დავით ყიფიანის უკანასკნელი სიყვარული და საზოგადოებისთვის უცნობი ქალიშვილი

AutoSharing Option
ეკატერინე ყიფიანი ამ ქვეყანას მას შემდეგ მოევლინა, რაც ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი დავკარგეთ - ის 2001 წელს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა...

ნანა გორგაძე სამი თვის ფეხმძიმე იყო, როცა საყვარელი ადამიანის დაღუპვა ტელეფონით აცნობეს. ეს ტრაგედია მისთვის დღემდე წარუშლელ ემოციად რჩება, თუმცა ამ სიცარიელეს კატოს წყალობით ივსებს. უბედური შემთხვევიდან 12 წელი გავიდა... უმშვენიერესი ქალბატონი - ნანა საკუთარი სიყვარულის ამბავს გვიყვება, 11 წლის კატო კი საკუთარი საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.

კატო:
- პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვსწავლობ. მეექვსე კლასში ვარ, პარალელურად კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან
არსებული თეატრალური სტუდიის მსახიობი გახლავართ. ჩვენი რეჟისორი გიორგი აფხაზავაა, მეტყველების პედაგოგი კი - ზორა ეგუტია.

მსახიობობა სერიოზულად მაქვს განზრახული და იმედია, ჩემს გეგმებს აუცილებლად განვახორციელებ. სცენა უზომოდ მიყვარს. ეს ის ადგილია, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. მეუბნებიან, - კარგი მონაცემები გაქვსო. რეპეტიციები, სცენაზე გამოსვლა უდიდეს სიხარულს მანიჭებს.

ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მეორე სახლი და ჩემი სამყაროა, ყველაფერი მომწონს - პედაგოგებიც, ბავშვებიც. ამა თუ იმ როლის მორგება საკმაოდ იოლად შემიძლია.

Sportall.Ge- რას ნიშნავს შენთვის, იყო იმ დიდი ფეხბურთელის ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო დღემდე უდიდეს პატივს სცემს და ნომერ პირველ ფეხბურთელად მიიჩნევს?
- სამწუხაროდ, მამა არ მინახავს, მაგრამ როდესაც ხალხს ვეუბნები, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ, ყველას უკვირს და აღფრთოვანებულები მეკითხებიან: იცი, მამაშენი ვინ იყოო?! ამით ძალიან ვამაყობ!

მას ძალიან ვამსგავსებ ჩემს ბიძას - გოგი ყიფიანს, რომელიც უზომოდ მიყვარს, ჩემზე დიდი ამაგი აქვს. სამი ძმა მყავს - ლევანი, ნიკუშა და გიორგი, მაგრამ ნიკუშა ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს ძმებთან და მათ შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

მსოფლიოში ყველაზე კარგი მამიდა ხარო, - მეუბნებიან (იცინის). ნიკუშას შვილი - ირინკა ზუსტად ჩემი ხნისაა, ლევანის შვილები კი დათი და ზუკა არიან.

ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ დავით ყიფიანის შვილი ვარ.

ნანა:
- დათოს შვილები ძალიან მიყვარს, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კატოს ძალიან ამსგავსებენ დათოს: გარეგნობით მას ჰგავს და თქვენ წარმოიდგინეთ, სურნელიც კი მისი ასდის. ზოგჯერ ისე გაირბენს, როგორც დათო მირბოდა ხოლმე. ნიკუშაც ამას ამბობს. ვისურვებდი, ჩემი კატო ისეთივე ღირსეული ადამიანი გაიზარდოს, როგორიც დათო გახლდათ.

გონიერი და ნიჭიერი გოგონაა. სასახლეში სპექტაკლს რომ ვუყურებდი, ვამბობდი: ნეტავ, კატოს მსახიობური მონაცემები ვისგან გამოჰყვა-მეთქი? ნიკუშამ მითხრა, - როგორ, დათო მსახიობი არ იყო სტადიონზე? მამამისს ჰგავს, ისიც მაესტრო იყო მოედანზე და კატოს პირველი როლიც მაესტროაო! შარშან მაესტრო განასახიერა, ახლა კი შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარში" სერიოზული როლი მისცეს.

როცა კატო სცენაზე დგას, მე ვნერვიულობ, თვითონ კი ისე უკომპლექსოდ დგას, სულ მიკვირს. კატოს, დათოს მსგავსად, სხვანაირი ხიბლი აქვს, ადამიანებს იზიდავს.

- კატო, ფეხბურთი თუ გითამაშია?
- კი, მაგრამ არ გამომდის (იცინის). ჩემს მეგობრებს სულ უკვირთ: მამაშენი ასეთი დიდი ფეხბურთელი იყო, შენ კი საერთოდ ვერ თამაშობო. რა ვქნა, არ შემიძლია. სამაგიეროდ, ცურვაზე დავდივარ.

- ქალბატონო ნანა, თქვენ და დათო ყიფიანმა როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- 1999 წლის 29 აგვისტოს გავიცანი. ეთერ კაკულია ჩემი კარის მეზობელი იყო. ის ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანია. მას ქუთაისში სიმღერის პრეზენტაცია ჰქონდა და იქ მისი ოჯახის წევრებთან, კომპოზიტორებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად წავედით. მაშინ დათო "ტორპედოს" მწვრთნელი იყო და როცა დილით რესტორანში ვსაუზმობდით, გვესტუმრა. ამის შემდეგ მოწამეთაში დაგვპატიჟა, სადაც ვარდების უზარმაზარი თაიგული დამახვედრა და ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა - "გაზაფხული შემოსულა, ლენ" მიმღერა. როგორც პატარა ბიჭი, ისე იქცეოდა. ძალიან მომხიბვლელი იყო და ეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.

როგორც ქალს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. გვერდიდან არ მშორდებოდა და როცა იქიდან წამოვედით, დამირეკა: ხვალ დილით თბილისში ჩამოვდივარ და უნდა გნახოო. - ჩემ გამო ნუ ჩამოხვალთ-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ - რას ამბობთ, მე თბილისელი ვარ და ნუ დამიშლით მანდ ჩამოსვლასო (იცინის). მაშინ ჩემს ძმასთან, დიდუბეში, საგურამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი და ის ადგილი, სადაც მე და დათოს პაემნები გვქონდა ხოლმე, ახლა დათო ყიფიანის სახელს ატარებს. პირველად სწორედ იქ შევხვდით და მერეც ხშირად მაკითხავდა.

უზარმაზარი ვარდებით სავსე მანქანით მოდიოდა ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყვავილები შენახული მაქვს: საგანგებოდ გავახმე და შვილებს ვეუბნები: როცა გარდავიცვლები, ჩემი დათოს ნაყიდი ვარდები გულზე დამაყარეთ-მეთქი. მისი ყველა ნივთი აქ მაქვს. მაგალითად, ვინახავ სიგარეტის ნამწვავს, რომელიც ბოლოს მოწია; სვიტერს, რომელიც ბოლოს ეცვა და მისი სურნელი კარგა ხანს ჰქონდა...

- ბატონი დათო თქვენც თავიდანვე შეგიყვარდათ? რას ფიქრობდით, როცა თქვენ მიმართ ასეთ დიდ ყურადღებას იჩენდა?
- როცა ეძინა და ვუყურებდი, მიფიქრია: ნეტავ, ეს კაცი ასე უგონოდ რატომ მიყვარს-მეთქი? მასავით არასოდეს არავინ მყვარებია! დათოს შემდეგ ხომ სხვა სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. მის საფლავზე ხშირად ავდივართ. ჩვენ და კატოს ძმები 17 სექტემბერს - მისი გარდაცვალების დღეს და დაბადების დღეს - 18 ივნისს ყოველთვის ვიკრიბებით ხოლმე. სხვათა შორის, იმ ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა... მე მაშინ 12 კვირის ფეხმძიმე ვიყავი... როცა დათო გარდაიცვალა, თავს ცუდად ვგრძნობდი და მიცვალებულს ვთხოვე: არ მიმატოვო და როცა ჩემ გვერდით იქნები, მაგრძნობინე-მეთქი.

მისი მანქანის ნომერი 090 იყო და მეც არ ვიცი, რატომ, უცებ ვთქვი: მნიშვნელოვან დროს, ისეთი მანქანა შემახვედრე, რომელსაც ასეთივე ნომერი ექნება-მეთქი და მართლაც, ყოველთვის, როცა რაიმე გვიჭირს ან განსაკუთრებული ხდება, არ არსებობს, გზაზე "090"-მა არ გადაგვირბინოს.

შარშანწინ კატო ცუდად მყავდა, სამი დღე საავადმყოფოში ვიწექით და მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენს ფანჯარასთან იდგა მანქანა, რომელსაც 090 ეწერა. რომ არა მისი ძმებისა და ბიძების თანადგომა, ამას ვერ გადავიტანდი.

ბევრჯერ ხილვაც მქონია, დათო დამსიზმრებია. მისი გარდაცვალებით გამოწვეულ სიცარიელეს ახლა კატოთი ვივსებ. მართალია, დათო მთელ საქართველოს მოუკვდა, მაგრამ არავის მოუკვდა ისე, როგორც მე. რომ არა მამა ელიზბარ ოდიშვილი, რომელმაც დამიყოლია, რომ ბავშვი შემენარჩუნებინა, შესაძლოა, დღეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო და ამისათვის მისი მადლიერი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, კატო ამ სამყაროს მოვლინებოდა. დათო მეუბნებოდა: გოგოს თუ გამიჩენ, ჩათვალე, შენზე ბედნიერი ქალი არ იქნება, სულ მე გავზრდიო.

- როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში?
- დამირეკავდა ხოლმე და მეუბნებოდა, - ვგიჟდები შენზეო. სულ "საყვარელოთი" მომმართავდა და ბუშტის მეძახდა, არადა, მაღალი და გამხდარი ვიყავი (იღიმის). შვილი რომ შეგვეძინება, მასაც ბუშტს დავუძახებ-მეთქი, - ვეუბნებოდი. ჩვენი გაცნობის მეორე დღიდან მოყოლებული, დაჟინებით მთხოვდა, ცოლად გამომყევიო, მაგრამ ვორჭოფობდი; ვეუბნებოდი, - ჯერ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ და მერე გადავწყვიტოთ-მეთქი.

ქორწინებაში იმედგაცრუება და ტკივილი ორივეს განცდილი გვქონდა და ვინაიდან ერთხელ არ გამიმართლა, ამ ნაბიჯის მეორედ გადადგმა მიჭირდა.

პირველი ქორწინებიდანაც გოგონა მყავს. დათოს სიყვარული რომ არა, ახალი ოჯახის შექმნაზე არასდროს ვიფიქრებდი... ვინაიდან დათო თბილისში სტაბილურად არ ცხოვრობდა და სულ სადღაც უწევდა წასვლა, მისი ყოველი ჩამოსვლა ჩემთვის ზეიმი იყო, ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და ეს მოლოდინი ჩვენს სიყვარულს უფრო აძლიერებდა. როცა ბავშვი ჩაისახა და უნდა დავქორწინებულიყავით, დათო გაქრა...

- დათოს დაღუპვის ამბავი ვინ შეგატყობინათ?
- იმ პარასკევს დათო ქუთაისსა და ბათუმში წავიდა. კვირას უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. ორშაბათს დამირეკა, - საყვარელო, დღეს საღამოს სახლში ვიქნები, თუ არაფერი შეიცვალაო. გამიკვირდა, ასე არასდროს უთქვამს და ვკითხე: ხომ ყველაფერი კარგად არის-მეთქი? ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.

როგორც მერე გავიგე, საღამოს შვიდ საათზე დაღუპულა და ზუსტად ამ დროს მეც ცუდად გავხდი, ვიხრჩობოდი. არადა, ორსულობის მიუხედავად, მანამდე ასეთი რამ არასდროს დამმართნია.

მეგობარმა დამირეკა და მკითხა, - დათო სად არის? ტელევიზორს უყურებო? გავიფიქრე: ხომ არ დაიჭირეს-მეთქი? დავაგდე ყურმილი და სასწრაფოდ დათოს მობილურზე დავრეკე, მაგრამ გათიშული იყო. მერე დათოს ახლობელთან - ზურა ყიფიანთან დავრეკე. რომ მითხრა, დათო აღარ არისო, საშინელ დღეში ჩავვარდი. აგონიაში ვიყავი.

ჩვენს სახლს შიგნით დიდი კიბე ჰქონდა და თურმე, გაუჩერებლად ავრბოდი და ჩამოვრბოდი, თან - ვკიოდი და ვტიროდი, მაგრამ ეს ყველაფერი არ მახსოვს. როცა გონს მოვედი, პირდაპირ მამა ელიზბარს დავურეკე. მითხრა: ახლა ზუსტად შენზე ვფიქრობდი, ფსალმუნები წაიკითხე და დილით ჩემთან მოდიო.

ვფიქრობდი: რა გავაკეთო? სად წავიდა ეს კაცი? სად ვეძებო? ეს ყველაფერი დამესიზმრა-მეთქი?! ჩემმა მეგობრებმა ექიმს დაურეკეს, რომელმაც დამამშვიდებელი წამალი გამიკეთა, მაგრამ არ მოქმედებდა...

მანამდე სამი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, დათოს სიკვდილის შემდეგ კი აღარც გამოკვლევებს ვიტარებდი, აღარც ექიმთან დავდიოდი და ღვთის წყალობით, კატო ჯანმრთელი დაიბადა. ალბათ ასე ინება განგებამ, რომ დათოს ნანატრი გოგო მის გარეშე დაბადებულიყო. მერე უკვე, იძულებული ვიყავი, გამოვცოცხლებულიყავი, მეარსება, რადგან კატოსთვის უნდა მიმეხედა.

კატო:
- მკვდარი კაცისგან შვილს ბევრი ქალი არ გააჩენდა. უდიდეს მადლობას ვუხდი დედას, რომ ასე გარისკა. როცა გავიზრდები, დედა ხელისგულზეც რომ ვატარო, ვერასოდეს გადავუხდი ამაგს.

- ქალბატონო ნანა, თქვენსა და დათოს შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდი იყო, არა?
- კი, დათო 50 წლის იყო, მე - 35-ის. ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მის მიმართ მაინც უფრო მეტი რიდი, ხათრი და პატივისცემა მქონდა. მანამდე ხომ ორი ცოლი ჰყავდა და სულ მეუბნებოდა: შენშიც რომ არ გამიმართლოს, ეს ჩემი ცხოვრების დიდი იაღლიში იქნებაო.

დათო იმიტომ არ მყვარებია, რომ დიდი ფეხბურთელი იყო. ის პიროვნულად მიყვარდა და როცა მეუბნებოდნენ: ნანა, იცი, შენ რა ბუმბერაზი ადამიანის გვერდით ზიხარო? სულ ვფიქრობდი, რომ ჩემთვის, ის პირველ რიგში, უდიდესი პიროვნება, მოსიყვარულე, თბილი მამაკაცი იყო. ორი წელი უბრალოდ ვიცნობდი, ბოლო შვიდი თვე კი ერთად ვცხოვრობდით და ჯვრის დაწერას ვაპირებდით.

როცა მეგონა, რომ ყველაფერი აეწყო, სახლი გავარემონტეთ და ოჯახის შესაქმნელად მოვემზადეთ, სწორედ მაშინ დაიღუპა. 2001 წლის 17 სექტემბრამდე ჩემი ცხოვრება ზეიმი იყო. ალბათ ბედნიერება ხანმოკლეა და იმ მოკლე პერიოდში, დათომ იმდენი ლამაზი დღე და სიხარული მაჩუქა, საკუთარი თავი ზღაპრულ სამყაროში მეგონა.

ბოლოს ხშირად მეუბნებოდა: რაღაც ისეთი მინდა გაჩუქო, როცა ამ სამყაროდან წავალ, სამუდამოდ შენში დავრჩეო და მართლაც, კატო მაჩუქა... როცა დათოსთან ასეთი დიდი ბედნიერება ვიპოვე, სულ რაღაცის დაკარგვის შიში მქონდა, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სიცოცხლით სავსე კაცი ასე ნაადრევად დაიღუპებოდა.

- საჩუქრებს ხშირად გიკეთებდათ?
- დღემდე ვიყენებ მის მიერ ნაყიდ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამკაულს. ის ათასნაირ სიურპრიზს მიწყობდა. ახალი გაცნობილი მყავდა, როცა ბულგარეთში წავიდნენ, იქიდან ჩამოსულმა კი სამსახურში მყოფს ლამაზ პარკში ჩადებული წითელი კაბა მომიტანა. მერე მისი მეგობარი მიყვებოდა: ვერ წარმოიდგენ, მაღაზიებში როგორი სიყვარულით არჩევდა იმ კაბას. გამორიცხული იყო, რომ არ მოგრგებოდაო.

მეგობრების გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ჩვენთან სულ ქაოსი გახლდათ. საოცარი ქარიზმა ჰქონდა. მის გვერდით თავს დედოფლად ვგრძნობდი და ჩემზე ბედნიერი ქალი არსად მეგულებოდა. არ მახსოვს, მას ჩემთვის რაიმე მკაცრად ეთქვა ან შენიშვნა მოეცა.

- თქვენს ქალიშვილთან - მარიამთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- შესანიშნავი! თუ ჩემთვის რაიმე ჩამოჰქონდა, მარიამს არაფრით გამოტოვებდა, მასზეც ზრუნავდა. მისი თოჯინები კატოს შევუნახე. სახლში ერთი მაღვიძარა გვაქვს, დათოს დროინდელი - 12 წელია, მისთვის ელემენტიც არ გამომიცვლია, არც დამიქოქავს და ყოველთვის, როცა დათოზე ვლაპარაკობთ, უცნაური რამ ხდება - წრიპინს იწყებს.

კატო:
- ჩვენი ცხოვრება სავსეა ასეთი ამბებით, რაც დათოს სიახლოვეს გვაგრძნობინებს. ზოგჯერ მგონია, იმ ქვეყნიდან უფრო მეტ რამეს გვიკეთებს, ვიდრე ცოცხალი გაგვიკეთებდა. მინდა ისეთი ვიყო, როგორი შვილის ყოლაც მას გაახარებდა.

ნანა:
- კატოს ვეუბნები, რომ სავიზიტო ბარათად დათოს შვილობა არ უნდა ჰქონდეს, პირიქით - თავად უნდა იყოს ისეთი ღირსეული, რომ იკითხონ, ეს გოგონა ვისი შვილიაო? მან დათო უნდა ასახელოს! სხვათა შორის, დათო ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მასთან ლაპარაკი არასდროს მბეზრდებოდა. დღემდე მისი შეგონებებით ვცხოვრობ. სანამ ცოცხალი ვარ, ის სიყვარული ჩემთან იქნება, მერე კი მეც წავალ და მჯერა, ჩემს დათოს შევხვდები.

თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა"(გამოდის ხუთშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ამბავი ესე არ დასრულდება კიდე გაიჩითება ვინმე ეხა ტყუპების დროა
zvigeni
00:47 05-01-2015
0
პროფილია))
ტყეშელაანთ გიჟი
13:17 02-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული