"...ამან ხომ მთლად გადამრია კაცი, წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე"

AutoSharing Option
ოთარ გაბელია - საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, კარგი მწვრთნელი, უბრალოდ, მართალი კაცი. როცა იმ ძველი "დინამოს" დიდების შემომქმედებთან გიწევს შეხვედრა, ხვდები, რომ ეპოქალური წარმატებები შემთხვევით არ მოსულა. დიდი ფეხბურთელები ნამდვილი პიროვნებები იყვნენ.

საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, ქვეყნის ჩემპიონი, თასისა და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელი - ჩვენს რესპონდენტს არც ინდივიდუალური ტიტულები აკლია და არც გუნდური.

გაბელიას გასახსენებელს რა გამოულევს. ვსაუბრობთ მის კარიერაზე, ქართული ფეხბურთის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ცხადია, ბევრი რამ უთქმელიც რჩება. მის თითოეულ
სიტყვას განსაკუთრებული ფასი ადევს.

თავი რომ ვანებოთ ყალბ პათეტიკას, ქართული ფეხბურთი დღემდე მისი და მისი თაობის მიღწევებით სულდგმულობს...

ცხოვრებაში სასწაულებიც ხდება
- დავიბადე ზუგდიდში. ქალაქის შესასვლელში იყო მეურნეობა. იქ ვცხოვრობდით. მამა ამ მეურნეობის დირექტორი გახლდათ. ჩემს ბავშვობაში ყველა ბურთზე იყო გადარეული და რაღა მე ვიქნებოდი გამონაკლისი. რაც თავი მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობ.
მამამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მოგვიანებით, როცა ზუგდიდში გადავედით, 10 წელი აშენებდა სახლს. არადა, კაცი მეურნეობის დირექტორი იყო, სულ დიდ თანამდებობებზე მუშაობდა. ფულის გაკეთებას, უკანონობას ვერ გააგონებდი...

მაშინ ფეხბურთის ბუმი იყო, ტარდებოდა ქუჩის პირველობები. ჩემი ქუჩის გუნდში ვთამაშობდი. სხვათა შორის, მარცხენა გარემარბი ვიყავი. ამხანაგურ მატჩებში ბლომად გოლები გამქონდა. არ დაგიმალავთ და, ბომბარდირობაზეც ვფიქრობდი. ჩემი მეზობელი იყო მეკარე. სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და კარში დადგომა მომიწია. შევხედე - ცუდად არ გამომივიდა. მერე მიყვა და მიყვა... 1963 წელი იყო, თუ არ ვცდები. ბავშვთა ზონალურ პირველობაზე საუკეთესო მეკარის პრიზი ავიღე. მერე აღარც მიფიქრია ამპლუის შეცვლაზე.

Sportall.Ge

პირველი მწვრთნელი გივი სართანია გახლდათ, ყოფილი მსაჯი, კარგი ადამიანი. ასევე მინდა გავიხსენო ვასილ ბუკია - ისიც ფეხბურთის ფანატიკოსი. ვარჯიშები არ იყო დამღლელი და აუტანელი, ისინი უბრალოდ გვაყვარებდნენ ფეხბურთს...

მეათე კლასში ვიყავი, როცა ზუგდიდის "დინამოში" აღმოვჩნდი. ცხონებული ჯუბა ჩუხუას მამა, ჯუმბერ ჩუხუა იყო მწვრთნელი. მერე გასინჯვაზე წამიყვანეს სოხუმის "დინამოში". ეს სერიოზული გამოწვევა იყო. თან სოხუმის ინსტიტუტში ვსწავლობდი.

"დინამოს" იური გრამატიკოპულო წვრთნიდა. ეს იყო მართლაც დიდებული სპეციალისტი, რომელიც თამამად ენდობოდა ახალგაზრდებს. არადა, გუნდში ძალიან დიდი კონკურენცია იყო - მურთაზ ვეკუა, იური კუჭუხიძე და გენო ახალაძე ძალიან ძლიერი მეკარეები იყვნენ.
სხვათა შორის, ვიტალი დარასელია სწორედ გრამატიკოპულომ შენიშნა პირველად. ერევნის "არარატს" ვეთამაშებოდით ამხანაგურ მატჩში, როცა სპეციალურად ჩამოიყვანა ოჩამჩირიდან. მაშინ სულ პატარა იყო ცხონებული...

ორი წელიწადი ვითამაშე სოხუმში. მერე გუნდი მეორე ლიგიდან გავარდა. ახლა უნდა მოგიყვეთ ნამდვილი სასწაული - სახლში, ზუგდიდში ვბრუნდები, ცუდ ხასიათზე ვარ. ჩერდება ავტობუსი, აწერია - ქუთაისის "ტორპედო". ჩემი მეგობარი, ვოვა შელია ჩამოდის ავტობუსიდან და მეუბნება - გიგა ნორაკიძე გიბარებს ლესელიძეშიო.

ჩავედი სახლში. მშობლებმა არ დამიჯერეს - რას იგონებ, რა "ტორპედოო"... ბედნიერი ვარ, რომ ნორაკიძესთან ვიმუშავე. მასზე შეიძლება ცალკე და ძალიან ბევრი ვისაუბროთ. ამოუწურავი თემაა.

არადა, დომინოს ვთამაშობდი...
- 1977 წლის დასაწყისში დავოჯახდი. ქორწილი მაქვს და გიგა ნორაკიძემ ერთი დღით დააგვიანა - გადაუდებელი საქმე ჰქონდა. ჩამოვიდა მეორე დღეს. ვეცით პატივი. ცოტა დალია და მეუბნება - "დინამოს" უნდა შენი წაყვანა, მაგრამ მე მინდა, რომ დარჩეო და... წარმოიდგინეთ, ატირდა ამხელა კაცი.

ბოლოს მირჩია - მე კი არ მეთმობი, მაგრამ მაინც "დინამოა", უნდა წახვიდეო. ასე მივედი საქართველოს პირველ გუნდში. მოვიგე თასების მფლობელთა თასი, ვითამაშე საჩემპიონო სეზონში, მოვიგე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ქვეყნის თასი, გავხდი ქვეყნის საუკეთესო მეკარე... მოგიყვებით რამდენიმე საინტერესო ამბავს, "დინამოში" რომ გადამხდა.

1979 წელია. თასის ფინალი გვაქვს მოსკოვის "დინამოსთან". ვემზადებით, ვცხოვრობთ სასტუმრო "მოსკვაში". მეორე მეკარე ვარ. ძირითადში თამაშს არც ველოდები. ღამეა. დომინოს ვთამაშობთ მე, ნოდარ ხიზანიშვილი, ჩელე და ცხონებული ვიტალიკა. რეკავს ტელეფონი, თვით ნოდარ ახალკაცი - ხვალ ძირითადში ხარო, მეუბნება...

Sportall.Ge

აბა, სასწრაფოდ დავიძინოთ-მეთქი, ბიჭებს ვუთხარი. დავწექი, მაგრამ რად გინდა - თვალი ვერ მოვხუჭე. ვფიქრობ, გადაჭედილი "ლუჟნიკები", მსაჯი... თან მოსკოვის "დინამოც" მაგარი გუნდი იყო.

100-ათასიან სტადიონზე დაახლოებით 70 ათასი კაცი მოვიდა. ის მატჩი ალბათ ყველას ახსოვს. პენალტებში რომ მოვიგეთ, პირჯვარი გადავიწერე. დღემდე მწამს ღმერთი. მისი ნება იყო, ასე კარგად რომ აეწყო ყველაფერი...

ჰოდა, ატყდა ერთი ამბავი ამ პირჯვარის გამო. წერილს წერილზე წერენ გადამდგარი პოლკოვნიკები თუ მოქმედი მაღალჩინოსნები - გაბელია რა შუაშია, მან პენალტები რაღაც ზებუნებრივი ძალის წყალობით აიღოო. მოკლედ, უხერხული სიტუაციაა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ ამცდება.

მოვიდა სულმნათი ჟიული შარტავა ბაზაზე. კაცს აღარ ასვენებენ. დღე ერთია და ათას წერილს სწერენ. მითხრა, ახლა ჩვენ მეგრული "შტუკა" უნდა გავაკეთოთო. ასე თქვი, ვითომ ოფლს იწმენდდიო... მადლობა ღმერთს, რომ ამ გმირს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ახლოს ვიცნობდი.

ერთი ისტორიაც უნდა მოვყვე. ძალიან ემოციური ვიყავი. თამაშის წინ ბიჭებს ვეუბნებოდი კიდეც - უნდა მაპატიოთ, თუ მატჩის დროს რამე "ისეთი" წამომცდება-მეთქი. მათაც ესმოდათ ჩემი.

მუნჯი და თამაშის დროს თავის თავში ჩაკეტილი მეკარის არ მწამს. ხარკოვში ვეთამაშებით "მეტალისტს". ბარემ გეტყვით, რომ ჩემი სიდედრი წარმოშობით ხარკოველია. წვიმს, საშინელი ამინდია. არ მიგვდის თამაში. მესამე ბურთი რომ გავუშვი, მინდორზე ფოტორეპორტიორი შემოვარდა და სიტყვა-სიტყვით მითხრა: "ვინიმაი ტრეტიუ ბანკუ". ჯერ ისედაც გაგიჟებული ვარ და ამან ხომ მთლად გადამრია კაცი. წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე. ფოტოაპარატი ასფალტზე გაუტყდა, მე არ დამიმტვრევია. დისკვალიფიკაციას გადავრჩი - ფოტოგრაფს არ ჰქონდა მინდორზე შესვლის უფლება.

მომდევნო თამაში "დნეპრთან" გვქონდა, დნეპროპეტროვსკში. არ დამაყენა ნოდარ ახალკაცმა, გართულებებს მოერიდა. მოდის ხალხი, მთხოვს ავტოგრაფებს. უცებ, ფოტოგრაფი გამოჩნდა. ვიღაც ენაკვიმატმა დაუძახა, გამოეცალე, მაგას ფოტოგრაფები არ უყვარს, თავზე დაგამტვრევს აპარატსო...

მეც გამიგონია ჭორი, თითქოს მამაჩემს ინფარქტმა იმ დროს დაარტყა, რაც ტაშკენტში, "ფახთაქორთან" 3 გოლი გავუშვი. არაა მართალი - ტაშკენტში ყოფნისას გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი. იმ დროს უკვე ავადმყოფობდა...

ჰო, კიდევ ერთი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედლები არ შემხვდა. მხოლოდ 2 მატჩი დამაკლდა, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, ნამდვილი ჩემპიონი ხარო და მეც ვიფერებდი.

ნოდარ ახალკაცზე...
- ამ ხნის მოვიყარე და, გეუბნებით, არ შემხვედრია უფრო განათლებული, ნაკითხი კაცი, ვიდრე ნოდარ ახალკაცი იყო. წარმოიდგინეთ, მედიცინაც კი უმაღლეს დონეზე იცოდა. შემთხვევითი არაა, რომ "დინამომ" მის ხელში მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებებს.

ჩვენი თაობა ვერაფერს მიაღწევდა, რომ არა მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, სერგო კოტრიკაძე... ჩვენ მყარი საძირკველი დაგვხვდა. თან ერთად შეიკრიბა ბევრი კარგი ფეხბურთელი. "ტორპედომ" დიდი შევსება მისცა მაშინ "დინამოს".

...სიტყვა გამექცა. ჩვენ ხომ ახალკაცზე ვსაუბრობთ. იცით, როგორი ფსიქოლოგი იყო? ზოგჯერ, იმას უყვირებდა, ვინც ნაკლებად იმსახურებდა. ვინც იმსახურებდა, ის შედარებით იოლად გადარჩებოდა. მერე მივხვდი, ამას შეგნებულად აკეთებდა - თითოეული ჩვენგანის ხასიათი მან ზუსტად იცოდა.

უბრალოდ, "მაესტრო" - მე მას ასე დავახასიათებდი. უმკაცრესი იყო. რეჟიმი არ დაგვირღვევია-მეთქი, როგორ მოგატყუოთ, მაგრამ ზომა-წონა ვიცოდით.

და კიდევ: ზუსტად იცოდა თითოეული მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ამას ბევრი მაშინ არ აკეთებდა.

ახლა ბევრი სვამს კითხვას - რატომ ვეღარ გააგრძელა იმ "დინამომ" წარმატებული სვლა თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგო? ამას, ალბათ, რამდენიმე მიზეზი აქვს. ვიტალი დარასელია გარდაიცვალა, დათო ყიფიანმა თამაშს თავი დაანება... მერე, ბევრი გაგვიშვეს "დინამოდან". ძალიან კარგი თაობა მოდიოდა - თუნდაც გრიშა ცაავა და პატარა მიშა მესხი რად ღირს. ახალკაცმა ჩათვალა, რომ ისინი დიდ წარმატებას მიაღწევდნენ.

თაობა მართლაც უნიჭიერესი იყო. უბრალოდ, მგონი, ხასიათის სიმტკიცე არ ეყოთ. ალბათ, შეცდომაც იყო ამდენი ფეხბურთელის გაშვება.

ისე, 1982 წელს ძალიან ახლოს ვიყავით კიდევ ერთ ევროპულ ტიტულთან, მაგრამ "სტანდარდთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. მერე დავუბრუნდი "ტორპედოს", საიდანაც დათო ყიფიანმა ისევ მიმიყვანა "დინამოში".

ორი მატჩი საბჭოთა ნაკრებში
- საბჭოთა კავშირის ნაკრებში 2 მატჩი ჩავატარე. ორივე გერმანელებთან - ერთი დემოკრატიული, მეორე კი ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებების წინააღმდეგ. კონკურენტები ისეთები მყავდა, რომ შეიძლება კაცი დამფრთხალიყო - თუნდაც რინატ დასაევი.

თბილისში ვითამაშე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. დასაევიც არ დააყენეს - იცოდნენ, მაინც წაგებული იყო ის მატჩი.

ფიშერი, შუსტერი, რუმენიგე... გერმანიას დიდებული შემადგენლობა ჰყავდა. 3:1 მოგვიგეს. გაშვებული გოლები ჩემთვის არავის დაუბრალებია, თუმცა ფაქტია, იქ დასრულდა ჩემი სანაკრებო კარიერა.

საქართველოს ნაკრებს მოურინიოც ვერ უშველის
- დღეს კრიტიკოსები არც საქართველოს ნაკრებს აკლია, არც ფეხბურთის ფედერაციას და არც თემურ ქეცბაიას. ნაკრები რომ ვერ თამაშობს, ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ გოლებს ქეცბაია და სიჭინავა ხომ ვერ გაიტანენ.

დავუნიშნოთ საქართველოს ნაკრებს მწვრთნელად ჟოზე მოურინიო. ისიც ვერ შეცვლის სიტუაციას. ფეხბურთს თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დაბალი დონისანი არიან დღეს.

Sportall.Ge

ცოტა ხნის წინ ვიყავი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. ყველა კრებას ვიწყებდი ამ სიტყვებით - შვილო, ნუ გაიქცევი 19 წლისა აზერბაიჯანში ან რუსეთ-უკრაინის პირველ ლიგაში. მაგრამ თუ მაინც წახვალ, წადი ისეთ გუნდში, სადაც მოგიწევს თამაში. ნუ წახვალ მხოლოდ ფულისა და სათადარიგოებში ჯდომისთვის.

დღეს ასეა - თუ ჩვენს ფეხბურთელს აქვს კონტრაქტი და კარგი ანაზღაურება, უკვე კმაყოფილია. სად თამაშობს, ან თამაშობს თუ არა ძირითადში და პროგრესირებს თუ არა, ეს არ აინტერესებს.

ფედერაციას ყველა აკრიტიკებს. არ ვარ ის კაცი, ვინმეს ტყუილად მოვეფერო. 18 მილიონი ვალი გაისტუმრა ზვიად სიჭინავამ. ნაკრებებს შეკრებები არ აკლიათ, ვეტერანები დიდ ყურადღებას ვგრძნობთ. სტადიონები გაკეთდა. მგონი, ეს დასაფასებელია.

ოთხი თვის წინ მოსკოვში ვიყავი მწვრთნელთა კურსებზე. სტიუარტ პირსმა თქვა - 92 პროფესიული კლუბიდან 72-ს ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფო აფინანსებსო. ამას კერძო სპონსორიც ემატება. როცა ინგლისში ასეა, მით უმეტეს პატარა საქართველოში ვერ გახვალ ფონს სახელმწიფოს დახმარების გარეშე. მერე კერძო ინვესტორიც დაინტერესდება და იქნებ, გვეშველოს.

ალეკო კაკაურიძე
ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK
მკითხველის კომენტარები / 16 /
უმაგრესი მეკარე ხაზზე. გამოსვლებზე უჭირდა ცოტა. მაგარი ქართველი, ცარიელი ემოცია. სალამი ყველას, ვისაც ახსოვს დაუვიწყარი დინამო.
ioska
11:05 23-02-2014
0
ოთარ თქვენი თაობა ძალიან მაგარი იყო და თანაც ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა!ძალიან ძნელია ასეთი რამ ქართულ ფეხბურთში განმერდეს ან თქვენზე უკეთესი თაობა გამოჩნდეს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული