"დინამოს" დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ კვარაცხელიას თბილისური გუნდისთვის გაწეული ღვაწლისა და მისი ფორმით ჩატარებული მატჩების რაოდენობიდან გამომდინარე, სიმბოლურად 130-ნომრიანი მაისურა გადასცა...
გია კვარაცხელიამ საკლუბო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და მიმდინარე ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე ბოლნისის "სიონში" დაასრულა. უთამაშია საქართველოს 18, 19, 20-წლამდელთა, ასევე ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში. "ჯვაროსნების" ფორმით მან 7 შეხვედრა ჩაატარა.
კარიერის
"კარიერის დასრულების შემდეგ ბევრი მოთამაშისგან მსმენია, რომ მეტის მიღწევა შეეძლო. ალბათ, ჩემგანაც იმავე სიტყვებს ელით.
რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტი თამაშის ჩატარებისა და ევროპის რომელიმე ძლიერ ლიგაში გადასვლის იმედი მეც მქონდა. ეროვნულ გუნდში სულ 7-ჯერ ვითამაშე, მქონდა შოტლანდიური "ჰართსის" მიწვევაც, როცა ლიტვაში ვთამაშობდი და იქ საუკეთესო ლეგიონერად დამასახელეს. მაშინ სანაკრებო პროცენტების სიმცირემ შემიშალა ხელი.
მაგრამ ასე ვიტყვი: რა გზაც გავიარე, ღმერთს ამისთვისაც ვემადლიერები", - ამბობს კვარაცხელია.
გულთბილი გაცილებისთვის ვეტერანი ფეხბურთელი "დინამოს" მადლიერიცაა:
"ამ კლუბში ჩემზე ბევრად ცნობილი და დამსახურებული მოთამაშეები ისე წასულან, არ დაუფასებიათ. რა თქმა უნდა, კარგია საუკეთესო პირობები, ტიტულები, პრიზები...
მაგრამ ფეხბურთელი იმისთვისაც თამაშობს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ თბილი სიტყვა უთხრან და დააფასონ.
ბედნიერი ვარ, რომ თბილისის "დინამოში" გატარებული წლებისა და შრომისთვის მადლობა გადამიხადეს. ყველაზე მეტი სიყვარული სწორედ ჩემი გუნდისგან მივიღე".
კვარაცხელია უცნობ ისტორიას გვიყვება:
"ვიკიპედიაში და სხვა საერთაშორისო ცნობარებში ჩემი საკლუბო კარიერა სრულად არ წერია. არც ერთგან მითითებული არ არის, რომ თავის დროზე საუდის არაბეთშიც მითამაშია, კერძოდ, "ალ იტიჰადში", სადაც 1999 წელს წავედი.
იქ მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი იყო, მას ვლადიმერ გუცაევი ეხმარებოდა, ფეხბურთელებიდან კი მე და არმაზ ჯელაძე ვთამაშობდით. ეს იყო ყველაზე უცნაური ქვეყანა, სადაც კი ვყოფილვარ. მაგრად ცხოვრობენ, მაგრამ კონსერვატორული ქვეყანაა, სხვაგვარი ცხოვრების წესით.
საეკლესიო პოლიცია იყო, ქუჩაში სულ კაცები იყვნენ, ქალები გარეთ არ მინახავს. ქუჩაში შორტით სიარულზე სასჯელი იყო, ქალები ყველგან ჩადრებით დადიოდნენ, სტადიონზე კი არ უშვებდნენ.
ადგილობრივმა ფეხბურთელებმაც გამაოცეს - პირველივე ვარჯიშის დროს დაემხნენ და ლოცვა დაიწყეს. თურმე, სადაც არ უნდა იყოს მუსლიმანი, ლოცვის დრო თუ უწევს, ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადოს და ილოცოს. ყოველ ვარჯიშზე 10 წუთი ასე გრძელდებოდა.
რამდენი პრინციც ჰყავდათ, იმდენი თასი ჰქონდათ. მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ გუნდში თვე-ნახევარი ისე ვითამაშე, გოლიც კი გავიტანე, მაგრამ კონტრაქტი არც გამიფორმებია. ჩემი ტრანსფერი თბილისის "დინამოს" კი ეკუთვნოდა, თუმცა საუდის არაბეთში ხელშეკრულების გარეშე თამაში დაშვებული ყოფილა.
ანაზღაურება მაღალი იყო, მაგრამ სულ თვენახევარი ვითამაშე და უკან დავბრუნდი. "დინამოს" ხელმძღვანელებმა ჩემი დაბრუნება მოითხოვეს და მეც აღარ გავჩერდი".
ცხადია, ასეთი გამოცდილების მატარებელი ადამიანი იმედოვნებს, რომ სურვილს აისრულებს და ფეხბურთში დარჩება. 35 წლის კვარაცხელია ჯერჯერობით უმუშევარია:
"მწვრთნელობა მინდა. ლიცენზიის კურსებზე დასწრება და სწავლა მსურს. მაგრამ მომავალი მიჩვენებს, რა იქნება მომავალში და რა გზას დავადგები. ჯერ არავის არაფერი შემოუთავაზებია, სახლში ვზივარ და უკეთესი მომავლის იმედად ვარ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"