გაქაჩავს თუ არა ხვიჩა "ნაპოლიში"? - კაპელოს, ვაისის, სიომინის და სხვა სპეციალისტების ვარაუდი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადაწყვეტილი ტრანსფერის შესახებ მოსაზრება სხვადასხვა სპეციალისტმა გამოთქვა.

ფაბიო კაპელო (იტალიელი მწვრთნელი): "არა, კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცი, მისი თამაში არ მინახავს, რადგან იტალიაში შეუძლებელია რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატს უყურო. თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: რადგან "ნაპოლი" რომელიმე ფეხბურთელს ყიდულობს, ე.ი. ის მართლა მაგარია".

ვლადიმერ ვაისი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "ხვიჩას შეუძლია სერია A-ში თავი წარმოაჩინოს. საჭირო კლასი რომ არ ჰქონდეს, "ნაპოლი" მისით არ დაინტერესდებოდა. სამი წლის წინ ძალიან ახალგაზრდა ხვიჩას საქართველოს ნაკრებში მივეცი შანსი. ვიცი რა მისი სათამაშო
მახასიათებლები, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოუვა. ვფიქრობ, "ნაპოლი" იმისათვის ყიდულობს, რომ ინსინიეს პოზიციაზე შანსი მისცეს.

ეს დიდი ტრანსფერია. ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლა თავად მისთვის და ქართული ფეხბურთისთვის კარგი ნიშანია. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, გონიერია. თუ საქმეს სათანადოდ მოეკიდება, დიდი კარიერა ელის. "ნაპოლისთვის" შესანიშნავი ფეხბურთელია. ინსინიეს მსგავსი თვისებები გააჩნია. ამიტომაც ყიდულობენ".
ფრანკო კამოცი ("სპარტაკის" პრეზიდენტის მრჩეველი): "ხვიჩა კარგი მოთამაშეა, მაგრამ რუსეთსა და იტალიაში ასპარეზობა სრულიად სხვა რამაა. დააკვირდით მირანჩუკსა და შომორუდოვს. მოდით, ვნახოთ".

რინატ ბილიალეტდინოვი ("რუბინის" ყოფილი მწვრთნელი): "ხვიჩა გამოკვეთილი დრიბლინგის მქონე ფორვარდია. პრობლემების ინდივიდუალური მოქმედებით გადაჭრას ცდილობს. ასეთები ნებისმიერ ჩემპიონატში მოახერხებენ ადაპტაციას და ყოველთვის მოთხოვნადები არიან. თუმცა იტალიაში დაცვითი მოქმედების კულტია. ხვიჩასთვის თავისი დრიბლინგის დემონსტრირება ადვილი არ იქნება. შეიძლება შეეჯახოს იმას, რომ წონით მსუბუქია. ამიტომ საჭიროა ადაპტირება, კუნთოვანი მასის მომატება. არსებობს მეთოდიკა, რომ ამ დროს სისწრაფე არ დაკარგოს. როგორ დაამყაროს ბალანსი სისწრაფესა და კუნთოვან მასას შორის - ესაა საკითხავი.

მაგალითისთვის ქართველი ჯანო ანანიძე მახსენდება. ძალიან იმედისმომცემი იყო. შემდეგ გაირკვა, რომ მისი მსუბუქი წონა და ტრავმებისადმი მიდრეკილება პრობლემა გახლდათ. ეს მაგალითი თვალწინ მიდგას და არ გამიკვირდება, თუ ხვიჩას კარიერაში რაღაც მსგავსი ექნება, მაგრამ ის ჩვენი მოთამაშეა. როგორც ჩემიანს, ისე ვუსურვებ წარმატებას".

ანატოლი ბიშოვეცი (სსრკ ნაკრების ექსმწვრთნელი): "ხვიჩას ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით, "ნაპოლიში" თავის წარმოჩენის კარგი შანსი აქვს, მაგრამ ეს ძნელი იქნება. თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის მისთვის მთლად შესაბამისი ჩემპიონატი არ აარჩია. იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური მონაცემები, ბრძოლის წარმართვის უნარი და შესაძლებლობის ზღვარზე თამაში. მხოლოდ ტექნიკა არაა საკმარისი, აუცილებელია იყო უნივერსალური: თავდაცვა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება. მით უმეტეს, ვხედავთ, როგორ რთულად გამოსდის ეს მირანჩუკს.

ჩემს პრაქტიკაში კოლივანოვის გამო იტალიაში ჩასვლა და მისი მხარდაჭერა მომიწია, რადგან ეს საკმაოდ რთულია. კვარაცხელიას ადაპტაციის ადვილი პერიოდი არ ელის. ამისთვის მზადყოფნა მართებს. ადაპტაციის თვალსაზრისით ისეთი ჩემპიონატი უნდა აერჩია, სადაც უფრო ნიჭიერ და შეტევითი პოტენციალის ფეხბურთელებს ანიჭებენ უპირატესობას. სერია A მისთვის მთლად შესაფერისი არაა.

ხვიჩას სითბოთი ვეკიდები. გარდა კეთილი სურვილებისა, არაფერი შემიძლია ვუთხრა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ კვარაცხელიასი არ მჯერა, არამედ იმისათვის, რათა მზად იყოს".

იგორ კოლივანოვი ("ფოჯას" და "ბოლონიას" ყოფილი თავდამსხმელი): "მართალი გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, ის სად გადავიდა. ეს მისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ისე კი, გადავიდა და გადავიდა. ის ხომ რუსი არაა. სიმართლეს გეტყვით - საერთოდ არ მაღელვებს.

გაქაჩავს თუ არა იტალიაში? მას ფეხბურთის თამაში შეუძლია. ეს ცალსახაა. იქაური ჩემპიონატი მარტივი არაა. იქ სათამაშოდ ყველაფერი გააჩნია. კარგი სისწრაფე, ტექნიკა. მნიშვნელოვანია, როგორ შეერწყმება კოლექტივს. ადვილი არ იქნება, მაგრამ ის არასტანდარტული მოთამაშეა".

იური სიომინი ("ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი): "ხვიჩა გუნდში გადავიდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ. ინსინიე წავიდა და კვარაცხელიას მის მაგივრად აიყვანენ. მწვრთნელი სპალეტია, რომელიც კარგად იცნობს რუსეთის ჩემპიონატს. ვფიქრობ, ხვიჩას თამაში ბევრჯერ ნახა, რაც დადებითი მომენტია.

მთავარია, ოსტატობა მუდმივად დახვეწოს. "ლოკომოტივის" შემდეგ "რუბინში" უკეთესი გახდა. იგივე ითქმის ნაკრებზეც. ეს მისი დონის ზრდის მაჩვენებელია. დრო გვაჩვენებს, გაქაჩავს თუ არა სერია A-ს დონეს. აუცილებლად იტალიური უნდა ისწავლოს, რათა გუნდში მათიანი გახდეს. ნეაპოლი საქართველოს ჰგავს. თავის კარგად წარმოსაჩენად ბევრი რამ ხელს უწყობს. წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დამწყდა გული, როდესაც "ლოკომოტივიდან" წავიდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება".

დმიტრი რადჩენკო (რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემი აზრით, გასაგებია, ასეთი სეზონის მერე ძლიერი ჩემპიონატიდან შეთავაზება რომ ექნებოდა. ჩემთვის ეს სიურპრიზი არაა. "ნაპოლის" შესაბამის ფეხბურთს თამაშობს. მით უმეტეს, მწვრთნელი სპალეტია. ვფიქრობ, ხვიჩა იქ არ დაიკარგება. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ!"

მკითხველის კომენტარები / 8 /
გაქაჩავს. მეტსაც იზამს. შრომისმოყვარეა, ფეხბურთზე შეყვარებულია, გონიერია, თავში არ აუვარდება. ყოჩაღ. გახსოვდეს მთელი საქაღტველო შენ გიყურებს და გულშემატკივრობს.
წარმატებები!!!!!!!!!!!!!!
გია
13:07 29-04-2022
0
ერთი კაცი მაგის დამჭერი არაა,ორი და ხშირად სამი გადადიან მის გასაჩერებლად.ისიც იცის მაგ დროს თავისუფალ პარტნიორს როგორ მიცეს პასი და მერე გაეხსნას და მოჭრილი გაუშვას შორეულ ცხრიანში.სამიდან ერთიც რომ შეაგდოს საკმარისია.მაგარი კაცია,შრომა უყვარს,ფეხბურთი უყვარს.რუბინის ბაზაზე ცხოვრებას ნაპოლის ბაზაზე ცხოვრება და ვარჯიში რომ ჯობია ეგეც ცხადია.ნაპოლის სტაფს მისთვის ხელშეწყობა არ შეეშლება.ხოდა გაქაჩავს და მეტსაც იზამს.ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
ნუკრი
12:00 28-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული