სიახლე: ფეხბურთელებო! მინიმალური კონტრაქტი ერთწლიანი ხდება!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის ამბავია - ურეკში გახლდით და ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი ალეკო კოშკაძე ვნახე. სინანულით ლაპარაკობდა - ნიჭს ვერ ვიყენებდითო. გამოცდილი ნახევარმცველი ამის ერთ-ერთ მიზეზად ხანმოკლე კონტრაქტს ასახელებდა:

"ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ როგორ გაიზრდებიან, როცა უმთავრესად, სამ-ოთხთვიან კონტრაქტებს უფორმებენ?

ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ესეცაა: წელიწადში გუნდში, მაქსიმუმ, 9 თვე რომ ხარ და დარჩენილ 3 თვეს კარგავ, ვერც ტონუსს შეინარჩუნებ და საერთო ჯამში, ფეხბურთელების ასეთი მდგომარეობა ჩვენს ჩემპიონატსაც უარყოფითად დაეტყობა".

სწორედ ფეხბურთელთა ინტერესიდან გამოდიოდა მიშელ პლატინი, უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ
რომ მოითხოვა - ევროპულმა კლუბებმა იჯარა და კონტრაქტები მინიმუმ ერთი წლით უნდა გააფორმონო.

სწორედ ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი ფეხბურთის ფედერაციაში 11 თებერვალს გამართული დიალოგი პროფესიონალი ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის შესახებ.

Sportall.Ge
ფოტოზე: დიალოგი ფეხბურთის ფედერაციაში

დიალოგის მონაწილენი წარმოადგენდნენ უეფას იურიდიულ სამსახურს, ევროპული კლუბებისა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს.

შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამზადებს დებულებას, რომლის თანახმადაც, კლუბმა ფეხბურთელს, მინიმუმ, ერთწლიანი კონტრაქტი უნდა გაუფორმოს.

"დიახ, ეს მართალია. უკვე 5 თვეა ამ საკითხზე ვმუშაობთ. კლუბებისგან იყო პრობლემა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა. სემინარი იმიტომ გაიმართა, რომ ფეხბურთის ფედერაციას კანონმდებლობის დარეგულირება სურს. ამას ემსახურებოდა საფეხბურთო არბიტრაჟის დაფუძნებაც.

ფეხბურთელები საკუთარ უფლებებს ნაკლებად იცავენ, რადგან ბევრმა არ იცის, რა მინიმალური უფლებები გააჩნიათ. ისიც პრობლემაა, რომ საბიუჯეტო კლუბები გრძელვადიან კონტრაქტებს ვერ აფორმებენ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია ითხოვს, რომ ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლით დაიდოს, რადგან სამ-ოთხთვიანი ხელშეკრულებებით ვერც ფეხბურთელები გაიზრდებიან და ვერც - გუნდები.

ამიტომ ამიერიდან ნაკლებვადიან კონტრაქტს ფედერაციის იურიდიული სამსახური აღარ დაარეგისტრირებს", - ამბობს სფფ-ის იურიდიული სამსახურის უფროსი კესო ჩხიკვაძე და იქვე სხვა სიახლეებსაც გვაცნობს:

"გარდა ამისა, კლუბებს სტანდარტული ხელშეკრულებების ნიმუშებსა და მინიმალურ ვალდებულებებს დავურიგებთ, სადაც უეფასა და ფიფას მოთხოვნები იქნება ასახული.

პლუს ამას, დასადგენია მინიმალური ხელფასის ოდენობა. რამდენიმე დღეში ტრანსფერების ახალ დებულებასაც დავამტკიცებთ.

ბევრი ცდილობს, მოატყუოს მოთამაშე, რომ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მხოლოდ სამთვიანი დავალიანების შემთხვევაში შეუძლია. ასე არ არის - თუ კლუბმა პირობები არ შეასრულა, ხელშეკრულება ერთ თვეშიც გაწყდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს პერეზიდენტი მაინც უნდა წავიდეს.
jora
15:17 12-02-2015
0
ცავიდნენ ესენი ფედერაციიდან ტავის დამლაგებელ შოპრებიანად მაქედან
vaxo
15:39 12-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული