...მაგრამ მოულოდნელი იყო, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა ჭადრაკი და მომდევნო ოთხ წელიწადში 38,5 მილიონს გამოუყოფს, ფეხბურთს კი შარშანდელი დაფინანსება - 7 მილიონი ლარი შეუნარჩუნდა. და ეს იმ დროს, როცა რამდენიმე სათამაშო სახეობის
მოდით, სწორად გავიგოთ აქცენტი - აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, ამ სახეობებს რატომ გაუზარდეს დაფინანსება (სჭირდებათ და იმიტომ!) ან რომელიმე სახეობა ამის ღირსი არ იყო. არა ბატონებო, კითხვის შინაარსი ასეთია - რატომ არ გაეზარდა ბიუჯეტი ქართულ ფეხბურთსაც? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წლეულსაც ვერ ამოქმედდება.
არადა, საქართველოს პარლამენტში საკმაოდ ბევრი სპორტსმენია და წესით, სხვა სახეობებთან ერთად, მათ ფეხბურთის განვითარებაც უნდა აინტერესებდეთ.
ბევრისთვის უცნობია, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ოთარ ჩრდილელი წლების წინათ ჟურნალისტი იყო და ფეხბურთის თემას სისტემატურად აშუქებდა, სამტრედიელი კაცია და საყვარელი გუნდის მატჩებს ხშირად ესწრება.
გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ მესვეურთა მიმართ სახელმწიფოს ხელმძღვანელთა მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების შედეგია. ჩრდილელი ამას კატეგორიულად არ უარყოფს:
"სახელმწიფოს ქმედებები და გადაწყვეტილებები იმაზე არ არის დამოკიდებული, სფფ-ის ხელმძღვანეობაში არასასურველი ხალხია, თუ - სასურველი. მაგრამ, როგორც რიგითი გულშემატკივარი და არა დეპუტატი, ვამბობ - დიახ, სფფ-ის მენეჯმენტში სერიოზული პრობლემებია და ცალსახაა, რომ ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია.
მოდიან და მიდიან ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, მაგრამ გუნდი უკან-უკან მიდის. ფიფას რეიტინგში ანტირეკორდი დავამყარეთ. ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს რომ ვესწრები... არ მინდა მკვეთრი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ... სამარცხვინო დონე რომაა და კაშკაშა ინდივიდუალისტები რომ გაქრნენ, ამაში ვინმე შემედავება?
ძალზე ერთფეროვანი მოთამაშეები მოდიან. ალბათ, მიზეზი ბავშვთა ფეხბურთში დაშვებული შეცდომებია. არ მსურს, ფეხბურთის პოლიტიზაცია, მაგრამ ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ წინა წლებში სწორედ ასე ხდებოდა - ფეხბურთში ბევრი საეჭვო კვალიფიკაციის პიროვნება საქმიანობდა. ამან ყველაფერს თავისი კვალი დაატყო.
ფაქტია, ამას მიხედვა სჭირდება. სამწუხარო კი ისაა, რომ ამ კატასტროფული შედეგების მიუხედავად, ადეკვატური შეფასებები არ კეთდება".
დეპუტატი ამბობს, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა მაინც ამოქმედდება:
"სახელმწიფო სირაქლემის პოზიციაში ყოფნას არ აპირებს. მთავრობა ფეხბურთის განვითარებისთვის ახლაც ბევრს აკეთებს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კიდევ მეტის გაკეთებას გეგმავს.
მიუხედავად ჩავარდნისა, საქართველოში ფეხბურთი მაინც პოპულარულია. არა მგონია, ფეხბურთის დაფინანსება 7 მილიონის ზღვარზე გაჩერდეს, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და პარლამენტში ბევრი ადამიანია, რომელთაც ფეხბურთის ბედი აღელვებთ და მის სამარცხვინო მდგომარეობას განიცდიან. ყველას გვსურს, რომ პოზიციები დავიბრუნოთ და ხალხი სტადიონზე სიხარულით მიდიოდეს.
მაგრამ არ ინტერესდებით, რატომ არ ისურვა ფეხბურთის ფედერაციამ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარება? ეს ხომ უამრავ პრობლემას მოხსნიდა და ამ ჩავარდნასაც თავიდან ავიცილებდით. იქნებ, ვინმე გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ეს ადრინდელი ხელისუფლების ჩარევის გარეშე და მხოლოდ ფედერაციის ინიციატივით მოხდა?
როცა საქართველოში უფულობაზე ჩივიან, ისიც ვთქვათ, რომ წესიერება, პროფესიონალიზმი და გულიანი ხალხიც დეფიციტია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"