[ექსკლუზივი] ლევან კობიაშვილი: ერთად უნდა გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მალე თბილისში ჩამოვა. 3 თებერვალს "ლელო" მას გერმანიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ლევან, ჯერ იმას გკითხავთ, როდის ჩამოხვალთ საქართველოში?
- სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში. წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია და ბუნებრივია, ამიერიდან გაცილებით ხშირად ვიქნები საქართველოში.

- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ხართ და არ იქნება, არ გკითხოთ - ვინ შეიძლება მოვიაზროთ ლევან კობიაშვილის გუნდში?
- ახლა ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ კონკრეტულ პასუხს. შეიძლება, თქვენც ხვდებით, ვინ იქნება ჩემს
გუნდში. ცხადია, ჩამოყალიბებული ვარ ამ საკითხზე, თუმცა მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჩამოვალ, შევხვდები როგორც ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, რეგიონულ ფედერაციებს და ჩემს გუნდსაც წარვადგენ.

- აქამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ საარჩევნო პროგრამას. ხშირად ის ფარატინა ქაღალდი იყო და მეტი არაფერი. თქვენს შემთხვევაში როგორ იქნება?
- რა თქმა უნდა, მექნება ჩემი პროგრამა და დასაბუთებული ხედვა ქართული ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით. ჯერ ზუსტად არ ვიცით არჩევნების თარიღი. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ როგორი კარგიც უნდა იყოს პროგრამა, მთავარი მაინც ისაა, როგორ შესრულდება ის.

მართალი ხართ - აქამდე პროგრამა მეორე პლანზე იყო გადაწეული. ჩვენ უნდა დავისახოთ მიზნები, რომლებიც რეალურად შესრულებადია და ერთად უნდა ვიღვაწოთ ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის.

- ჯერაც დაუდგენელია არჩევნების თარიღი. გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს ყრილობა აგვისტოში ჩატარდება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
- ჩემი აზრით, არ არის არგუმენტირებული ის მიდგომა, რომ არჩევნები მაინცდამაინც აგვისტოში, სუპერთასის შემდეგ უნდა ჩატარდეს. სუპერთასის თემა არ მგონია მყარი არგუმენტი. დავაკვირდეთ, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევაში ფიფა და უეფა... გნებავთ, გერმანიის საფეხბურთო კავშირი ავიღოთ - არჩევნები ტარდება გაზაფხულზე, ანუ მაშინ, როცა სეზონი რჩება. მაგალითად, ჩეხეთში იყო ასეთი შემთხვევა - სუპერთასის მატჩი იქაც ჩატარდა, მაგრამ იქაური ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სუპერთასის შემდეგ კი არა, გაცილებით ადრე, გაზაფხულზე გაიმართა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან თუ გეგმავთ თანამშრომლობას გამარჯვების შემთხვევაში? მაგალითად, რევაზ არველაძესთან...
- არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც აპირებს და კონკრეტულად ის ადამიანიც, თქვენ რომ დაასახელეთ. არ ვიცი... ახლა, როცა ჩვენ ორ სხვადასხვა მხარეს წარმოვადგენთ, რამდენად მართებული იქნება საუბარი თანამშრომლობაზე?!

- საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. მას კარგად იცნობთ. შეაფასეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევანი. აქვე, ერთი კითხვაც - ამბობენ, ფედერაციამ ცხადაძეს ხანგრძლივი კონტრაქტი რომ გაუფორმა, ამით კობიაშვილს და მის გუნდს, გამარჯვების შემთხვევაში, არჩევანის საშუალება მოუსპოო...
- მე ასე გიპასუხებთ: ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს ჰყავს ქართველი მწვრთნელი და ისიც კარგია, რომ ეს კახა ცხადაძეა! მე ვიცნობ მას, როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. ნებისმიერი მმართველობის პირობებში ცხადაძე იქნებოდა ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისა.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ახლა მას ვერ გავცემ დასაბუთებულ პასუხს, რადგან არ ვიცი, რა მიზანს ისახავს ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენ ამ ციკლშიც გვქონდა ერთი კონკრეტული მიზანი, მაგრამ, სამწუხაროდ, თვე-ნახევარში ჩამოიშალა ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას ყველანაირად იმსახურებს და მინდა, მას წარმატება ვუსურვო.

- ძალიან მოგვენატრა "სუფთა" არჩევნები და რამდენად შეიძლება ამის იმედი გვქონდეს? საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან კობიაშვილს გარანტირებული აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა...
- არ ვიცი, ვინ ფიქრობს ან ვინ ამბობს ამას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არ ვიმსახურებ, ვიყო ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს მისი აზრია. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა - ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ეს იქნება ყველანაირად სუფთა არჩევნები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც არის მზაობა სუფთა არჩევნებისთვის.

დღეს კაცი არ მეგულება ქართულ ფეხბურთში, ვინც იტყვის, რომ სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს არ უნდა დაეხმაროს. თუ ჩემს მეგობარს სახელმწიფო მმართველობაში მაღალი თანამდებობა უკავია, რა ვქნა, ჩავიკეტო სახლში და არაფერზე აღარ ვიფიქრო, ინდიფერენტული ვიყო? მგონი, ასეთი მიდგომა დაუშვებელი და არასწორია.

მე მინდა, ამ რთულ დროს გამოვადგე ქართულ ფეხბურთს. თუ მოვიგებ არჩევნებს, მოვიგებ, თუ არა და, პირველი ვიქნები, ვინც კონკურენტს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვებას მიულოცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
გაიტანეთ! გაიტანეთ!
გივი
14:14 26-02-2015
0
რაც მთავარია არველაძე რევაზი მოაშორეთ ქარულ ფეხბურთს როგორმე
არველაძე მოაშორეთ
20:14 25-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული