აქტუალურ თემაზე: როგორ დავაინტერესოთ ბიზნესი ფეხბურთით?

AutoSharing Option
უეფამ ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ახალი საპრიზო ფონდები წარმოადგინა. ვფიქრობთ, საინტერესო და საყურადღებო ამბავი მოხდა: 2015-18 წლებში ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე გასაცემი პრემიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2018 წლამდე ჩემპიონთა ლიგის სეზონში საპრიზო ფონდი 1,257 მილიარდი ევრო გახდება, ხოლო ევროპის ლიგაში - 380 მილიონი.

ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უეფა კლუბს 200 ათას ევროს დაურიცხავს, მეორეზე - 300 ათასს, ხოლო მესამეზე - 400 ათასს. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დამარცხებული კლუბი, რომელიც ტურნირში ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობდა, დამატებით 250 ათასს
მიიღებს.

თუკი ადრე მილიონებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები იღებდნენ, ახლა პლეი ოფში გამარჯვებულებიც სერიოზულად გამდიდრდებიან - ახალი გათამაშებიდან ისინი 2 მილიონ ევროს მიიღებენ, ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებენ და კიდევ 12 მილიონი დაერიცხებათ.

ასე რომ, ჯამში, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გამარჯვებული უეფასგან 14 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს, მანამდე აღებული 900 ათასი.

პლეი ოფში დამარცხებულს 3 მილიონი დარჩება და ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირში გადაინაცვლებს, სადაც დამატებით 2,4 მილიონი შეხვდება, ანუ ჯამში - 5,4 მილიონი!

სტადია თანხა (ევრო)
ჯგუფური ტურნირი 12 მლნ
ჯგუფური ტურნირში მოგება 1,5 მლნ
ჯგუფურ ტურნირში ფრე 0,5 მლნ
1/8-ფინალი 5,5 მლნ
1/4-ფინალი 6 მლნ
1/2-ფინალი 7 მლნ
ფინალი
გამარჯვებული 14,9 მლნ
დამარცხებული 10,5 მლნ

ევროპა ლიგა
სამონაწილეო პრემიალური თანხები ევროპა ლიგაზეც გაიზარდა: პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები 200 ათასს მიიღებენ, მეორეში - 210 ათასს, მესამეში - 220 ათასს, ხოლო პლეი ოფში - 230 ათასს. ეს ჯამში 860 ათასი ევროა.

ამას დაამატებთ ჯგუფში მოხვედრას და გამოდის, რომ ამ ეტაპის მონაწილე ბიუჯეტს 3,26 მილიონი ევროთი შეივსებს.

სტადია თანხა (ევრო)
ჯგუფური ტურნირი 2,4 მლნ
ჯგუფურ ტურნირში მოგება 0,360 მლნ
ჯგუფურ ტურნირში ფრე 0,120 მლნ
პირველ ადგილზე გასვლა 0,5 მლნ
მეორე ადგილზე გასვლა 0,25 მლნ
1/16-ფინალში მოგება 0,5 მლნ
1/8-ფინალში მოგება 0,75 მლნ
1/4-ფინალში მოგება 1,0 მლნ
1/2-ფინალში მოგება 1,5 მლნ
ფინალში მოგება 6,5 მლნ
ფინალში წაგება 3,5 მლნ

როგორ იყო შარშან...
ახლა მთავარზე გადავიდეთ. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიციო ეტაპზე ეროვნული ჩემპიონატების ყველა გამარჯვებული 200 ათას ევროს იღებდა (ახალ ვარიანტზე 50 ათასით ნაკლებს), პირველ ეტაპზე - 150 ათასს (50 ათასით ნაკლები), მეორეზე - 175 ათასს (125 ათასით ნაკლები), მესამეზე - 200 ათასს (200 ათასით ნაკლები).

პრემიალური თანხების გაზრდით, ევროპალიგის თითქმის ყოველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვაობა 80 ათას ევროს შეადგენს: პირველი ეტაპის მონაწილეები 120 ათას ევროს იღებდნენ (80 ათასით ნაკლებს), მეორეზე - 130 ათასს (-80), მესამეზე - 140 ათასს (-80), ხოლო პლეი ოფში დამარცხებული - 150 ათასს (-80).

გადავხედოთ, 2014/15 წლების ევროსეზონში ქართული კლუბების შემოსავლებს.

ჩიხურა 390 000 ევრო
დინამო თბ 375 000 ევრო
ზესტაფონი 130 000 ევრო
სიონი 120 000 ევრო.

შედარებისთვის, შარშან რომ შემოეღოთ ახალი საპრემიო წესი, ქართული კლუბები გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებდნენ:

ჩიხურა 630 000 (+240 000)
დინამო თბ 500 000 (+125 000)
ზესტაფონი 210 000 (+80 000)
სიონი 200 000 (+80 000).

აქვე ვიტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ უეფადან მიღებული შემოსავლები დავასახელეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან ევროპის ლიგაში "ჩიხურას" თამაშებზე ("ბურსასფორთან" და "ნეფთჩისთან") სტადიონი ლამის ორჯერვე შეივსო. ცხადია, საჩხერელებმა ბიუჯეტი აქედანაც შეავსეს.

კულუარული ინფორმაციით, თურქულმა ტელევიზიამ "ჩიხურა"-"ბურსასფორის" შეხვედრაში ქართულ მხარეს 80 ათასი ევროც გადაუხადა, რაც ჩვენს პირობებში მშვენიერი თანხაა, მაგრამ, რადგან ეს არაოფიციალური მონაცემია, "ჩიხურას" შემოსავლებში არ ჩავწერეთ.

სხვათა შორის, 2013 წელს, ევროპა ლიგის პლეი ოფში გორის "დილა" ვენის "რაპიდს" რომ შეხვდა, ასევე კულუარული ცნობით, ავსტრიელებმა ტელერეპორტაჟში 50 ათასი ევრო გადაიხადეს. ანუ ტურნირში რაც უფრო შორს მიდის კლუბი, შემოსავალი სხვა წყაროებიდანაც ეზრდება.

სტიმულისთვის გამოდგება
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტისა და ფეხბურთის ფედერაციის საქმეს უეფა აკეთებს. ვფიქრობთ, ევროპული ფეხბურთის მმართველებმა პრემიალური ფონდების გაზრდით ქართულ ბიზნესსა და ხელისუფლებას ფეხბურთში ფულის დასაბანდებლად სტიმული მისცეს.

მოდით, დავთვალოთ: უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზეც რომ გავიდეს, 1,15 მილიონ ევროს მიიღებს (900 ათასს - სამი ეტაპის გადალახვისთვის, 250 ათასს - ჩემპიონობისთვის), ხოლო პლეი ოფში გასვლით სერიოზულად გამდიდრდება - ამ ეტაპზე დამარცხებული ხომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირში მოხვდება და ჯამში 5,4 მილიონს მიიღებს. პლუს, გასათვალისწინებელია მანამდე მიღებული 900 ათასიც. 6,3 მილიონი ევრო კი იმხელა შემოსავალია, საქართველოში ჩემპიონ გუნდსაც კი ორი-სამი სეზონი ეყოფა.

იმავეს ვიტყვით ევროპა ლიგის პლეი ოფამდე მიღწეულ და გავარდნილ გუნდებზეც, რომლებიც ჯამში 860 ათასი ევროთი გამდიდრდებიან, რაც ჩვენი ჩემპიონატის სამეულში მოხვედრილი ქართული კლუბების უმრავლესობის ერთწლიან ნორმალურ არსებობას უზრუნველყოფს.

გასაგებია, რომ ბიზნესს ქართული ფეხბურთი არ აინტერესებს, მაგრამ მოგება ხომ მისი მამოძრავებელი ძალაა. ამიტომაც ვფიქრობთ, ამ ქვეყანაში ნორმალური საფეხბურთო პროგრამა რომ დაიწეროს და გარემო დაიწმინდოს, ბიზნესი ევროთასებზე ქართული კლუბის მოხვედრის პერსპექტივით დაინტერესდება.

ეს ფაქტი სახელმწიფო კლუბების დამფინანსებლისთვის, ანუ ხელისუფლებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანი სტიმული უნდა იყოს. იმიტომ, რომ წარმატებული გუნდი ქვეყანაში სავალუტო ნაკადის შემოტანის პოტენციური წყარო ხდება. ყოველწლიურად, საქართველოდან ორი გუნდი ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს, ქვეყანაში 18 მილიონი ევრო შემოვა.

ქვეყანაში, სადაც ლიდერი კლუბების უმრავლესობის ბიუჯეტები 1,5 მილიონ ლარს არ აჭარბებს, უეფას ახალი საპრიზო ფონდი სერიოზული სტიმული უნდა გახდეს. მაგრამ გახდება კი?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ყოველწლიურად, საქართველოდან ორი გუნდი ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს, ქვეყანაში 18 მილიონი ევრო შემოვა." -------- გლახაკი და ქილა ერბო :) როგორ უნდა მოხვდეს? აქ ფეხბურთს არ ასწავლიან, არ ათამაშებენ, მხოლოდ ხმარობენ!
dudu
14:58 16-04-2015
0
ეგ ყველაფერი უაზრობაა. არ მოგბეზრდათ ეს ბუქსაობა? სანამ ეს ნაძირალებით გავსებული მახინჯი სისტემა იარსებებს, არავინაც არ ჩადებს ფულს. ითვალეთ ეგ კაპიკები, რომელიც თეორიულად შესაძლოა, უეფასგან და ტელეტრანსლიაციებიდან შემოვიდეს, რამდენიც გინდათ. ითვალეთ და იყავით. ეგრე ითვლით წლებია, უკვე.
dudu
14:55 16-04-2015
0

სიახლეები პოპულარული