ფიქრები ოკეანის გაღმიდან: ჯიბეშიც, ფეხშიც და თავშიც...

AutoSharing Option
მართალს ვიტყვი - როცა საქმეს აკეთებ, უნდა გჯეროდეს კაცს, რომ რამე გამოვა. ჩვენებურად, "ჯიგრულად" რომ ვიტყვით, "რაღაცა" კი არა - რამე... ანუ ყურძნიდან - ღვინო, ცომიდან - პური, ბიჭიდან - კაცი და ასე შემდეგ...

იმის თქმა მინდა, რომ დაწყებულს ბოლომდე მიყვანა უნდა, რადგან ადამიანის ცხოვრებას ყოველგვარი "თუ"-ს და "ან"-ის გარეშე სჭირდება დიდ-პატარა წარმატებები და ზოგადად, სწორედ ეს - დიდი ან პატარა წარმატებაა, პროცესი რომ გამოგივა.

რაღაც საბოლოოდ მოიშალა ქართულ ფეხბურთში - თავს კი ვიმშვიდებთ და "ხვალეს" ვებრიქებით, მაგრამ არც სახვალიოს
უჩანს მთლად კაი პირი. ვშიშობ, ბითურობაა, სადღაც 10 ან 15 ოცწლამდელი ბიჭი რომ სხვაზე კარგად აგორებს ბურთს, ამის იმედზე ყოფნა.

დუმბაძეს მოვიშველიებ - ამ პატარა ბიჭების უპირატესობა ხომ მხოლოდ ისაა, ბალახისა და ტალახის კარგად გარითმვა რომ შეუძლიათ. დიდი და ძნელი გზა ელით - გაუძლებენ?

ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მათივე წინამორბედი სტატისტიკაა მურტალი - 100-დან 99 ვერ უძლებს. იოლად ხურდავდებიან მანქანებსა და კლუბებზე - საფეხბურთო კი არა, ღამის თუხთუხით გატარება რომ შეიძლება, იმ კლუბებზე.

კიევი, სასტუმრო "სპორტი" მახსოვს - მწვრთნელებმა დასაძინებლად ნომრებში ჩამოარიგეს და... ათიოდე წუთში მთელი ახალგაზრდული ნაკრები სტრიპტიზ-კლუბში "რიგზე გაეთვალა". იმ შემადგენლობიდან ერთი-ორი კაცი ახლაც აგორებს ბურთს.

არ ვიცი, რა ჰქვია ამას, არაა იოლი, ზუსტი დასახელება მოუძებნო და მაგალითს რაც შეეხება, გალიიდან ქუჩაში გამოპარული "ბინგო-ბონგო" (ადრიანო ჩელენტანო) რომ ძუძუს დაეწაფება, ის მახსენდება.

შიმშილის არა, უფრო მენტალიტეტის ამბავია - აი, ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია. აკი მიხეილ იაკუშინი ამბობდა, თბილისის "დინამოში" ახალმისულმა სადილ-ვახშამზე ღვინის სმა ძლივს მოვშალეო?

მენტალური ატავიზმია ეს და სულ არა აქვს მნიშვნელობა, ღვინოს სვამ თუ ტეკილას. აქედან გამომდინარე, მარტო მწვრთნელებთან ბრძოლა სულაც არაა გამოსავალი. ვერ შეცვლის სიტუაციას 1, 2, 10 და 15 ბიჭი და კაცი - ჩვენს ფეხბურთს გონებაში და სისტემურად უჭირს.

ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ საქმეს თემურ ქეცბაიას წასვლით და კახა ცხადაძის მოსვლით ეშველება - ეს დაახლოებით იმ ოპერიდანაა, სადაც არიებს ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, ტოპმიოლერი, სეგრტი, კუპერი ასრულებდნენ და არავის არაფერი გამოსდიოდა.

ან კი როგორ გამოვა - ფეხბურთში ბალახზე ბერდება ხალხი და მაინც სილაში გვირაბები გაჰყავთ... მაინც... ისევ... სულ... ეს ის გვირაბებია, რომლებითაც ღამის კლუბებში, ტოტალიზატორებში, მასაჟის სალონებში დაიპარებიან - სული მისწრებაზე აქვთ და საქმე მოსწრებაზე...

გეგონება, იქ და იმ ადგილას მთავრდებოდეს მათი ცხოვრება. ცხოვრება, რომელიც პირველივე, პროზაულად საშუალო ტრანსფერთან ერთად "შედგება" ხოლმე და მორჩა - ტააშ-ტააშ! ტარამ-ტარამ!

დღემდე პოპულარულია იოჰან ბოსკამპის ქართულ საფეხბურთო მენტალიტეტზე ნათქვამი ფრაზა და ცოტამ თუ იცის, რას მოაყოლა ღრიალა ჰოლანდიელმა 1999 წლის 30 მაისის იმ საღამოს ნათქვამი ის სამი სიტყვა.

ჯერ ჯანაშია, მისი ჯიპი და დიღმის ბაზა იყო, მერე სასტუმროდან გაპარული ორი "ჟურნალისტი" (დელეგაციაში რომ იყვნენ და არავინ რომ არ ვიცნობდით), სულ ბოლოს - თვითმფრინავამდე მისაყვან ავტობუსში დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინი.

მიზეზი? ნამდვილქართული: ერთ ჟურნალისტს და ორ ფეხბურთელს "დუთი ფრიში შოპინგი" გაუგრძელდათ და იმ, "დაახლოებით ერთი საათის" მერე "პივის ბანკებით" მოგვადგნენ.

ორჯერ იკითხა იმ, "დაახლოებით ერთი საათის" განმავლობაში ჩვენი ნაკრების ჰოლანდიელმა მწვრთნელმა - ხომ მშვიდობაა, რას ველოდებითო და როცა ბოლოს და ბოლოს ლოდინის მიზეზი აუხსნეს... არც იოჰან ბოსკამპი იყო ინგა და არც იმ ბიჭებიდან რომელიმე - მურტალო, ამოეღო და შვიდი ტყვია დაეხალა...

უბრალოდ, ის სამი სიტყვა თქვა და ვფიქრობ, ქართული საფეხბურთო აზროვნების დიაგნოზიც დასვა. ის დრო სჯობდა - სულ რაღაც ერთი საათი დააგვიანდათ ბიჭებს, ახლა ორ-სამ დღეს იგვიანებენ ხოლმე...

ამიტომაა, რომ ისმის და იწერება - მავანი სპორტული მენეჯერის ყველაზე დიდი შეცდომა მავანი ქართველიაო... ესა და ეს ცნობილი ფუნქციონერი კლუბიდან ქართული ტრანსფერის გამო უნდა გაუშვანო...

ვინმეს ენა მოუბრუნდება, რომ კონკრეტულად ესა თუ ის პიროვნება - ან ჩინოსანი, ან ფუნქციონერი, ან მწვრთნელი, ან ჟურნალისტი, ან ბევრი, ან ცოტა ფულია ამეების მიზეზი?..

არა, კარგო ხალხო, არა! არანაირად! დალპა, მოიშალა სისტემა! ის წესები, რომლითაც ჩვენში ფეხბურთს ვთამაშობთ, 100 პროცენტით გამორიცხავს წარმატებულ ადამიანს: ჩინოსანს, ფუნქციონერს, მწვრთნელს, ჟურნალისტს, ბევრი ან ცოტა ფულის მქონეს...

ახლა და ამ სიტუაციაში ნამეტანი ოპტიმიზმი თავის მოტყუებაა - საქმის კეთებისა და აზროვნების ასეთ სტილს ვერანაირი ბიუჯეტი და ფული უშველის, ვერც ის წერტილოვანი "დარტყმები", ხან ბოლნისში, ხან გორში, ხან ზესტაფონში და ახლა სამტრედიაში რომ ხორციელდება ხოლმე.

არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი ითამაშებს თუ - 2. ქუთაისური ანეკდოტისა არ იყოს - რა ხეირია, "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე "პოდრუჩკით" ორ მკვდარს მიიყვან თუ თექვსმეტს?! იცვლება რამე?!

მარტო არჩევნებში, ჩემპიონატში, ნაკრებსა და სამსაჯოში ბრძოლა აღარაა საკმარისი, სამ ფრონტზე ომია საჭირო - ქართულ ფეხბურთს მარტო ჯიბეში კი არა, ფეხშიც უჭირს და თავშიც..

კონსტანტინე გოგიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურტში ტუ კველაპერი ზირპესვიანად არ შეიცვალა არგამოვა არაპერი დაგუპულია პეხბურტი ამატაც ამოიცვეს კველაპერი ერტ ადგილას და გულაობენ მტავრობაც დუმს სასცრაპოდ ჩაერიოს მტავრობა და გავკაროტ ეს მუქტამჩამელები ეხლაც გულაობენ ტვიტონაც არიციან სად და რისტვის კრიან მოგვაშორეტ არველაზეები და სიჩინავა სასცრაპოდ
vaxo
15:45 05-02-2015
0
ეს კაცი ყოველთვის სიმართლეს წერდა და წერს ახლაც. ალბათ ამიტომ შეუქმნეს ისე პირობები, რომ ქვეყნიდან წასულიყო. მე ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ასე მგონია. და აქ დარჩა მინაშვილის, ობოლაძის,კაკაურიძის და კიდევ სხვა მრავალის მსგავსი ვაი ჟურნალისტები და კიდევაც დაანგრიეს ფეხბურთი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული