ბიძინა ივანიშვილი: ...ამიტომაც ვარჩიე რაგბი ფეხბურთს

AutoSharing Option
არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა საფეხბურთო თემებზეც ილაპარაკა. ყოფილმა პრემიერმა ისიც გაიხსენა, რაზეც წლების წინათ საფეხბურთო სამყარო ჭორაობდა.

"მე მქონდა მცდელობა, რომ მთლიანად ქართული ფეხბურთი აღორძინებულიყო, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს არ ისურვა და რაგბიზე ამიტომ გადავერთე.

რამდენიმე სტადიონს ახლაც ვაშენებ. საუბედუროდ, ქართულ ფეხბურთზე კარგსა და დამაიმედებელს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველაფერს ფული სჭირდება. სწორედ ეკონომიკის აღორძინებას უნდა მოჰყვეს ეს ზედნაშენი - ფეხბურთი",
- განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რა ვერსიაზეა ლაპარაკი: უმცროსი ნოდარ ახალკაცის დროინდელი ფედერაციის ხელმძღვანელები ივანიშვილს ესტუმრნენ და
ფეხბურთის განვითარებაში დახმარება სთხოვეს. კითხვაზე, რა თანხა იყო საჭირო ამ საქმისთვის, ფედერაციის ჩინოსნებმა აუცილებელ მინიმუმად 100 მილიონი ლარი დაასახელეს.

შესაძლოა, ვინმეს ეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ რეალობა ასეთია - 5 წელიწადში სტადიონების, ბაზების, გუნდებისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ეს მინიმალური თანხაც კი არის. ივანიშვილი წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მისი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა დაენიშნათ, რომელიც ახლოს არ გაეკარებოდა საფეხბურთო საკითხებს და მხოლოდ თანხების განკარგვას გააკონტროლებდა.

იდეალური წინადადება იყო, მაგრამ ვერსიის მიხედვით, ფედერაციის თავკაცს სახელისუფლებო წრეებმა ივანიშვილის კაცის დანიშვნა კატეგორიულად აუკრძალეს. ვიმეორებთ, ეს არის ვერსია, რაზეც ფედერაციის ამჟამინდელ თავკაცებს ირიბად უთქვამთ.

ყოფილი პრემიერის სიტყვებით დეტალები არ ჩანს, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ფეხბურთზე გული აქვს აცრუებული და მისკენ გახედვა არ სურს, ქართულმა ფეხბურთმა კი ვიღაცების ახირების გამო განვითარების ისტორიული შანსი დაკარგა.

მერე იტყვიან, ფეხბურთს არავინ პატრონობსო. როცა 100 მილიონს გაძლევენ და ისიც არ გსურს, რომ დამფინანსებელმა თანხა გააკონტროლოს, თეთრსაც არავინ მოგცემს.

კიდევ ერთი საკითხი - როგორც ცნობილია, დეკემბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების წარმომადგენლები "მიხეილ მესხის" საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ და ეროვნულ ჩემპიონატში არსებული პრობლემების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელეს.

მანამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დაფინანსებისა და სხვა სახის საფეხბურთო პროექტები თავად ფედერაციამ უნდა წარადგინოს.

კლუბები სახელმწიფოსგან უმაღლესი ლიგის ყველა მონაწილის თანაბრად დაფინანსებას ითხოვდნენ, თანაც, წელიწადში მინიმუმ - მილიონი ლარით. მათ მხარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც აუბა - სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს და კლუბებს განვითარებაში დაეხმაროსო. ამ მოთათბირების შედეგად, კლუბებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანა მოითხოვეს, ხოლო ამ საკითხის მთავრობამდე მიტანა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას სთხოვეს.

ამის მერე ამ შეხვედრაზე აღარაფერი თქმულა. გაირკვა, რომ ფიფია არა პრემიერს, არამედ ივანიშვილს შეხვდა.

4 თებერვალს პრესკონფერენციაზე "მოქალაქის" დამფუძნებელმა ეს შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ დაფინანსების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია.

"ფიფიას კარგი იდეა ჰქონდა, რომელშიც მხარი დავუჭირე. შეიძლებოდა, 6 კლუბი დაფინანსებულიყო ბიზნესმენებისგან, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი ეს უნდა ყოფილიყო - ბიზნესმენები შემეკრიბა და მათთვის საფეხბურთო კლუბების დაფინანსება მეთხოვა.

ეს ვერ მოხდებოდა, მე დაფინანსებას ვერავის ვთხოვდი. მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივად უნდა მომხდარიყო.

ფეხბურთს სერიოზული თანხები და სერიოზული მიხედვა სჭირდება. იმედია, ეტაპობრივად ასეც მოხდება და საკითხი დარეგულირდება. თუმცა ფეხბურთი რომ აღორძინდეს, ამას ეკონომიკის აღორძინება უნდა უსწრებდეს წინ",
- ამბობს ივანიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
ეხა ვკითხულობ კომენტარებს და რა გინდათ ვერ ვხვდები?კაცს თავისი ფული აქვს და თქვენ რას თხოვთ სად ჩადოს რა ჩადოს.რა ადვილი სხვისი ფულის ხარჯვა.რაშიც ჩადო ხო მადლობები ვუხადეთ.ჩვენი საშველი არ იქნებაა არა.სამებაზე მაინც უთხარით მადლობა მარტო.:)ფუი წაგიღებთ წყალი.
დაჩი
13:29 13-02-2014
0
რაც იყო-იყო.ისტორიას ჩაბარდეს.ახლა დაეხმარონ ფეხბურთს.ამოიყენოს სხვა შეძლებული ხალხი და ერი გაახარონ.ისეთ დღეში ვართ,ვისაც უნდა ან არ უნდა ყველგან გვიგებენ.მეცენატობისთვის უღრმესი მადლობა.
tengiz gagua
00:03 11-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული