთვის 15-16 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში მიდიან.

არც ერთი ქვეყნის ჩემპიონატს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენს ახალგაზრდებს მინიმალური პირობები მაინც უნდა შევუქმნათ, რამდენიმე წელი საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშონ. მათთვის იქნება უკეთესი. ამის მერე წავიდნენ ევროპის ნორმალურ კლუბებში და წარმატებებს იქ მიაღწიონ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერში სახელმწიფო და მთავრობა მონაწილეობას მიიღებენ.

- ფეხბურთის შემდეგ მინისტრობას როგორ შეეგუეთ?
- ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი გამოვიარე. ძალიან საინტერესო იყო წინასაარჩევნო ბატალიებში გამოცდილ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობა. უმოკლეს პერიოდში მათგან ბევრი რამ ვისწავლე და შევიძინე. რომ გითხრათ, გამიჭირდა-მეთქი, მოგატყუებთ, ასე არ ყოფილა.

ყველა სფეროში - სპორტშიც, ბიზნესშიც, სამთავრობო პოსტზეც - ვცდილობდი, თავი დამემკვიდრებინა და მაქსიმალურად წარმატებული ვყოფილიყავი. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა საპასუხისმგებლო პოსტზე ვიმყოფები.

- მაინც რატომ გადაწყვიტეთ სპორტიდან პოლიტიკაში წასვლა?
- თუ ცხოვრებაში რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს სპორტის, ფეხბურთის დამსახურებაა. როცა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე, ეს ძალიან რთული იყო, ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ყველაფერი ჩემს ქვეყანაში არსებულმა მძიმე ვითარებამ გადაწონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
კახა მაგარ პატივს გვემ დზლიერი სამარტლიანი და პატი0სანი ადამიანი ხარ ვინც სჰენზე ცუდი რამეს თქმას მ0ინდ0მებს ჯერ თავის გმირ0ბებს გადახედ0ს მერე პირი სპირტით გამ0ირეცხ0ს და კეთილი ინებ0ს და ცუდის თქმა არ გამედ0ს. წარმატებები
gi0gri
10:46 31-01-2014
0
უმაგრესი და უპატრიოტესი ხარ !!! ღმერთი გფარავდეს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული