თბილისის ფედერაციამ საუკეთესოები დაასახელა

AutoSharing Option
ბოლო სამი წელია, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია დედაქალაქის საუკეთესო საფეხბურთო სკოლას, ბავშვთა გუნდს და მწვრთნელს ასახელებს. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა - საზეიმო გალა-საღამოს კინოთეატრმა "საქართველომ" უმასპინძლა.

"თბილისის ფედერაციამ დედაქალაქის 32-ვე სკოლის მწვრთნელები გამოკითხა და შედეგი მათ მიერ შევსებული ანკეტების მიხედვით შეჯამდა: 2010 წლის საუკეთესო სკოლად დასახელდა 35-ე საფეხბურთო სკოლა, საუკეთესო გუნდად - ნოდარ ჭელიძის გაწვრთნილი 1997 წელს დაბადებულთა "ოლიმპი", საუკეთესო მწვრთნელად - კობა ჟორჟიკაშვილი", - გვითხრა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა თამაზაშვილმა.

თბილისის ფედერაციის ერთ-ერთი თავკაცი მნიშვნელოვან სიახლეს გვიმხელს:"თბილისის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ
ჩვენი ეგიდით გამართულ ელიტლიგაში მონაწილეობისთვის ბავშვთა წლიური გადასახადი 80 ლარიდან 50-60 ლარამდე შემცირდეს; კლუბებს გადასახადს განაცხადში შეყვანილი თვრამეტი ბავშვისთვის მოვთხოვთ, დანარჩენებს კი უფასოდ შეიყვანენ; თუ გაჭირვებულ ბავშვებზე ადრე წერილობით მოგვმართავდნენ, ახლა თავად შეიყვანენ. ეს იქნება პირველ ეტაპზე, საბოლოოდ კი იმდენი სპონსორის მოძებნა გვსურს, გადასახადი საერთოდ რომ გავაუქმოთ. ეს არის თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. იმედია, ამ გადაწყვეტილებით თავის გამოჩენის შანსი მეტ ნიჭიერ ბავშვს მიეცემა. რეალობას ყველა ვაცნობიერებთ, უფულობის გამო გაჭირვებული ოჯახები შვილებს ფეხბურთზე ვერ უშვებენ და ბევრი ტალანტი იკარგება.

ვფიქრობ, გადასახადების გაუქმება ზაფხულიდან რეალური გახდება. ჩვენს პროექტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ყრილობის შემდეგ შევთავაზებთ და მედიასაც გავაცნობთ. იკითხავთ, ამას რა სახსრებით ვაპირებთ - თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში წლის განმავლობაში შემოსული თითოეული თეთრი დავითვალეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და ჩავთვალეთ, რომ ფედერაციის შემოსავლების უფრო ეფექტური გადანაწილებით გადასახადების გაუქმება რეალურია. ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტის მიხედვით, ელიტ-ლიგის მსაჯებზეც გავრცელდება საერთო დაფინანსება და ესეც გარკვეულ თანხებს გამოათავისუფლებს."

გოჩა თამაზაშვილმა თბილისის ფედერაციის ქველმოქმედებაზეც გვიამბო:"ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები ყოველი წლის ბოლოს ძეგვის მიუსაფარ ბავშვთა სახლს ვსტუმრობთ. ბავშვებს დღესაც ვესტუმრეთ და ახალი წელი წინასწარ შაქრით, ფქვილითა და საახალწლო ნუგბარით მივულოცეთ."





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული