თემურ ქეცბაიას ანაზღაურება ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. სამინისტრომ კი, თურმე, ახლა აღმოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრებს ცუდი შედეგი აქვს და 2014 წელს ფეხბურთის ფედერაციის პირველსავე შეხსენებას - სამწვრთნელო შტაბი უფულოდ არ დაგვიტოვოთო, ისეთი აგრესიული უარით უპასუხა, ფედერაციის პრეზიდენტზე
2009 წელს ფეხბურთის ფედერაციასა და თემურ ქეცბაიას შორის გაფორმებული კონტრაქტით, რომელსაც ხელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკა რურუას თვალწინ მოეწერა, მწვრთნელისა და მისი შტაბისთვის ხელფასი სახელმწიფოს უნდა გადაეხადა (თვეში 220 975 ლარი).
იხდიდა კიდეც, მაგრამ 2014 წლის დადგომა და ჯამაგირის გადახდაზე უარის თქმა ერთი იყო.
სპორტის სამინისტრო ამგვარ გადაწყვეტილებას რკინისებური არგუმენტით ხსნის - შედეგი არ არის და სჯობს, ქეცბაიასა და მისი ასისტენტებისთვის მისაცემი თანხა ასაკობრივ ნაკრებებს, ანუ მომავალ თაობას მოვახმაროთო.
ლევან ყიფიანი ამას ამბობდა მაშინაც, როცა მინისტრი არ იყო და ფეხბურთის ფედერაციას ოპოზიციაში ედგა. ამასვე ამბობს ახლაც, მინისტრის რანგში. ყიფიანისთვის ფედერაციასთან ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეცვლილა - დღესაც ფედერაციის ოპოზიციაა, ოღონდ შარშანდელთან შედარებით, სტატუსი აქვს სხვა, სპორტის მინისტრი გახლავთ, სხვა მხრივ კი... ფეხბურთის ფედერაცია, როგორც და რასაც აკეთებდა ყიფიანის მინისტრობამდე, იმავეს აკეთებს ახლაც, ყიფიანი და მისი უწყება კი მოვლენებს მხოლოდ გარედან უყურებენ.
აგერ, კარგი მაგალითიც - სამინისტრომ ფედერაციას რეკომენდაციის სახით მიმართა, ქეცბაიასთვის მისაცემი ფული ასაკობრივ ნაკრებებს მოახმარეთო, ფედერაციამ კი უმალ უპასუხა - იმ ფულს, რაც ქეცბაიასა და მისი შტაბისთვის იყო გამოყოფილი, უმაღლესი ლიგის გუნდებს დავურიგებო.
ფედერაციამ სპორტის სამინისტროს იმ 7 მილიონის ხარჯთაღრიცხვაც აახლა, რომელიც სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად აქვს გამოყოფილი. ოღონდ, წინა წლებისგან განსხვავებით, 2014 წელს ხსენებულ 7 მილიონში ფედერაციას ქეცბაიას ფული გათვალისწინებული არ აქვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ზვიად სიჭინავას უწყებას მწვრთნელის ხელფასისთვის სხვა თანხის გამონახვა მოუწევს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფედერაციას მაინცდამაინც არ ულხინს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ზვიადი ქეცბაიასა და მის ასისტენტებს მუშაობას შემცირებულ ანაზღაურებაზე შესთავაზებს. ეგ არის, რა პასუხს მიიღებს.
ისე კი, ქეცბაიასთვის ხელფასის შემცირების საკითხი დღის წესრიგში რომ მალე დადგება, ეს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის 4 თებერვალს გაკეთებული განცხადებიდანაც (მწვრთნელის ხელფასის საკითხი უნდა გადაიხედოსო) გამოჩნდა (იხილეთ ვრცლად). სამინისტროს კულუარებში კი ითქვა, ფედერაცია ქეცბაიას და მის გუნდს ხელფასს დაახლოებით 30 პროცენტით შეუმცირებსო.
მწვრთნელისა და ფედერაციის კონტრაქტის პირობები, ცხადია, ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა, სავარაუდოდ, იქნება ისეთი პუნქტიც, რის შესაბამისადაც, პირობების შეუსრულებლობისთვის ქეცბაიას პოსტის ნაადრევად დატოვება და საკომპენსაციო თანხის მიღება შეეძლება.
ასეთ შემთხვევაში, ფედერაციის საქმე კიდევ უფრო გართულდება და მწვრთნელისთვის ორი წლის ფულის ერთბაშად გადახდა მოუწევს.
თუმცა ქეცბაია-სიჭინავას ურთიერთობაში საქმის ასეთი გართულება ძნელად მოსალოდნელია. ამიტომ უფრო იმას უნდა ველოდოთ, რომ ფედერაცია ქეცბაიას ხელფასის შემცირებაზე დაიყაბულებს და მუშაობას კონტრაქტის ბოლომდე მაინც დააცდის.
დაბოლოს, კითხვა სპორტის სამინისტროს: მწვრთნელის ხელფასის გადახდაზე უარი მაინცდამაინც ახლა რომ თქვით და მოტივად ცუდი შედეგები დაასახელეთ, აქამდე საქართველოს ნაკრები ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა?! ყიფიანის უწყება ქეცბაიასთვის ხელფასის გადახდაზე უარს ასე ხელის ერთი მოსმით არ იტყოდა, სამინისტროში ამ საკითხზე დიდხანს იფიქრებდნენ, მაგრამ არც ფედერაციის პრეზიდენტია "გუშინდელი" კაცი - საპასუხო სვლა მასაც მოფიქრებული ექნება.
სიჭინავა ახლა ავადაა და ორ-სამ დღეში ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს. იქამდე კი ფედერაციის გენ-მდივანმა რევაზ არველაძემ გვითხრა, რომ ქეცბაიას ხელფასს ფედერაცია საკუთარი შემოსავლებით გადაიხდის, იმ თანხით, რომელიც სახელმწიფოსგან არ მოდისო.
თავად ქეცბაიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ისე ჩანს, ქართულ ფეხბურთში ახალი სკანდალი მწიფდება და ეჭვი გვაქვს, ეს კატა-თაგვობანა ამით არ დასრულდება. სავარაუდოდ, ამ თემას მძაფრი გაგრძელება ექნება...
კობა ინასარიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"