ბათუმის სტადიონს ქურდიანი ააშენებს? კომისია პროექტს დღეს შეარჩევს

AutoSharing Option
თემა არახალია - უკვე 9 წელია, რაც ბათუმი მხოლოდ პატარა მოედნების ამარაა დარჩენილი, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ, ბათუმის "დინამო" კი ქობულეთში თამაშობს; მანამდე ანგისაში იღებდა სტუმრებს, ხოლო ერთხელ მეტოქეს სულაც ზესტაფონში უმასპინძლა...

ბოლო პერიოდში ბათუმის სტადიონის თემამ ხელახლა წამოიწია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოლიმპიური სტადიონის პროექტზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.

არენის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი 12-მა კომპანიამ განაცხადა, საბოლოოდ კი კონკურსს 11 მათგანი შემორჩა - ქართულ-ბრიტანული კომპანია არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო არ დაუშვეს. წარმოდგენილი მაკეტებიდან 6 ქართულ კომპანიებს ეკუთვნის, დანარჩენი
ესპანური, ბერძნული, პოლონური, უკრაინული და იტალიური პროექტებია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი
Sportall.Ge

ახალი სტადიონისთვის ადგილი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ელექტრო-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე გამოიყო, რომლის ფართობიც 7 ჰექტარს შეადგენს.

ოლიმპიური სტადიონის მაკეტები საჯარო განხილვისთვის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გამოიფინა. სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 ათასი ლარია. უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და ჯამში 36 მილიონი ლარი დაჯდება.

ერთ-ერთი მაკეტის ავტორი უკრაინული კომპანია "გრანდ პროექტია". მისი წარმომადგენელი ვლადიმირ სტერჟინსკი მიიჩნევს, რომ მარტო კონკურსში მონაწილეობაც კი მისი კომპანიისთვის დიდი პატივია:

"პროექტის კონცეფცია უკრაინული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. სამი წლის წინათ, უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ჩვენს კომპანიას სტადიონის მშენებლობისა და მისი ექსპლოატაციის გამოცდილება აქვს".

"არქიტექტორების წინაშე ძალიან რთული და საინტერესო ამოცანა დაისვა, რადგან სტადიონი 20 ათას მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ - გაფართოების პერსპექტივით. ჩვენ აქ გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რაც "დინამო არენის" ევროპის სუპერთასისთვის რეაბილიტაციისას ვიყენებთ", - ამბობს არჩილ ქურდიანი, რომელიც არქიტექტორთა ცნობილი დინასტიის გამგრძელებელია.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დიმიტრი მოსულიშვილმა საუკეთესო პროექტის გამოვლენის კრიტერიუმები დაასახელა:

"აუცილებელი პირობაა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება - სტადიონი უეფასა და ფიფას მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ ეს ყველა კონკურსანტმა იცის. ამიტომ ჩვენი უპირველესი კრიტერიუმი იქნება არქიტექტურული იდეა, მოცულობითი გადაწყვეტა და ის, თუ რამდენად სწორად და კარგად არის ეს პროექტი შედგენილი".

დანაპირების მიხედვით, მშენებლობა აგვისტოში უნდა დაიწყოს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქს ორ წელიწადში დაუბრუნდება.

16 მარტს, ბათუმში საკონკურსო-საპროექტო წინადადებების განხილვა სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. მას ესწრებოდნენ საფეხბურთო წრეებისა და აჭარის საზოგადოების წარმომადგენლები. გადაწყვეტილებას 22-კაციანი საკონკურსო კომისია მიიღებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე თავმჯდომარეობს.

კომისიაში შედიან ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იონა წითელაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, ბათუმის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, შესაბამისი სპორტის ფედერაციების, შემოქმედებითი კავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყველა კონკურსანტმა დეტალურად ილაპარაკა საკუთარი პროექტის ტექნიკურ მხარესა და უპირატესობაზე. კონკურსის შედეგები ოფიციალურად დღეს, 17 მარტს გამოცხადდება, მაგრამ "ლელოსთვის" ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ წარმოდგენილი 11 პროექტიდან კომისიის წევრებს ორი მოეწონათ. ერთი პოლონურია და კრაკოვის სტადიონის ანალოგიას წარმოადგენს.

მაგრამ კომისიის წევრთა სიმპათია უფრო მეტად კომპანია "ADS"-ის (წარმდგენები - გიორგი ქურციკიძე, ზაქარია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი) ვარიანტისკენ გადაიხარა. მათი მიერ წარმოდგენილი ბათუმის სტადიონის პროექტიც თვალს ჭრის, თუნდაც იმით, რომ ზღვისპირა ქალაქს ლურჯ-თეთრ ფერში წარმოდგენილი არენა აშკარად გაალამაზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Kargia neta kvela kalakshi ashendes .da eshvelos pexburts .qartvela unda aashenos tu aqvt magisi shno
zoro
01:27 18-03-2015
0
ქურდიანი გყავდეს და სხვას ეძებდე სირცხვილია.თვალი გაახილეთ,ყური გამოიბერტყეთ და ბოროტად ქილიკს მოეშვით.
vaxvax
15:33 17-03-2015
0

სიახლეები პოპულარული