ნოდარ მაჭავარიანი: ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენილია

AutoSharing Option
რუბრიკაში "გამორჩეულები", ჩვენი ლიგის მორიგ მონაწილეს წარმოგიდგენთ.

ნოდარ მაჭავარიანი - "ვითიბი ბანკი"
დაბადების თარიღი -1987 წლის, 14 იანვარი, ქ.თბილისი.

ნოდარი ჩვენი ლიგის უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა სამოყვარულო სპორტამდე, მას საკმაოდ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, წარმატებული პროფესიული საფეხბურთო კარიერა უმაგრებს ზურგს. მას საქართველოს უმაღლეს ლიგის რამოდენიმე გუნდში აქვს ნათამაშები, 2009-2010 წლების სეზონში კი "რუსთავის" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველის თამაში, არც ეროვნული ნკარების მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, არგენტინელ ჰექტორ რაულ კუპერს დარჩენია შეუმჩნეველი და ნაკრების
შემადგენლობაშიც რეგულარულად იძახებდა. თუმცა შემდეგ, სხვადსხავა მიზეზთა გამო, მაჭავარიანმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა...25 წლის (!!!) ასაკში...

დღეს, ნოდო "ვითიბი ბანკის" თანამშრომელია და ჩვენ ლიგაში მონაწილე "ვითიბი ბანკის" სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის, საუკეთესო ფეხბურთელია.

ინტერვიუ ტრადიციულად, მის საფეხბურთო "საწყისებზე" საუბრით დავიწყეთ.

- დავიწყოთ შენი კარიერით. ვინც ქართულ ფეხბურთში ოდნავ მაინც ერკვევა, ფაქტია შენი სახელი და გვარიც არაა უცხო...თუმცა ვფიქრობ ჩვენი გვერდის მომხარებლებისთვის უინტერესო არ უნდა იყოს, იმის გაგება თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.....?
- ფეხბურთის თამაში აკვნიდან დავიწყე :). 7 წლის ასაკში ჩემი პირველი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის "ავაზა"იყო, რომელსაც ანზორ ზუკაკიშვილი წვრთნიდა. ჩემ კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა მამაჩემმა, რომელიც სულ დამყვებოდა ვარჯიშზე თუ თამაშებზე რეგიონებში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

- კუპერის დროს, ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრებოდი და რეალურად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წამყვანი ცენტრალური მცველების სიაშიც შედიოდი. თუმცა მაინც რა ეპიზოდს გამოყოფ შენი კარიერიდან და რით იყო დასამახსოვრებელი? კარიერის საუკეთესო მატჩი?
- დიახ, კუპერის დროს მომიწია ნაკრებში გამოძახებებმა. რაც შეეხება საუკეთესო მატჩს, ასეთი მრავლად იყო. გამოყოფა მიჭირს, ალბათ მთლიანად სეზონს გამოვყოფდი, როდესაც რუსთავის რიგებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, 2009- 2010 წლის სეზონი მთლიანად გამორჩეული იყო სტაბილური და კარგი თამაშებით.

- საბოლოოდ მოხდა ისე, რომ კარიერა იმ დროს დაასრულე როდესაც წესით არ ასრულებენ ხოლმე. საკმაოდ გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული იყავი... მაინც რამ გიბიძგა, რომ შენთვის საყავრელ საქმეს ასე მოულოდნელად ჩამოშორდი?
- ნამდვილად, კარიერა ნაადრევად დავასრულე, 25 წლის ასაკში. ეს ნაბიჯი ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო, მაგრამ ესე ვარჩიე. რატომ? ქართულ ფეხბურთში გაუთავებელმა სიბინძურეებმა და უსახსრობამ ძალიან დამღალა. უნდა იყო ვიღაცის ნათესავი, ვიღაცის ძმაკაცი, რომ გუნდში იყო და ითამაშო. ეს ყველაფერი ჩვენი მენტალიტეტის ბრალია და კიდევ იმის, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი მოღვაწეობს რომლებიც საერთო სიტუაციას აფიჭებენ, ხლართავენ უაზრო ინტრიგებს. მწვრთნელს თუ ფულს არ გაუყოფდი, მაშინ გუნდში აყვანაზე არც უნდა გეფიქრა.

მართალია, ესეთი ყველა არაა. მაგალითად: გიორგი ცეცაძე, გიორგი დევდარიანი, გია გეგუჩაძე, ვარლამ კილასონია და არინ კიდევ ახალგაზრდები... გუნდში კონტრაქტი ისე დგებოდა როგორც გუნდს სურდა და ფეხბურთელი საერთოდ დაუცველი იყო. გუნდი საკუთარი სურვილისამებრ უშვებდა ფეხბურთელს...

მიხარია, რომ შეიქნა ახალი ორგანიზაცია რომელიც ფეხბურთელების ინტერესებს იცავს. ამ სააგენტოს სათავეში ყოფილი ფეხბურთელები არიან, ჯაბა მუჯირი და კიდევ ბევრი ნაცნობი სახეა. მიხარია ესეთი წამოწყებები, იმედია ფეხბურთელი უფრო დაცული იქნება, ვიდრე ჩემ დროს იყო.

- დღეს უკვე ნოდარ მაჭავარიანი სულ სხვა ამპლუაშია. საიდან და როგორ მოხვდი საბანკო სექტორში და შენი სამსახურის შესახებ რომ მოგვიყვე? ბანკირობაზე გიფიქრია ოდესმე?
- დღეს ვარ ბანკირი :). ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მიხარია, რომ მოვხდი ბანკში. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი მსახიობობაზე და ბანკირობაზე :). ვარ სამეურნეო სამმართველოს სპეციალისტი. ბანკში მოვხდი ჩემი მეგობრის, ვარლამ ლოლაძის მეშვეობით, რომელმაც შანსი მომცა, გავიარე ყველანაირი საგამოცდო ვადები და ტესტები და ვარ "ვითიბი ბანკის" თანამშრომელი, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ.

- მიუხედავად ყველაფრისა ფეხბურთს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მაინც აქტიურად მისდევ... ხომ არაა რთული, პროფესიული სპორტიდან საბანკო საქმიანობაზე გადმორთვა და პარალელურად სამოყვარულო სპორტით იყო დაკავებული? როგორი რეჟიმით გიწევს ცხოვრება?
- ძალიან დიდი მადლობა "ვითიბი ბანკს" იმისთვის, რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებს და ყველანაირად გვერდში გვიდგას, დაფინანსებით და მორალურადაც. ბა-ნ აჩიკო კონცელიძეს და ირაკლი დოლიძეს მადლობა. ასევე მადლობა ზაალ ჩიტალაძეს და სპორტულ სააგენტო SBM-ს, იმისათვის, რომ ისეთი ტურნირის ორგანიზებას ახერხებს, როგორიც "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაა".

რაც შეეხება რეჟიმს, ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, კვირაში 3 დღე სამსახურის მერე ვარჯიში და თამაშები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენილია.

- ჩვენ ლიგაში ბევრია ისეთი,რომელსაც პროფესიულ სპორტში კარიერა სხვადასხვა მიზეზით ვერ აეწყო ან უკვე ჩამოშორდა აქტიურ სპორტს და დღეს ამ დონეზე ცდილობს საკუთარი სპორტული ჟინი დაიკმაყოფილოს. შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ტურნირები ამ ადამიანებისთვის და მათ შორის შენთვისაც, მაშინ როცა ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზე გაქვს ნათამაშები? რამდენად გეხმარება, რომ შენი სპორტული აზარტი აქ გამოამჟღავნო ბოლომდე?
- ეს ტურნირი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩემთვის და ყველა იმ ყოფილი ფეხბურთელისთვის რომლებიც თამაშობენ ლიგაში. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ტურნირის ორგანიზატორებს.

- იმისათვის, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ყოველწლიურად საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, სწორედ იმ კომპანიებზეა დამოკიდებული, რომლებსაც სპორტისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ჩვენ ლიგაში წარმოდგენილ ორგანიზაციებს. იგივე "ვითიბის" მაგალითზე, რომ ავიღოთ. ეს ბანკი ზოგადად სპორტისადმი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა სამოყვარულო სპორტში აქტივობით, ერთდროულად ორ საქმეს აკეთებს, ჯანსაღ ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას და თან ხელს უწყობს თავის სტრუქტურაში კორპორატიული სულის ამაღლებას. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავად თანამშრომლებისთვის?
- "ვითიბი ბანკი" სპორტში ძალიან აქტიურად არის ჩართული. ბევრი გუდნის სპონსორია... რაგბი, კალათბურთი, საცხენოსნო სპორტი... და რა თქმა უნდა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური სპონსორიცაა. მთელი ბანკი ჩართულია ფეხბურთში. ჩოგბურთსაც აქტიურად მივდევთ.... კალათბურთის გუნდიც გვყავს. ვფიქრობ ძალიან გამიმართლა, რომ "ვითიბიში" მოვხდი. თამამად შემიძლის ვთქვა, რომ ეს ყველაზე სპორტული ბანკია.

- შენ პირად ცხოვრებაზეც, რომ გვითხრა?
- მყავს მეუღლე და შვილი. წლინახევრის ალექსანდრე მაჭავარიანი, მომავალი ფეხბურთელი ჟ

- ის რისი კეთებაც თავისუფალ დროს ყველაზე მეტად გიყვარს (ფეხბურთის გარდა რასაკვირველია)?
- მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენება.

- გუნდი რომელშიც თამაშზეც გიოცნებია? რომელ გუნდს და ნაკრებს ქომაგობ, როგორი ფეხბურთი ზის შენ გემოვნებაში?
- ყოველთვის ვოცნებობდი მეთამაშა ბარსელონაში ან რეალში. მიყვარს შემტევი და ლამაზი ფეხბურთი.

- საუკეთესო პარტნიორი მოედანზე? და ვისთან ერთად თამაშზე გიოცნებია?
- პაოლო მალდინის გვერდით ვოცნებობდი, რომ მეთამაშა. ჩემი აზრით ის მსოფლიოში საუკეთესო მცველია. ასევე ზიდანი და ბრაზილიელი რონალდო, ვთვლი,რომ ისინი საუკეთესოები არიან.

- და ბოლოს, რას ეტყოდი იმ ადამიანებს რომლებსაც პროფესიული კარიერა სათანადოდ ვერ აეწყოთ და სპორტზე გული აქვთ აცრუებული? რას უსურვებ ჩვენ ჩემპიონატს?
- ჩვენს ჩემპიონატს ვუსურვებ, უფრო ძლიერი გამხდარიყო. უფრო მეტ გულშემატკივარს ვუსურვებ. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს ვინც პროფესიონალური კარიერა დაამთავრა, მინდა ვუთხრა, რომ ეს ჩემპიონატი სპორტულ ჟინს აუცილებლად დაგიკმაყოფილებთ და მოდით, ერთად ვითამაშოთ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს სამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული