გათამაშებაში თავიანთ ქვეყნებში 19-წლამდელთა ჩემპიონატებში გამარჯვებულებიც ითამაშებენ. მომდევნო სეზონიდან ეს იქნება უეფას მუდმივი ტურნირი.
2015/16 წლების სეზონიდან იუნიორთა ლიგაში მოსახვედრი პარალელური გზაც ჩნდება: მასში 32 ქვეყნის უძლიერესი გუნდები ითამაშებენ. ეს იქნება უეფას რეიტინგში უკეთესი მაჩვენებლის მქონე იმ 32 ქვეყნის წ
ამ სიაში ვერ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც 19-წლამდელთა ჩემპიონატი არ ტარდება და ისინიც, რომელთა გუნდებიც ლიგაში უკვე მოხვდნენ. მათ რეიტინგში შემდგომ მყოფი ქვეყნები ჩაანაცვლებენ.
ასეთი გზით, ახალგაზრდულ ლიგაში ევროპის ყველა საუკეთესო გუნდი შეიკრიბება. კლუბები ძველებურად ითამაშებენ მთავარ ლიგაზე მიბმული კალენდრის მიხედვით. ეს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, უფროსი კოლეგების გვერდით გაატარონ დიდი დრო და ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინონ.
ამავე დროს, ლიგაში 32 ჩემპიონის დაშვებით მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიაც გაიზრდება.
"უეფას იუნიორთა ლიგა გულშემატკივარს უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ჩუქნის. ახალი ფორმატი კარს უხსნის ახალგაზრდულ ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვებულებსაც, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ თამაშის ხარისხიც გავზარდოთ და იუნიორთა ლიგის მონაწილეთა კონტინგენტიც.
ეს ტურნირი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და ჩვენ მხოლოდ მის გაუმჯობესებას ველით", - განაცხადა უეფას საკლუბო ტურნირების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ პრააგმა.
ახალი ფორმატი
გზა ჩემპიონთა ლიგისკენ
* 32 გუნდი 4-4-ად 8 ჯგუფში განაწილდება, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაში
* 1/8-ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გადიან
* მეორეადგილოსნები გადათამაშებაში მოხვდებიან
ქვეყნის ჩემპიონების გზა
* 32 ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული იწყებს პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან (2 მატჩი)
* 16 გამარჯვებული მოხვდება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში (2 მატჩი)
* 8 გამარჯვებული მოხვდება გადათამაშებაში
პლეი-ოფი
* შემდეგ დამატებულ ქვეყნებში 8 საუკეთესო გუნდი შინ მიიღებს ჯგუფებში მეორე ადგილებზე გასულ 8 გუნდს (1 მატჩი).
1/8-ფინალი
* ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 გამარჯვებული პლეი-ოფში გამოვლენილ 8 საუკეთესოს დაუპირისპირდება ერთმატჩიან რაუნდში, რომლის მასპინძელიც წილისყრით გამოვლინდება.
1/4-ფინალი
* ესეც ერთმატჩიანი დაპირისპირება იქნება, სადაც მასპინძელი ასევე წილისყრით გამოვლინდება.
ნახევარფინალები და ფინალი
* ერთ სტადიონზე, მინი-ტურნირის ფორმატით
ასაკობრივი შეზღუდვა
უეფას აღმასკომმა ახალი ტურნირის ასაკობრივი ზღვარი დააწესა: როგორც ადრე, ფეხბურთელი 19-წლამდელი უნდა იყოს. მაგრამ განაცხადში 40 მოთამაშის შეყვანაა შესაძლებელი, საიდანაც სამი - 20 წლისა შეიძლება იყოს.
საქართველოს პრობლემა - არ გვაქვს 19-წლამდელთა ჩემპიონატი
ძნელი სათქმელია, მოხვდება კი საქართველო იმ 32 ქვეყანას შორის, რომელიც იუნიორთა ლიგას დაემატება? უეფას რეიტინგში 34-ე ადგილზე ვიმყოფებით, ჩვენზე წინ მყოფი 10-ზე მეტი ქვეყანაც ლიგაში ერთი გუნდით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში არ ტარდება 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ასაკობრივ ნაკრებებში ნამუშევარი ვასილ მაისურაძე სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას:
"მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლისა და ბოლო ეტაპებზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი გვაქვს, ვიდრე დიდების ლიგაში. ახლა უფროს ასაკში უკონკურენტოდ "დინამო" და "საბურთალო" არიან. საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ ამ ორ გუნდში თამაშობენ.
მაგრამ, ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში სხვა გუნდების გაძლიერებასა და კონკურენციის გაზრდას გამოიწვევს. ეს ბავშვებსაც მეტ სტიმულს მისცემს და, შესაძლოა, უცხოეთში ამ ასაკის ბავშვების გადინებაც ოდნავ შემცირდეს.
მაგრამ ჩვენ 18-წლამდელთა ტურნირს ვატარებთ, 19-იანების ჩემპიონატი კი არ გვაქვს. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა, რომ დუბლშემადგენლობათა ტურნირი ამ ასაკის ტურნირად გადავაკეთოთ, რადგან იუნიორთა ლიგაში გუნდის გამოყვანა ჰაერივით საჭიროა".
იმედია, ეს საკითხი მომავალ სეზონში მაინც მოგვარდება. "საბურთალოს" მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, უეფას ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალიან დიდი შანსს აძლევს:
"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომელთა შორის საუკეთესოებსაც საერთაშორისო სარბიელზე თავი ბევრჯერ გამოუჩენიათ. მაგრამ ეს იყო სანაკრებო დონეზე. ახლა კი ლაპარაკია საკლუბო ტურნირზე, რომელიც ახალი გამოწვევაა - ამ ასაკის საკლუბო ტურნირი არასოდეს ჩატარებულა.
დიდების საკლუბო დონეზე რომ ვერაფერს ვაღწევთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იუნიორთა ლიგაში მოხვედრაც წარმოუდგენელია. პირიქით - მგონია, რომ სწორედ 19-წლამდელებში გვაქვს დიდი შანსი.
მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი ბავშვებისთვის უდიდესი შანსი და სტიმული, რომ გაიზარდონ და ევროპის ცნობილ კლუბებს თავი მოაწონონ.
აქ უფრო შესაძლებელია ჩვენი ფეხბურთის პოტენციალის გამოვლენა, რადგან 19-წლამდელებში ბევრი ლეგიონერი მაინც იშვიათობაა, საქართველოს კი, მიმაჩნია, ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდები ჰყავს. ამას ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლებიც ადასტურებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"