როგორ გადაურა ბულდოზერმა ქართულ ფეხბურთს

AutoSharing Option
გვიშველეთ!
"ჩვენი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპი" ბოლო დღეებს ითვლის. მოდის და მოდის ეს სახლები მოედნებისკენ და ისე გვიახლოვდება, მალე ავლაბრის სტადიონის მსგავსი ამბავი მოხდება, მშენებლები მოედანზე შემოვლენ და საფეხბურთო სკოლა გაუქმდება.

გასკდა გული, როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ, არ ვიცით. მაგრამ ის კი მესმის, რომ თბილისში ბევრი ადგილია სახლებისთვის და შესაძლებელია, ეს საფეხბურთო ცენტრი არ წაგვართვან. განგაში უნდა ავტეხოთ", - ეს საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ერთ-ერთი წარმომადგენლის წერილია, რომელიც პირადად გამოგვიგზავნა.

მანამდე კი იყო შემთხვევა, როდესაც "ოლიმპის" მოედანზე გუბაზ დოლიძის გუნდი თამაშობდა და ტერიტორიის
მფლობელმა მისი დატოვება მოსთხოვა.

"ოლიმპი" 2002 წელს დაფუძნდა. თბილისის "მერანი" საფეხბურთო აკადემიის საკუთრება გახდა, რომლის თავკაცებმაც მიზნად საქართველოს ნაკრებებისთვის სრულფასოვანი რეზერვის გაზრდა დაისახეს. "ოლიმპს" უმაღლეს ლიგაში თავისი გუნდი ჰყავდა, უეფა-ს თასზე ითამაშა და მისი მთელი უბედურებაც აქედან დაიწყო. აკადემიის ტერიტორია იმიტომ არ გაუყიდიათ, რომ ამის დიდი სურვილი ჰქონდათ, არამედ, "ოლიმპის" მეპატრონეები გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ და უცხოელ ინვენსტორს მიჰყიდეს, რომელმაც წლების წინ აქ სახლების წამოჭიმვა გადაწყვიტა.

სამწუხარო რეალობაა, რომელშიც ტერიტორიის მფლობელს იურიდიულად ვერავინ დაადანაშაულებს - მან ეს მიწები იყიდა. და რასაც კანონი არ კრძალავს, ის ნებადართულია. ამ ნებადართულს კი ეწირება სკოლა, რომელიც ფეხბურთელთა აღზრდის ნამდვილი კონვეიერი იყო.

ამ მოედნებზე ეროვნული, ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების ბევრ ცნობილ ფეხბურთელს უვარჯიშია - გოჩა ხოჯავას, რევაზ გეწაძეს, სანდრო კობახიძეს, გიორგი ხიდეშელს, ლექსო ბენაშვილს, როინ კვასხვაძეს, თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ჭანტურიას, ლაშა პარუნაშვილს, ვალერი ყაზაიშვილს, გიორგი პაპავას, დათა ხოჭოლავას, მამუკა კობახიძეს, ბაჩანა არაბულს...

ჩამორთმეული და გასხვისებულია
საერთოდ, ბოლო წლებში, თბილისსა და საქართველოში ბევრი სტადიონი, საფეხბურთო სკოლა და მოედანი თხასავით გაყიდეს და ისეთი უბედურება ტრიალებს, კაცს გული შეგიწუხდება.

გასხვისებულია და ამჟამად სარაგბო ცენტრებს წარმოადგენს თბილისის "ლოკომოტივის" საწვრთნელი ბაზა, "სინათლისა" და "შევარდენის" სტადიონები. კორპუსები წამოჭიმეს ვაკის სტუდქალაქის მოედანზე, ავლაბრის სტადიონზე. მავანთა მადას შეეწირა ოქროყანაში მშვენიერი სტადიონიც.

ტრადიციული ცენტრები
უკვე 5 წლია აღარ არსებობს ძველი 35-ე სკოლა (იგივე "XXI საუკუნე"), სადაც მესხი, კოტრიკაძე, იამანიძე, კალოევი, ყიფიანი, გუცაევი, მაჩაიძეები, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი და სხვა ვარსკვლავები გაიზარდნენ. იქ ჯერ ბაზრობა გაიხსნა, შემდეგ კი ტრაილერების სადგომად აქციეს.

ნაძალადევში, ტრიკოტაჟის ფაბრიკა გაყიდულია და ცხადია, იქ მდებარე "ფეიქრების" სტადიონიც კერძო მეპატრონის ხელში აღმოჩნდა. იქ საფეხბურთო ჯგუფები ვარჯიშს ჯერ კიდევ ახერხებენ, მაგრამ უახლოეს მომავალში, ეს შეუძლებელი იქნება - ტერიტორიის გაწმენდა სრული ტემპით მიმდინარეობს, წამგებიანი საფეხბურთო სკოლა კი ბიზნეს-ინტერესებში ვერ ჯდება. არადა, "ფეიქარზე" გადადგეს პირველი ნაბიჯები მანუჩარ მაჩაიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ და გიორგი ნემსაძემ.

მუშტაიდიც ფაფუ! უკვე სამი წელია დახურულია ამ ტერიტორიაზე მდებარე "ნორჩი დინამოს" ტრადიციული საფეხბურთო ცენტრი. ამის მიზეზებზე მცირე ხნის წინ "ლელოს" მისი ყოფილი მეპატრონე ოთარ შენგელია ელაპარაკა, რომ იძულებული გახდა, ტერიტორია დაეთმო.

უსტადიონო ქალაქები
ბათუმის ბულვარში მდებარე ულამაზესი სტადიონიდან დღეს მხოლოდ წარსულ დღეთა მოგონებები შემოგვრჩა. ბათუმის "დინამო" ქალაქიდან გახიზნეს და ამჟამად, ქობულეთის "ჩელე არენაზე" თამაშობს - ბათუმში, სადაც ერთ-ერთი პირველი ქართული გუნდი ჩამოყალიბდა, ფეხბურთის ხილვა მხოლოდ ტელევიზორშია შესაძლებელი.

სტადიონი ზუგდიდშიც აღარ დარჩა. ცენტრალური სტადიონი დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობდა, დაანგრიეს და "ზუგდიდი" "ბაიას" ბაზაზე გადავიდა.

ფოთის "ფაზისზე" მოედანი კი დააგეს, მაგრამ ტრიბუნები ჯერ არ აშენებულა, ასეთი არენა კი სრულფასოვან სტადიონად ვერ ჩაითვლება. ქალაქების სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, სადაც ნორმალური სტადიონი აღარაა.

გადარჩენილი
სპორტის აკადემიის ტერიტორია და იქ მდებარე სტადიონი გასაყიდად იყო გამზადებული, ცხადია, მოედანიც სახლების ქვემოთ მოექცეოდა. მაგრამ მოედანი ბედნიერმა შემთხვევამ შეგვინარჩუნა: როდესაც "ფალავანთა კლუბის" მხარეს მშენებლობა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მოედნის ქვემოთ გრუნტის წყლები გაედინებოდა, მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა სასურველი არ იყო და პროექტი შეჩერდა.

საბედნიეროდ, სპორტის აკადემია ისევ აღადგინეს, მოედანიც სასწავლებელს ეკუთვნის და ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ეს საფეხბურთო ცენტრი მაინც შევინარჩუნოთ.

საკანონმდებლო ცუნამი
რამდენიმე წლის წინ, თბილისში ამოქმედდა კანონი მიწის დიფერენცირებული გადასახადის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, პრესტიჟულ უბნებში გადასახადი ოთხჯერ გაიზარდა. 2010 წელს მორიგი დარტყმა მივიღეთ: წყლის გადასახადი ორჯერ გაძვირდა.

ამ ყველაფერმა პირდაპირ დაარტყა საფეხბურთო მეურნეობას - პრესტიჟულ რაიონებში სახლებს დიდი ფასი დაედო.

როდესაც საფეხბურთო სკოლების შენახვა მეტისმეტად წამგებიანია, მათ გაზრდილ გადასახადებთან გამკლავება გაუჭირდათ და შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა: ბევრი სკოლის ადგილას სახლები ან სავაჭრო კომპლექსები წამოიჭიმა, ვინც სკოლა შეინარჩუნა, იძულებული გახდა, სკოლაში სიარულის გადასახადები გაეზარდა.

ეს იყო ქართული ფეხბურთის საფუძვლისთვის მიყენებული მორიგი დარტყმა, რადგან დასახელებული ფაქტორების გამოისობით, საფეხბურთო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ფეხბურთს არ ეხება, მაგრამ არანაკლები სატკივარია: ვაკის მძლეოსნობის მანეჟი დაანგრიეს და მის ადგილზე მალე მშენებლობა დაიწყება.

გვეშველება რამე?
საქართველოს ისედაც ბევრი დააკლდა, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ტალანტებს ვეღარ ვიღებთ, სამეგრელო წელში გატეხეს და ახლა ცდილობს ფეხზე დადგომას, რეგიონებში ფეხბურთი კომაშია, მხოლოდ თბილისში დარჩა ასე თუ ისე ძლიერი სკოლები და მათაც მძიმე მდგომარეობაში აგდებენ.

ეს ფაქტები მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში, სპორტში სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობდა. რადგან ახლა სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარებისთვის თანხის გაღება გადაწყვიტა, გამოდის, ეს სახეობა ფეხებზე არ ჰკიდია, მაგრამ სტადიონების გარეშე ბავშვები ფეხბურთს "ფლეისთეიშენში" თუ ითამაშებენ.

ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და კანონმდებლობის შეცვლა, რომ სპორტულ ობიექტებს პროფილი არ შეუცვალონ. თორემ სახლების მშენებლობა სპორტულ ობიექტებზე მომგებიანია და არსებული მიდგომით სპორტული ობიექტი აღარ შეგვრჩება.

ინებეთ მაგალითი: 35-ე სკოლის ტერიტორიის საფასურად, დირექციას უზარმაზარ თანხებს სთავაზობდნენ. ისინი თავს ძლივს ინახავენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მეპატრონე რომ შეიცვალოს, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ეს სკოლაც სხვების ბედს არ გაიზიარებს?

თბილისში ბევრი საფეხბურთო ცენტრი ჩაკვდა და სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება, ქართული ფეხბურთის მომავალზე ლაპარაკი ტყუილია. ყველა საფეხბურთო მოედანი აღირიცხოს. დიდი ხანია, ამას უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია ითხოვს, მაგრამ ვინ უსმენს?

ბოლო დროის დიდი მშენებლობებიდან რუსთავში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას გამოვარჩევდით. ახლახან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მაღლივ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა წამოიწყო, სადაც საფეხბურთო მოედანიც მოეწყობა.

მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და სად გაიზრდებიან ფეხბურთელები?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მერე პრეტენზიები გვაქვს, პოლონეთს რატომ ვერ მოვუგეთ
თამაზი
16:52 15-11-2014
0
ფეხბურთი კი არა თბილისია გადასარჩენი, სადაც 10 კვადრათ მიწას ნახავენ ყველგან 16 სარტულიან სიმახინჯეს აშენებენ, სუნთქვა აღარ შეიძლება ამ ქალაქში
nika
19:07 15-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული