"ტრანსფერმარკტმა" ვაკო ყაზაიშვილის სავარაუდო ფასი მილიონ ევროს მიუახლოვა

AutoSharing Option
სატრანსფერო პერიოდში მოთამაშეთა ღირებულების გადაფასება ხდება. ზამთრის შუალედშიც ასე მოხდა და დეკემბერთან შედარებით, ბევრი რამ შეიცვალა.

მაგალითად, "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში გამოიძახეს და, ეტყობა, ამან სტიმული მისცა "ვალვაიკთან" გოლის გასატანად. მანამდე კი გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი მილიონ ევროს მიუახლოვა - იყო 600 ათასი, ახლა 800 ათასია.

არასასიამოვნო ფაქტიც დაფიქსირდა: "ტრანსფერმარკტმა" "ვიტესის" კაპიტნისა და საქართველოს ნაკრების მცველის, გურამ კაშიას ფასი საგრძნობლად შეამცირა - 5 მილიონის ნაცვლად 4 მილიონი დაუწერა.

1 400 000-დან მილიონამდე შემცირდა დავით თარგამაძის
(უკვე დაარეგისტრირეს ეკატერინბურგის "ურალში") ფასი.

უთამაშებლობამ ლვოვის "კარპატის" წევრ ბუბა დაუშვილის სატრანსფერო ღირებულებასაც დაატყო კვალი - მილიონის ნაცვლად, ის ახლა 700 ათასად ფასობს.

იგივე ხდება უჩა ლობჟანიძის თავსაც. საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველ სანდრო კობახიძის გრაფაშიც კლებაა - დეკემბრის (2,0 მლნ) შემდეგ კორექტირება მოხდა და ახლა 1,5 მილიონი უწერია, ლევან ყენიას კი - 800 ათასი (მილიონის ნაცვლად).

ასევე შემცირდა გოგიტა გოგუასა (მილიონის ნაცვლად - 750 ათასი) და ზურაბ ხიზანიშვილის (1,3 მლნ-დან 900 ათასამდე) ფასები.

იყო დრო, ლევან კობიაშვილის მსურველებს 6,5 მილიონის გამზადებას ურჩევდნენ, ახლა კი ვეტერანი ქართველის გრაფაში მხოლოდ 400 ათასი წერია, თუმცა ეს გასაგებია, რადგან კობი კარიერის დასასრულს უახლოვდება...

შედეგად, ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების პირობით ათეულში დაწინაურდნენ ოდესის "ჩერნომორეცში" გადასული თორნიკე ოქრიაშვილი, "კლუჟში" ახალწვეული გიორგი ჭანტურია და თბილისის დინამოელი გიორგი მერებაშვილი (სამივე - 1 მლნ).

აქვე ვიტყვით, რომ "დინამოს" ახალწვეულ იენს იანსეს ფასი, თბილისის "დინამოს" ლეგიონერებს შორის, ყველაზე დაბალია დარკო გლიშიჩის ანალოგიურ მონაცემთან ერთად - 400 ათასი. 2008 წელს, როცა იანსე ერედივიზიონის "ვილემში" გამოდიოდა, მისი ღირებულება 700 ათასი ევრო იყო. თბილისურ კლუბში და, ზოგადად, ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერი დორინ გოგაა - 900 ათასი. ამ მხრივ, რუმინელი ჩისკოსაც (700 ათასი) უსწრებს.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება: 1. გურამ კაშია (ვიტესი) - 4 მლნ; 2. ჯაბა კანკავა (დნიპრო) - 3 მლნ; 3. ჯანო ანანიძე (როსტოვი) - 2.5 მლნ; 4-5. ალეკო ამისულაშვილი (კრილია), გია გრიგალავა (ანჟი) - 2-2 მლნ; 6. სანდრო კობახიძე (დნიპრო) - 1.5 მლნ; 7. ლადო დვალიშვილი (ლეგია) - 1.4 მლნ; 8. გიორგი ლორია (დინამო) - 1.1 მლნ; 9-12. დავით თარგამაძე (ურალი), გიორგი მერებაშვილი (დინამო), თორნიკე ოქრიაშვილი (ჩერნომორეცი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი) - 1-1 მლნ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული