მერე გვიან იქნება... ბავშვს მეორადი ბუცების ფულიც არ ჰქონდა და ფეხბურთს შეეშვა

AutoSharing Option
"ლელო" მაქსიმალურად ცდილობს, ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარება, მიმდინარე მოვლენები და სიახლეები გააშუქოს. ცხადია, მკითხველისთვის უფრო საინტერესოა ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებები, ჩემპიონატის ლიდერი გუნდებისა თუ ლეგიონერების ამბები და ყველა დიდი ტურნირი თუ მოვლენა...

მაგრამ არსებობს ჩრდილში მოქცეული რეალობა - ჩვენი ფეხბურთის საძირკვლები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი სოფლის მაგალითზე მოგითხროთ, რა დღეშია დღეს ქართული ფეხბურთი, რა უჭირს და რით სუნთქავს.

ამ წერილის დაწერის სურვილი 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანთან საუბრის შემდეგ გაჩნდა:

"უნდა ნახოთ, გურიის ერთ პატარა სოფელ ბახვში ქართულ ფეხბურთს
რამხელა მოამაგე ჰყავს. არანაირი პირობები მას არ აქვს, მაგრამ ბავშვებს ფეოლასავით დიდი სიყვარულით ავარჯიშებს და ამ ტვირთს საკუთარი ზურგით ზიდავს.

მე თუ მკითხვათ, ასეთ ადამიანებზე უნდა წერონ და გააკეთონ სიუჟეტები, რადგან მათზე დგას ქართული ფეხბურთი", - ამბობდა დევდარიანი.

დევდარიანი გოჩა კრასოტკინზე გველაპარაკებოდა. ის ჩვენი დროის ერთი უცნობი გმირია. 18 წელია, ეს ადამიანი ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვის საფეხბურთო ჯგუფებს ხელმძღვანელობს.

გოჩა გვიყვება იმაზე, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში. წაიკითხავთ და თავადაც იტყვით, რაოდენ სულის შემძვრელი რეალობაა.

"დიდი ხანია, რაც ამ საქმეს მივდევ. კარგი დროც მახსოვს და მძიმე დღეებიც გადამიტანია. იყო დრო, ფეხბურთს ბავშვები დიდი სიამოვნებით ეტანებოდნენ, მაგრამ ბოლო წლებია, ძალიან სამწუხარო რეალობას ვაწყდებით - შობადობა კატასტროფულად შემცირდა და აქედან გამომდინარე, ბავშვების რაოდენობაც საგრძნობლად ნაკლებია.

მეორე პრობლემა კი სავარჯიშო პირობებია. ჩვენი სატკივარი რა გასაკვირია, ბათუმი საქართველოს გამორჩეული ქალაქია, იქ დიდი შემოსავლებიცაა და სტადიონი იმათ არ აქვთ. ჩვენ მოედანი კი გვაქვს, მაგრამ გასახდელები და საშხაპეები არ არის. ამას ვინ ჩივის, ყოფილა შემთხვევა, ერთი ბურთი ძლივს გვიშოვია და ვარჯიში რის ვაი-ვაგლახით ჩაგვიტარებია.

ცხადია, პრობლემა იყო ეკიპირებაც და გასვლით შეხვედრებზე გამგზავრებაც. ბევრჯერ ყოფილა, რომ ბენზინის ფული არ გვქონია და ბავშვები თხილიდან მიღებული შემოსავლით წამიყვანია.

გურიაში ბევრი ნიჭიერი მოზარდია, მაგრამ არაერთი შემთხვევა მახსოვს, 25-ლარიანი, ნახმარი ბუცის ფული არ ჰქონიათ და თავი დაუნებებიათ ფეხბურთისთვის", - ამბობს კრასოტკინი.

ოზურგეთელი ენთუზიასტი არ მალავს, რომ არჩევანის წინაშე იდგა:

"ერთი ხანობა, ისეთ დღეში ვიყავით. ვფიქრობდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდით. მაგრამ მერე რომ დავფიქრდი - ყველა ჩემნაირმა ენთუზიასტმა ხელები რომ ჩამოუშვას, მაშინ ქართული ფეხბურთი საერთოდ მოკვდება-მეთქი.

ჩვენთან ფეხბურთი რომ სულდგმულობდა, ამაში ოზურგეთელი ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძე დაგვეხმარა, მერე კი მისი შვილი - გოგიტა ცეცხლაძე. მერე, მან გიორგი დევდარიანი გამაცნო. ეს ღვთისნიერი ადამიანი ახალი სამწვრთნელო მეთოდებითა და რჩევებით მეხმარება.

საბედნიეროდ, ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების გამგებლად მერაბ ჭანუყვაძე დანიშნეს და ამან, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო. ის გვპირდება, რომ ეკიპირებით, ბურთებითა და ტრანსპორტირებით დაგვეხმარება, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს ბუცებს შეუძენს.

შესაძლოა, თბილისში ეს დახმარება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენ სულის მოთქმისა და არსებობის საშუალებას გვაძლევს".

კრასოტკინი ადგილობრივი მწვრთნელების პრობლემებზეც გველაპარაკა:

"ჩვენთან ბავშვებს ერთ თეთრსაც არ ვახდევინებთ და ცხადია, შემოსავლები არ გვაქვს. მწვრთნელების ხელფასი 160-დან 200 ლარამდე მერყეობს. თავადაც მიხვდებით, რომ ასეთი მწირი შემოსავლებით ცხოვრება ძნელია, ხოლო კვალიფიკაციის ამაღლება - შეუძლებელი.

რატომ? იმიტომ, რომ C კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად 400 ლარია საჭირო, ხოლო B კატეგორიისთვის - 800 ლარი. ჩვენს ახალგაზრდა მწვრთნელებს სწავლა და წინსვლა სურთ, მაგრამ ჩვენისთანა შემოსავლებითა და ხელფასებით ვინ უნდა ჩავიდეს თბილისში? გადასახადის გარდა, დაბინავება და კვება ხომ სჭირდებათ?

ამიტომაც მგონია - ფეხბურთის განვითარება თუ უნდათ, სპორტის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ რეგიონების მწვრთნელთა სწავლის გადასახადი მაინც უნდა დაფარონ. სხვაგვარად, რეგიონებში სპეციალისტები აღარ დარჩებიან და ბავშვებს ვინღა მიხედავს?

არადა, ვინ უწყის, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტი იკარგება".

ოზურგეთელი მწვრთნელი პრობლემაზეც გველაპარაკა:

"მიხარია, "ლელო" ჩვენი პრობლემებით რომ დაინტერესდა. დარწმუნებული ვარ, ოზურგეთი გამონაკლისი არ არის, ყველა რეგიონში მსგავსი სიტუაციაა.

ჩვენ გაგვიმართლა, რომ ფეხბურთის მოყვარული გამგებელი დაგვინიშნეს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ფეხბურთზე ყველა რეგიონში უარი რომ თქვან, საფეხბურთო ჯგუფები როგორ იარსებებენ?

ამიტომაა საჭირო, ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და არა მხოლოდ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს - ქართული ფეხბურთი ბახვიდან და სხვა სოფლებიდან იწყება და აქ თუ მოკვდა, თითზე კბენა მერე გვიან იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეც მივატოვე ტამასჰი გზის პული არ მქონდა და მაგიტომ ბუცი 120 150 მაინც გირა და სადაა ამდენი სასჰვალება
fghjk12
13:47 05-04-2015
0
სამი წელია რაც ც კატეგორიის ლიცენზია მაქვს და მუშაობა ვერ დავიწყე ბორჯომში მიუხედავდ იმისა რო სულ 2 ბავშვთა მწვრთნელია და ერთ მწვრთნელზე 30 -35 ბავშვი მოდის და ეს ყველაფერი არის დარღვევა როგორ გაიზრდება ბავშვი ეგეთ პირობებში არ მესმის 30-35 ბავშმა რა უნდა ივარჯიშოს ერთად საგიჯეთია მოკლედ რომ ვთქვათ,სპორტში დგეს უცოდინარი ხალხია და მაგიტომაც ვართ ესეთ დგეში
Mariam
11:08 05-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული