"ნიჭიერი ბავშვები ახლაც მოდიან და იმედი არ მტოვებს, რომ ბევრად მეტს შეძლებენ.
თავის დროზე, ეროვნულ ნაკრებშიც მითამაშია და ახალგაზრდულშიც. დიდი წარმატებები არ გვქონია, მაგრამ მაშინდელი ნაკრებები ახლანდელისგან მაინც საგრძნობლად განსხვავდებოდნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში რომ ვიყავი, ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და უკან ბუფონის იტალია ჩამოვიტოვეთ. ეროვნული ნაკრები კი ზოგჯერ მაინც ჩაატარებდა ეფექტურ მატჩს, ხალხიც უფრო მეტი დადიოდა სტადიონზე...
იტალიასთან მოედანზე რომ გავდიოდით, ვფიქრობდით, ფრედ მაინც გვეთამაშა. ახლა კი ყველას ცხვირ-პირი ჩამოსტირის და ირგვლივ უიმედობაა", - ამბობს ლევან სილაგაძე და დასძენს, რომ ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი გუნდში არსებული ატმოსფეროცაა:
"განსხვავებას სხვა რამეშიც ვხედავ. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. შეკრებაზე ჩამოსვლა და ერთმანეთის ნახვა გვიხაროდა. ყველა ერთმანეთის მეგობრები და გულშემატკივრები ვიყავით, რაც მერე, თამაშის დროს, ყველა წვრილმანზე აისახებოდა.
მინდა, ვურჩიო ახალგაზრდებს: ერთმანეთის დაფასება და მეგობრობა არ გაწყენდათ. ფეხბურთი კრივი, ჭიდაობა და ჭადრაკი არაა, გუნდური სახეობაა და გუნდური სულისკვეთება აუცილებელია.
სამწუხაროდ, ვხედავ, რომ გუნდში მეგობრული დამოკიდებულება აღარ არის. ეტყობა, ცხოვრებამ და დღევანდელობამ მოიტანა. ქართველი ფეხბურთელი მენტალურად აბსოლუტურად შეიცვალა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო. შესაძლოა, კომპიუტერული ეპოქის ან სხვა რამის ბრალია".
როგორც ზემოთ ვთქვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სილაგაძე გორის "დილაში" საქმიანობდა და გუნდის აღმავლობის პერიოდი სწორედ მას და მამუკა ჯუღელის სახელს უკავშირდება. მაგრამ წლეულს სილაგაძემ კლუბი დატოვა:
"კლუბში აღარ ვარ და მის თამაშებს მხოლოდ გულშემატკივრის რანგში ვესწრები. გორის "დილას" ერთი ნაბიჯი დააკლდა, თბილისის "დინამოს" მიერ 2004 წელს ნაჩვენები შედეგი რომ გაემეორებინა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულიყო.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ესა თუ ის ადამიანი ან სახელმწიფო ფეხბურთში ფულს ხარჯავს და გვიკვირს, შედეგი რატომ არ გვაქვს. ბევრს "მარიტიმუს" დამარცხებაც რეალური ეგონა. მაგრამ კანონზომიერი იყო, პორტუგალიის ერთ-ერთმა რიგითმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური წარმომადგენელი რომ დაამარცხა.
ყველას გვავიწყდება, რომ სხვები ჩვენზე გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ, მეტსაც აშენებენ და პროგრესს ამიტომაც აღწევენ. საქართველოში კი, ფულის დაბანდებას ვინ ჩივის, გუნდებს ელემენტარულ პირობებსაც ვერ ვუქმნით.
ფეხბურთი ჩვენთანაა გაჭირვებაში, თორემ სხვაგან ყველგან ვითარდება. გადახედეთ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ყაზახურ, აზერბაიჯანულ და ხორვატულ კლუბებს. შემთხვევითი არ არის, ჩვენი ნაკრების თავდამსხმელი გელაშვილი ალბანეთში რომ წავიდა. გამოდის, ფული იქაც აქვთ და იქაც ვითარდებიან. მაგრამ ჩვენ რა გვჭირს, ეს ვერ გამიგია".
სილაგაძის აზრით, წარსულით ცხოვრება დამღუპველია:
"არ შეიძლება სულ იმაზე ლაპარაკი, რომ ოდესღაც რაღაც ვიყავით და რაღაცას მივაღწიეთ. უნგრეთში ჩვენზე დიდი ფეხბურთი ჰქონდათ, 1954 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ მას შემდეგ ვერაფერს მიაღწიეს.
სამწუხაროდ, მათი ბედი გავიზიარეთ, რადგან წარმატება ვერ განვავითარეთ და ახლა მხოლოდ მოგონებები დაგვრჩა, სხვა - არაფერი.
უმაღლესი ლიგის საბიუჯეტო კლუბების მდგომარეობა რაიონების სოციალურ პროექტებს ჰგავს, ადამიანების ნაწილი რომ დააკმაყოფილონ. მაგრამ ამას პროფესიულ ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი მიდგომებით წინ ვერ წავალთ".
ნაკრების ყოფილი მცველი ფეხბურთელების დეფიციტზეც ლაპარაკობს:
"ზაფხულში საქართველოდან ლამის ყველა საინტერესო ფეხბურთელი წავიდა - ზოგი "დინამოდან", ზოგიც - "ზესტაფონიდან". ახლანდელი კონტინგენტიდან კი ევროპა-რუსეთ-უკრაინისთვის მოთამაშეების შერჩევა ძალიან ძნელია.
იშვიათად, რომ საქართველოში ვინმე ჩამოვიდეს. ვინც გვყავს, დროულად უნდა წავიდეს, თორემ აქ ვეღარ გაიზრდება.
ისიც სათქმელია, რომ ადრე სავიზო საკითხი ამხელა პრობლემებს არ გვიქმნიდა. მაგალითად, რუსეთში ვიზის აღება იოლი იყო. გარდა ამისა, მაშინდელი დონით იოლად შეგვეძლო წასვლა ავსტრიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, რუსეთში კი საერთოდ არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ახლა ეს შეუძლებელია.
მენეჯერი ვარ და ვიცი - რუსეთში ქართველი ფეხბურთელის გადასვლა ურთულესი საქმეა. მაგრამ სავიზო პრობლემებიც რომ მოიხსნას, აქ ძნელია ისეთი მოთამაშის მოძიება, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში თავს დაიმკვიდრებს.
16-გუნდიანი ჩემპიონატი კარგია, რადგან ბევრი საინტერესო ფეხბურთელი და სპეციალისტი გამოჩნდა. მაგალითად, "დილას" თავკაცი უჩა სოსიაშვილი პერსპექტიული მწვრთნელია. იქ კიდევ რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა".
სილაგაძე ქართული ფეხბურთის მომავალს მაინც იმედიანად უყურებს:
"დარწმუნებული ვარ, ამ კრიზისულ პერიოდს სახადივით გადავიტანთ და გამოვძვრებით. მთავარია, კლუბებში ისეთი ხალხი მივიდეს, ფულის სწორი ხარჯვა რომ იციან. სწორედ ასეთი ხალხის ხელში იქნება შესაძლებელი ფეხბურთელების გაზრდა და მათი ნიჭის რეალიზება.
ჰაერივით აუცილებელია სახელმწიფოსა და საფეხბურთო სამყაროს ერთსულოვნებაც, დიდი ინვესტიციაც და ფეხბურთის ტელევიზიამდე მიტანა. მაგრამ ფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. რაც მთავარია, ახლა ჯიბრში ჩადგომისა და დაპირისპირების დრო არ არის, ამით ჩვენ ყველა ვზარალდებით.
კლუბებს ელემენტარული პირობები უნდა ჰქონდეთ, ფეხბურთელებს კი ხვალინდელი დღე არ უნდა აშინებდეთ.
იმედია, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ფეხბურთსაც მიხედავს, საფეხბურთო სამყაროსაც დაალაგებს და სახელმწიფოსთან ურთიერთობასაც. სხვაგვარად წინსვლა გამორიცხულია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სულ ფულზე რო ხართ გაფაცაცინებული, იმის ღირსები იყავით რასაც იღებთ. უნამუსო ფეხბურთს რომ თამაშობთ.
საქართველოში ფულის პრობლემა კი არა ფულის მიმთვისებლების პრობლემაა. კაცი რომ იმას იტყვი 16 გუნდიანი კარგიაო, ფეხბურთის მენეჯმენტს არ უნდა გაგაკარონ. მიდი რა დაახვიე.
მერაბ , რგორ მოახერხე ასეთინ სტატიის დაწერა? ყოჩარ და ბრავო!!
ახლა კიდევ ერთი პლიუსისათვის ისღა დარჩა ჩახვიდე სამტრედიაში და ხალხს ჰკითხო,აწყობს კი ასეთი სამარცხვინო სტადიონი ამხელა ქალაქს ასეთი საფეხბურთო ტრადიციებით? და შეხვიდე სტადიონზე, დათვალო რამდენი ადგილია იქანა, რომარასოდეს დაწეროს ვინმე რომ 1400 ადგილიან სტადიონზე 2500 კაცი იყოო (მსურველი 6 და 8000 იც არის) ამის მერე ალბათ მიხვდები ფეხბურთის მოყვარულ ქალაქში რატომ არ დადის ყოველი მეორე სტადიონზე...