იქ, სადაც ყველაფერი იყიდება... - ვაიაგენტები და ქართული ფეხბურთი

AutoSharing Option
მიშელ პლატინი კვლავ მდიდრებს ართმევს და ღარიბებს აძლევს. ეს მეტამორფოზად. პლატინი უყვართ ღარიბებს. პლატინი უყვარს საქართველოს. პლატინიმ პატარა ქვეყნებს ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპის ლიგაზე მოხვედრა გაუადვილა. ჯერ მის წყალობას ვერ ვიყენებთ. იმედია, ოდესმე შევძლებთ...

მიშელ პლატინი და ზეპ ბლატერი ერთმანეთში მძაფრად იბრძვიან. ცხადია, ფრანგს მსოფლიო ფეხბურთის პირველკაცობა უნდა. ბლატერის დამყაყებული სისტემის წინააღმდეგ იდეაში პლატინის წვრილფეხობის იმედი აქვს. საქართველოსიც. ნუ, შემდეგ არჩევნებზე არა, მაგრამ მაინც.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა პატარა შანსს უნდა გამოვეკიდოთ. ზოგადად - ისტორიულ ამბებში ხომ სულ
ასე იყო და ახლა ფეხბურთშიც ასეა. პატარა ქვეყანას პატარა ფეხბურთი დარჩა. ამბობენ, სულ აღარ დარჩაო, მაგრამ სადღაც უნდა იყოს - ძალიან ღრმად და შიგნით. აბა, ხელისგულზე რა უნდა - ფარერებმა გაგვასწრო...

პლატინიმ იცის, რომ ბლატერის საპირწონედ ბევრი უნდა გააკეთოს და მთავარი, რაც უნდა ქნას, ისაა, რომ როგორღაც ფეხბურთი და ბიზნესი ერთმანეთს დააშოროს. ოდნავ მაინც. არადა, ბლატერის დროს ფეხბურთი ბიზნესი გახდა. ეს მთლად ძია ზეპის ბრალი არ უნდა იყოს, მაგრამ ასე კია.

პლატინიმ ფეხბურთელებს აგენტების ყოლა აუკრძალა. ახლა ისე არ იფიქროთ, თითქოს ამიერიდან მოთამაშე თვითონ მოძებნის გუნდს. აგენტს "მედიატორი" ერქმევა და თუ ის ადრე ფეხბურთელის ტრანსფერიდან 10 პროცენტს იღებდა, ახლა 3-ს მიიღებს.

შეზღუდვა არის, მაგრამ მაინც ფორმალური - ფეხბურთელი აგენტს რამდენს მისცემს, პირადად და "ძმაკაცურად", იმ 3 პროცენტის "სვერხუ", ამას ვერასდროს ვერავინ გაიგებს; აგენტი ერქმევა კიდევ თუ მედიატორი, დიდი განსხვავება არაა - მთავარი ხომ არსია და არა სახელი.

კარგია, პლატინი ფორმალურად რომ მაინც ებრძვის იმას, ვინც თუ რამაც არაერთ ქართველ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა. აგენტებზე ვამბობ, თუმცა უნდა განვაზოგადო - კარგი და ცუდი ყველგან არის. აგენტებშიც ასეა.

როცა მხოლოდ შენი საშოვარი გადარდებს, როცა უწვერულ ქართველ ბიჭებს სომხეთ-ყაზახეთ-ბელორუს-ყირგიზეთ... ჯანდაბეთის გზაზე მიერეკები, შენ მორალური უფლება არ გაქვს ქართულ ფეხბურთში ყოფნისა. არადა, არიან ასეთებიც, ბევრნი არიან - რას ვიზამთ, წყალი ამღვრეულია დღეს ქართულ ფეხბურთში, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს, ამღვრეულ წყალში კი ათასი არამზადა ისე იჭერს თევზს, ხშირად ფეხიც არ უსველდება...

ეს პრობლემა ქართულ ფეხბურთში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. დღეს მათ მენეჯერები თუ აგენტები ჰქვიათ, გუშინ "გავლენიანი ძიები" ერქვათ. უბრალოდ, ფსევდო "კაი ბიჭები" თუ "ძველი ბიჭები", მწვრთნელები, კლუბების უფროსები თუ ათასი ჯურის ჩინოსნები, რომელთაც ერთი რამ ამოძრავებთ და ამოძრავებდათ - ქარვასლად ექციათ ქართული ფეხბურთი, იყიდონ, გაყიდონ, მოატყუონ, წაჰგლიჯონ...

ამ ხალხის "ღვაწლითაცაა", რომ არაერთმა ჩვენებურმა ისეთი ფეხბურთი ვერ ითამაშა, როგორიც უნდა ეთამაშა.

ერთი წამით დავბრუნდეთ წარსულში და ჩვენს თავს ვკითხოთ - როგორი იქნებოდა დღეს ზურაბ ხიზანიშვილის კარიერა, სულ ახალგაზრდა რომ გადასულიყო ლონდონის "არსენალში"? რას მიაღწევდა მიხეილ აშვეთია, საუკეთესო წლები თვითმფრინავში რომ არ გაეტარებინა? მამუკა წერეთელი სად ითამაშებდა, ფეხში რომ არ დაეჭრათ?

მაგალითების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. ეს ხომ საქართველოა, სადაც ერთმა უნდა იშრომოს და მეორე - ამ შრომით გამდიდრდეს, რადგან ვინც შრომობს, ბევრის თვალში ის "გოიმია". ეს დაახლოებით იმ "ოპერიდანაა" - იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო!..

საერთოდ, მგონია, რომ ჩვენი მენტალიტეტის ეს თვისება ბოლომდე ვერ მოვიშორეთ და სანამ ვერ მოვიშორებთ, არათუ ფეხბურთი, სახელმწიფოც ვერ შედგება. ვგულისხმობ იმას, რომ სხვისი შრომით სხვა არ უნდა გამდიდრდეს და არც შრომა უნდა იყოს სათაკილო...

თემას დავუბრუნდეთ. პლატინის ინიციატივა ქართულ "ფრონტზე" ვითარებას ვერ მოაწესრიგებს. ჯერ ერთი, ვერც "ზოგადევროპული" რეგულაციებით და მეორეც - ჩვენში აგენტთა უმრავლესობას სულაც არ სჭირდება ფიფასა თუ უეფას "ქაღალდები" - ნაცნობობა, მარიფათი და მისი ჯანი...

ჩვენთან სულ არიან ნიჭიერი თუ ძალიან ნიჭიერი ბავშვები. ამ ბავშვებს ათასი მეორეხარისხოვანი კლუბი სიამოვნებით აიყვანს. აჰყავთ კიდეც. მერე "ორი კაპიკი" აგენტს დარჩება. ის მეტზე აღარ ფიქრობს და ფეხბურთელის კარიერა ფეხზე ჰკიდია.

არ მახსოვს, სად და როდის ამოვიკითხე, მაგრამ ვინც დაწერა, მაგრად კი დაწერა - ფულის შოვნა რთული არ არის, მთავარია, იმ ფულის დახარჯვის დროს სინდისმა არ შეგაწუხოსო. აქვთ კი მათ სინდისი? მგონი, ყველა ადამიანს აქვს. მათაც ექნებათ. ოღონდ იმ სინდისს სადღაც ჩეროში სძინავს და ამ ძილს ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე ეწირება.

ერთია განხორციელებული თუ განუხორციელებელი ტრანსფერები და მეორეა ის, რომ ამ ვაიაგენტების მიერ "ფრთაშესხმული" ქართველი ფეხბურთელებისგან ისეთს გაიგონებ, თმა ყალყზე დაგიდგება.

მერე, კონტრაქტს რომ ელი, ხელში გაწბილებული ფეხბურთელი შეგრჩება. "ტრავმა მივიღე, ვეღარ დავრჩი" - არის პასუხი. "მწვრთნელი შეიცვალა, თავისი ხალხი მოყარა" - ესეც ხშირად გვსმენია... არადა, ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ჯერ ერთი - ფეხბურთელი არ არის სათანადო კლასის და მეორეც - აგენტს გამდიდრება უნდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონის მატება - ეს მესახება ამ პრობლემის მოგვარების მთავარ გზად. როცა საქართველოდან გაქცევა ლამის ერთადერთ გამოსავლად აღარ დარჩება, მაშინ ამ ქორვაჭართა თავხედობასაც ამოედება ლაგამი.

ეს ფსევდოაგენტები ქართულ ფეხბურთში სტაბილურობის დამკვიდრებას, ჩვენში მრავალწლიანი პროექტების არსებობა-განხორციელებასაც უშლიან ხელს.

არცთუ დიდი ხნის წინათ, ერთმა ქართულმა კლუბმა კარგი შემადგენლობა შეკრა. მერე იმ ბიჭების ნაწილს აგენტებმა ტვინი აურიეს, მერე იმ ბიჭებმა დაიკიდეს კონტრაქტი და თვალი წასვლაზე დაიჭირეს. ერთმა სურათიც კი გადაიღო ახალი გუნდის მაისურით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძველი კლუბის კუთვნილება გახლდათ. იმ კლუბს ფეხბურთელების დასაკავებლად არაჰუმანური საქმეების გაკეთება მოუხდა. ეს მოვლენათა ჯაჭვია. ადამიანის უფლებები? კი, ბატონო! ეს გასაგებია და ბევრ ამბავში იმ თუ სხვა კლუბმა გადააჭარბა, მაგრამ სხვანაირად სამი-ოთხი წლით გუნდი როგორ გინდა შეინარჩუნო?

უკრაინულ და რუსულ გუნდებს შეეძლოთ, ყოველ ჯერზე გაეზარდათ ფეხბურთელის ხელფასი. საქართველოში ამის ფუფუნება არ არის. ის გარბის და შენ დასარჩენად აწვები. სხვანაირად არ გამოდის. ისინი ფულით გიგებენ. შენ რით უნდა მოუგო? გრჩება კონტრაქტი.

ასე რომ, თავისი სიმართლე ორივე მხარეს აქვს.

აგენტების ამბავში გვარიანი კრიტიკა გამოგვივიდა. საბედნიეროდ, გვყვანან ისეთი აგენტები თუ "მედიატორები", ქართული ფეხბურთისთვის კარგ საქმეს რომ აკეთებენ. ახლა არ დავკონკრეტდები, სხვანაირად რომ არ გამიგონ. ისინი ევროპულ ბილიკს უკვალავენ ჩვენს ბიჭებს. ასეთი ხალხი საჭიროა, ასეთი ხალხი ქართული ფეხბურთის საშველია.

საერთოდ, ცხოვრებაში ასეა - ყველაფერი არ იყიდება.

მინდა, ფეხბურთშიც ასე იყოს.

ღირსება და ქართული ფეხბურთი არასდროს გავყიდოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგ სომხეთ-ყაზახეთ-ბელორუს-ყირგიზეთს რუსეთ-უკრაინაც მიამატეთ, მაღალი ხელფასი არ ნიშნავს ყველაფერს...
Walkabout
10:26 25-03-2015
0
ამ ვაიაგენტებისგან უნდა გაიწმინდოს ქართული ფეხბურთი
kako
22:44 24-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული