2014 წლის ლაურეატები: საბა კვირკველიას დუბლი [PHOTO]

AutoSharing Option
25 დეკემბერს, რესტორან "ქალაქურში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წელი შეაჯამა და ოთხ ნომინაციაში 2014 წლის საუკეთესოები დაასახელა.

მათ გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, აგრეთვე - ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები...

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ახალგაზრდებში პაპუნაშვილი
ჯერ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელეს. პრიზისთვის იბრძოდნენ ბელგიური "გენკის" თავდამსხმელი ლუკა ზარანდია, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი და რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.

მათ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. სცენაზე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე
ჩივაძე
ავიდა, რომელსაც წამყვანმა ჰკითხა, სამეულში მისი რჩეულები თუ მოხვდნენ.

"დიახ, იყვნენ, საუკეთესოდ პაპუნაშვილი დავასახელე", - თქვა ჩივაძემ და აღმოჩნდა, რომ გამოკითხვაშიც მისმა რჩეულმა გაიმარჯვა.

19 წლის დინამოელი ემოციას ვერ მალავდა:

"ჩემთვის ეს უბედნიერესი დღეა. მადლობელი ვარ აღიარებისთვის, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იქნება. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო "დინამოს" და ჩემს თითოეულ თანაგუნდელს. მათ გარეშე ამ პრიზს ვერ მოვიპოვებდი".

ჩისკო ზედიზედ მესამედ
სპეციალისტებისა და მოთამაშეთა მიერ დასახელებულ ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვდნენ ჯაბა დვალი (რომელიც საქართველოში ზაფხულში დაბრუნდა და "ზესტაფონში" ჩაირიცხა), ირაკლი მოდებაძე (გორის "დილას" კაპიტანი) და ჩისკო, რომელმაც თბილისის "დინამო" დეკემბერში დატოვა.

საბოლოოდ, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი ლეგიონერი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ "დინამოს" ყოფილ კაპიტანს ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ ერგო წილად. ჩისკო უკვე სამშობლოშია. ის ქვედა ესპანური დივიზიონის კლუბ ტარაგონას "ხიმნასტიკს" შეუერთდა და დაჯილდოებას არ დასწრებია.

ტრიუმფატორი კვირკველია
ბოლო წლებში, ჩვენი გამორჩეული ფეხბურთელები უცხოეთში თამაშობენ და გასაკვირი არ იყო, რომ ორ ნომინაციაში (საქართველოს საუკეთესო ლეგიონერი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი) გამარჯვებულად საბა კვირკველია დასახელდა.

ყაზანის "რუბინშიც" და საქართველოს ნაკრებშიც 22 წლის ცენტრალურმა მცველმა ადგილი წლეულს დაიმკვიდრა.

ნომინანტთა შორის იყო ბელგიური "გენკის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილიც. მისი ბოლო თავგადასავლების მიუხედავად, ნაკრებში ყველაზე მეტი (3) გოლი გაიტანა.

ცხადია, სიაში იყო ჯაბა კანკავაც. დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საყრდენმა ნახევარმცველმა, კარგი თამაშის გარდა, თავი წმინდა ადამიანური საქციელითაც გამოიჩინა და კიევის დინამოელი ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა.

სხვათა შორის, უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" კანკავა ამ ქვეყნის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ლეგიონერებში მე-5 ადგილზე დაასახელა, ხოლო რუსულმა ინტერნეტ-პორტალმა "ეუროფუტბოლმა" 28 წლის ქართველს ადგილი ყველაზე ღირსეული საქციელით გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის მიუჩინა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელსა და ლეგიონერს ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა. აი, რა თქვა კვირკველიამ:

"ბედნიერი ვარ. ერთ პრიზს კი ველოდი, მაგრამ ორივეს ერთად - ნამდვილად არა, რადგან კანკავასა და ოქრიაშვილის სახით ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა.

ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის. მეამაყება, რომ ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული