გელა კეტაშვილი: ყველა მატჩი ნემსებით ვითამაშე, მათ შორის ფინალიც

AutoSharing Option
ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში, ეროვნული გუნდის პირველი კაპიტანი - გელა კეტაშვილის თამაში დღესაც დაუვიწყარია ჩვენი ქომაგისთვის.

რომ არა ცუდი დრო-ჟამი, ვინძლო, კეტაშვილი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გამხდარიყო, თუმცა წლების მერე ის სინანულს არ იმჩნევს და გულწრფელად გვიყვება თავისი კარიერის მნიშვნელოვან ამბებზე...

ნორაკიძის მიგნება: კეტაშვილი მცველია!
- ბავშვობიდან ბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მამას ვემუდარებოდი, ფეხბურთზე შემიყვანე-მეთქი. ოცნება ამისრულა. წარმოიდგინეთ, როგორ გამიმართლა, როცა სერგო აპრესიანთან მოვხვდი.

ყველაფერი ასე დაიწყო: "ნორჩ დინამოელში" 1964 და 1965 წელს დაბადებული ბავშვები შეგვარჩიეს. ტესტი სირბილში
ჩატარდა. გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. 1964 წელს დაბადებული ბავშვები ბატონმა სერგო კოტრიკაძემ აიყვანა, მე კი, ერთი წლით უმცროსი, სერგო აპრესიანთან აღმოვჩნდი.

ეს იყო სულით ხორცამდე ქართველი, მოწოდებით პედაგოგი კაცი, ვინც შემაყვარა ფეხბურთის ანბანი. რომ არა ის და გიგა ნორაკიძე, ალბათ ვერაფერს მივაღწევდი.

ვიყავი თავდამსხმელი, გამქონდა გოლები და ასე მივედი ქუთაისის "ტორპედოში". ცხონებული გიგა ნორაკიძე გვწვრთნიდა, დიდებული ფსიქოლოგი, ინტელექტის საბადო, მართლა დიდი ტაქტიკოსი...

Sportall.Ge

ერთხელ, კალენდარული მატჩის წინ, მარჯვენა მცველი გაგვიხდა ავად. ბატონმა გიგამ მითხრა, შენ უნდა ითამაშო ამ პოზიციაზეო. როგორც ჩანს, ცუდად არ გამომივიდა - ხალხმა სწორედ მარჯვენა მცველად გამიცნო და შემიყვარა.

რომარიოს რჩეული
- სეულის 1988 წლის ოლიმპიადის ჩემპიონობა ჩემთვის კარიერის მწვერვალია. იმდროინდელი წამებიც კი მახსოვს. სპორტსმენს, დიდწილად, ერთხელ ეძლევა ასეთი შანსი ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი გამოვიყენე.

არადა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელ ანატოლი ბიშოვეცს რომ არ მოენდომებინა, ოლიმპიური მატარებელი უჩემოდ ჩაივლიდა. საქმე ისაა, რომ მარჯვენა კოჭი მეორედ მოვიტეხე. მოსკოვში ხაზი გადამისვეს - კეტაშვილი ნაკრებს ვეღარ დაეხმარებაო, თუმცა ბიშოვეცმა ძალიან მოინდომა, მოსკოვში გვარიანად მიმკურნალეს და თამაში შევძელი.

მხოლოდ მე ვიცი, რა გაუსაძლისი ტკივილის ფასად მიხდებოდა თითოეული მატჩის ჩატარება. ყველა მატჩი ნემსებით ვითამაშე, მათ შორის ფინალიც. უნდა გამოგიტყდეთ - ბუნებით მშიშარა არ ვარ, მაგრამ ნემსის ისე მეშინია, მაკანკალებს. სხვა რა გზა იყო, გაჭირვება მაჩვენეო, ხომ გაგიგონიათ...

გეხსომებათ, ფინალში ბრაზილიას მოვუგეთ, მე კი პერსონალურად რომარიოს წინააღმდეგ ვითამაშე. არ დარჩენილა მაშინდელ მსოფლიო ფეხბურთში ვარსკვლავი, რომლის წინააღმდეგაც არ მეთამაშოს, თუმცა რომარიო ყველაზე მაგარი იყო!

არც მანამდე და არც მერე არ მინახავს ასეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი - სასწაული მოძრაობები ჰქონდა. მოვახერხე და გავანეიტრალე. როგორც იცით, ფინალი მოვიგეთ.

Sportall.Ge

წლების მერე, როცა რომარიომ ყველა ტიტული მოიგო, ინტერვიუ მისცა "სოვეტსკი სპორტს". კორესპონდენტის კითხვაზე, რა არის თქვენი აუხდენელი ოცნებაო, რომარიომ უთხრა: ჩემს კოლექციას ოლიმპიადის ოქროს მედალი აკლია, რომლის მოპოვებაც პირადად საბჭოთა კავშირის ნაკრების მარჯვენა მცველმა არ დამანებაო.

დამეთანხმებით, სასიამოვნო შეფასებაა...

ოლიმპიადის ფინალში ერთი კურიოზი შემემთხვა. პირველი დამატებითი ტაიმი რომ მორჩა, იმდენად ვიყავი გათიშული, მეგონა, მატჩი დასრულდა. ხელებგაშლილი, გახარებული წავედი "საპატიო წრეზე". მომვარდა ალექსეი მიხაილიჩენკო და მეუბნება სიტყვა-სიტყვით: რა გეზეიმება, შე საცოდავო, კიდევ 15 წუთია წინ, თამაში აწი იწყებაო... მართლაც კოშმარული 15 წუთი იყო, მაგრამ გავძელით.

ოლიმპიური მედალი... სარფის საბაჟოზე
- აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ჩემი ოლიმპიური მედალი ჩვენი ქვეყნის ძლიერებას შევწირე. ეს იყო ყველაზე მცირედი, რაც შეიძლებოდა მაშინ გამეკეთებინა საქართველოსთვის. საწყენი ისაა, რომ ეს მედალი სარფის საბაჟოზე დააკავეს. გული მეტკინა...

შარშან, 16 ოქტომბერს დავიბრუნე ეს მედალი, ნესტში ყოფნისგან შელახულია, მაგრამ ჩემთვის მაინც ძვირფასია. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარიც ამაყობს ჩემი მაშინდელი წარმატებით.

სამწუხაროდ, მერე ჩემი კარიერა ისე ვეღარ წარიმართა, როგორც მსურდა. ამას ბევრი ტრავმებს აბრალებს, მაგრამ მთლად მასეც არ იყო...

მარსელი, რომა, გალათასარაი...
- საზღვრები რომ გაიხსნა და ჩვენი ფეხბურთელები უცხოეთში წავიდნენ სათამაშოდ, მეც გამიჩნდა კარგი ვარიანტები. გამზადებულ კონტრაქტს მთავაზობდა სამი გრანდი: "მარსელი", "რომა" და "გალათასარაი", მაგრამ მაშინ ჩემი უცხოეთში წასვლა ვერ მოხერხდა.

მგონი, გულღიად გესაუბრებით ყველაფერზე, მაგრამ მიზეზებზე ნუ მკითხავთ. დიდი დრო გავიდა... არის რაღაც, რაც უმჯობესია, დღესაც უთქმელი დარჩეს...

ფაქტია, რომ მაშინ ფორმის პიკში ვიყავი. ტრაბახით არ ვამბობ და თამაში მაღალ დონეზე შემეძლო. მერე და მერე გამიჭირდა საქართველოს ჩემპიონატის დონეზე თამაში. ჩვენი პირველობა დღესაც მიყვარს და მაშინაც მიყვარდა, მით უმეტეს, მაშინდელი ჩემპიონატი გაცილებით მაღალი დონის იყო, თუმცა რთულია, როცა დიდი ფეხბურთის გემო იცი...

რამდენიმე წელიწადში დავბრუნდი, ოღონდ, ცოტა ხნით. ვგრძნობდი, ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი. მე კი მინდოდა, რომ ხალხს ძველი გელა კეტაშვილი არ დავიწყებოდა. ავდექი და ჩუმად წავედი...

პირველი კაპიტანი
- მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი ვარ. 1990 წელს ჩვენმა გუნდმა პირველად ითამაშა. ამხანაგურ შეხვედრაში თბილისში ლიტვასთან 2:2 ვითამაშეთ. არც მანამდე და არც მერე ასეთი ამაყი არ ვყოფილვარ. გუნდი მინდორზე კაპიტნის სამკლაურით მე გავიყვანე...

დღესაც რომ ვიხსენებ იმ დღეს, ემოციებს ვერ ვერევი. ბევრს ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ სტადიონზე. ლიტვის ნაკრები, ფაქტობრივად, მაშინდელი ვილნიუსის "ჟალგირისი" იყო, სადაც დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, ჩვენი მეგობრები - ივანაუსკასი, პანკრატოვი, ნარბეკოვასი და სხვები...

Sportall.Ge

ისე მოხდა, რომ რამდენიმე ისტორიული მოვლენის მონაწილე ვარ. 1990 წელს, საქართველოს ჩემპიონატის პირველ მატჩში "იბერიამ" შინ 0:1 წააგო ფოთის "კოლხეთთან". არადა, იმ მატჩის უპირობო ფავორიტებად ვითვლებოდით. ალბათ გახსოვთ, ფოთელებმა ჩემი ავტოგოლის წყალობით მოიგეს.

როგორი საქმეა, ეროვნული ჩემპიონატი იხსნება, გადაჭედილია სტადიონი, მაშინ გუნდის ლიდერად ვითვლებოდა და უცებ, ასეთი კაზუსი... ვისაც უთამაშია "ტანგოს" ბურთით, დამეთანხმება, რომ ის ზოგ სიტუაციაში ძალიან სპეციფიკურია. იმ მომენტში კუთხურზე მინდოდა გადამეგდო ბურთი და... უცებ, ჩვენს კარშია... მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა.

მერე, როცა გავიაზრე ყველაფერი, მივხვდი, რომ ეს ტრაგედია არ იყო. ბოლოს და ბოლოს, ბეკენბაუერსა და კროლს გაუტანიათ ავტოგოლები.

განსაკუთრებული ლობანოვსკი
- ისე მოხდა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ დიდ მწვრთნელთან ვიმუშავე და დიდი ფეხბურთელის მხარდამხარ ვითამაშე. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ - თითოეულმა მათგანმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში.

დიდი ხანი არ მიმუშავია ვალერი ლობანოვსკისთან, მაგრამ ფეხბურთელი მაშინვე აღიქვამს ყველაფერს - ის განსაკუთრებული მწვრთნელი იყო, ფეხბურთს მომავლის პრიზმაში ხედავდა. ახლა რომ ვუყურებ ფეხბურთის განვითარების ტენდენციებს, ვხვდები, რომ ლობანოვსკიმ თითქმის ყველაფერი წინასწარ იცოდა.

მიმუშავია ისეთ დიდ მწვრთნელებთან, როგორებიც იყვნენ ანატოლი ბიშოვეცი, დავით ყიფიანი და გივი ნოდია. ეს იყო სამი განუმეორებელი ადამიანი.

...საუკეთესო პარტნიორის არჩევა კი ურთულესი საქმეა. უნდა დავფიქრდე... საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან უდავოდ იგორ დობროვოლსკი. თვალდახუჭული ვუგებდით ერთმანეთს. მან ჩემი მოძრაობები იცოდა, მე - მისი. კარგად ვიყავი შეთამაშებული ალექსეი მიხაილიჩენკოსთანაც.

Sportall.Ge

"დინამო" კი ძალიან ძლიერი იყო ჩემს დროს. ფაქტობრივად, ეს იყო გუნდი, რომელმაც თასების თასი მოიგო. მინუს დავით ყიფიანი, ვინც ჩვენი მწვრთნელი გახლდათ და სულმნათი ვიტალი დარასელია. ყველასთან იდეალურად ვიყავი შეთამაშებული. ვერავის გამოვარჩევ...

ალეკო კაკაურიძე
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიყვარდი და ტაშს გიკრავდი გელა ძმაო.
ანზორი
09:39 26-12-2019
0
კარგი ჯიგარი კაცი ხარ იხარე დზმაო ერტი ჰენი დანახვა ჯობია კაველაჰვილების და კალადზეების მოდგმას
LEKSO KUTAISI
23:22 25-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული