"შემექმნა აზრი, რომ საქართველოს ნაკრებში უკეთესობისკენ იცვლება სიტუაცია"

AutoSharing Option
ალბათ, სადავო არავისთვისაა, რომ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მსაჯი ველოდი მიმინოშვილია, ვინც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი პოზიტიური ნიშა უკვე დაიკავა. მან იმსაჯა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ("იბერია"-"კოლხეთი") და ეროვნული გუნდის პირველი (ოღონდ, არაოფიციალური) მატჩი ლიტვასთან.

ღვაწლმოსილ არბიტრს ძველი ამბების გახსენება ვთხოვეთ და ქართულ ფეხბურთში დღეს არსებულ ვითარებაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა:

- მსაჯობა 1965 წელს დავიწყე. 70 კაცი მივედით თავიდან კურსებზე და ბოლოს მე შემოვრჩი. 1968 წელს რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი გავხდი, 1978-ში მომანიჭეს საკავშირო კატეგორიის მსაჯის წოდება, 1983 წელს კი საერთაშორისო
კატეგორიის მსაჯის სტატუსიც მივიღე. საქართველო უნიკალური რესპუბლიკა იყო მაშინ საბჭოეთში - საერთაშორისო კატეგორიის სამი არბიტრი გვყავდა.

- მოდით, თავდაპირველად, იმ ჯილდოთა და აღიარებათა ნაწილი მაინც ჩამოვთვალოთ, თქვენი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თუ მისი დასრულების შემდეგ რომ გერგოთ...
- ვარ საკავშირო სპორტსაზოგადოების ოქროსა და ვერცხლის ორდენების კავალერი; მაქვს საქართველოს ღირსების ორდენი და მედალი; მონიჭებული მაქვს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება და გახლავართ ქართული სპორტის რაინდი. ამასთან ერთად, ექვსჯერ ვიყავი საბჭოთა კავშირის საუკეთესო მსაჯთა ათეულში.

- თქვენ იმსაჯეთ ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი, რაც, ალბათ, დაუვიწყარი მოგონებაა...
- ჩემი სამსაჯო კარიერის განმავლობაში არაერთი შეხვედრა მიმსაჯია, მაგრამ ეს მატჩი განსაკუთრებულია და მე მას ვერც ერთ შეხვედრას ვერ შევადარებ. ერთადერთი თამაში, რომელიც მასთან ახლოს დგას ჩემთვის თავისი მნიშვნელობით, ესაა ლიტვის ნაკრებთან თბილისური შეხვედრა, რომელიც პირველი იყო საქართველოს ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიაში. ისე მოხდა, რომ ამ მატჩის მერე, ძალიან მალე, ჩემი სამსაჯო კარიერა დასრულდა. ხობში მივდიოდი თამაშზე, სადაც ადგილობრივი გუნდისა და რუსთავის საფეხბურთო კლუბის შეხვედრა უნდა მემსაჯა. ავტოავარიაში მოვყევი და კარიერაც დავასრულე.

- რას იტყვით ქართული სამსაჯო კორპუსის დღევანდელ მდგომარეობაზე?
- ვისურვებდი უკეთეს მდგომარეობას. მჯერა იმისიც, რომ სიტუაცია გამოსწორდება. თავის დროზე ქალაქის პირველობაზე მიმსაჯია. მაშინ 3 მანეთი გამოგვდიოდა ერთ შეხვედრაზე. შეიძლება, გაგეცინოთ, მაგრამ ფულზე არ ვფიქრობდით. ჩვენი მიზანი იყო წინსვლა. ის, რომ რაც შეიძლება ბევრი და საპასუხისმგებლო შეხვედრა გვემსაჯა. დღევანდელ პირობებში, თუ არ ვცდები, უმაღლესი ლიგის მატჩებზე დანიშნულ არბიტრს 800 თუ 1000 ლარი გამოსდის... მგონი, ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს სამსაჯო კუთხით.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან ყიფიანმა მევლუდ მიმინოშვილს სპორტის რაინდის ტიტული გადასცა

- 1990 წელს, ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი რომ იმსაჯეთ, ალბათ, ვერაფრით წარმოიდგენდით, რომ დღეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ასეთ ვითარებაში იქნებოდა. საშველს რაში ხედავთ?
- ერთი მხრივ, თითქოს, 16-გუნდიანი ჩემპიონატი კარგია იმით, რომ ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი უნდა გამოჩნდეს. ამ საკითხზე ჩემი აზრი მაქვს - დღეს საქართველო, ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მზად არ არის 16-გუნდიანი პირველობისთვის. ამ ეტაპზე, მაქსიმუმ, 10-12 გუნდი უნდა თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატში. რაც შეეხება იდეას, ამაზე ნაფიქრი მაქვს. არ იქნება ცუდი, თუ ყველა გუნდის წინასამატჩო განაცხადში 16-წლამდე ორი ფეხბურთელი მაინც იქნება. ადრეულ ასაკში რომ გარბიან საქართველოდან, ეს მტკივნეული პროცესია. ადგილზე რომ ექნება დაინტერესება ახალგაზრდას, აღარ გაიქცევა.

- საქართველოს ნაკრებზეც უნდა გკითხოთ....
- ეს ორი თამაში რომ ვნახე, შემექმნა აზრი, რომ საქართველოს ნაკრებში უკეთესობისკენ იცვლება სიტუაცია. ყველა გვერდში უნდა ამოვუდგეთ ნაკრებს, ქართულ ფეხბურთს. მე წარმოშობით აბაშელი კაცი ვარ. იქ ოთხწლიანი სკოლაა, რომელიც შევისყიდე ის და მოვაწყვე ფეხბურთის მოედანი. ტევა არ არის იქ შაბათ-კვირას. ავჭალაშიც გავაკეთე საფეხბურთო მოედანი და ძალიან მიხარია, რომ მას ცარიელს ვერ ვხედავ. ეს არის ჩემი პატარა წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ამ დიდ, პატრიოტულ საქმეს ყველამ თითო აგური უნდა შევაშველოთ.

- ბატონო ველოდი, თუ იყვნენ ისეთი გუნდები და ფეხბურთელები, რომელთა თამაშის მსაჯობაც განსაკუთრებით გიყვარდათ?
- უფრო უკრაინულ გუნდებს გამოვარჩევდი. ბლოხინი, ბურიაკი, ვერემეევი უძლიერესი ფეხბურთელები იყვნენ, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს მათგან, სხვათა შორის, არც "სპარტაკის" მოთამაშეებისგან.

- "რთულ" გუნდებსა თუ ფეხბურთელებზეც გვითხარით...
- უფრო ცსკა და "ლოკომოტივი". საერთოდ, რაც უფრო ძლიერია გუნდი, უფრო იოლი სამსაჯოა მისი თამაში, რადგან ასეთი გუნდების ფეხბურთელები ყველა შეცდომას არბიტრს არ აბრალებენ.

- თქვენ ბევრი საბჭოთა ვარსკვლავის თამაში გიმსაჯიათ. საფეხბურთო თვისებებით რომელი მათგანი იყო გამორჩეული?
- ბურიაკი, ბესონოვი, ბალტაჩა და ბუბნოვი - ქართველ ფეხბურთელებს თუ გამოვრიცხავთ, მე ამათ დავასახელებდი.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, კახა ცხადაძის მონაწილეობით თუ გიმსაჯიათ რომელიმე თამაში?
- ბევრჯერ არა, მაგრამ მიმსაჯია. ის ძალიან თანამედროვე აზროვნების, კარგი ფეხბურთელი იყო.

- არაერთი საერთაშორისო მატჩის არბიტრი იყავით. რომელიმე მათგანი თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
- გფრ-ესპანეთი, საბერძნეთი-იუგოსლავია, თურქეთი-გფრ... გახსენება კიდევ შემიძლია...

- თქვენი აზრით, ვინ იყო ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვისი მონაწილეობითაც ესა თუ ის თამაში გიმსაჯიათ?
- ფრანც ბეკენბაუერი, ულაპარაკოდ. ჯერ ერთი, უდიდესი ფეხბურთელი იყო და მეორეც - სამაგალითო გახლდათ მინდორზე ქცევით, წესიერებით.

- ნუთუ, ასეთი დონის ვარსკვლავები ჭირვეულები არ იყვნენ?
- ჩემი აზრით, რაც უფრო მაღალი კლასისაა ფეხბურთელი, იმდენადვე ნაკლებად აპელირებს მსაჯის გადაწყვეტილებაზე.

- ქართული ფეხბურთის მომავალს როგორ უყურებთ?
- არ შეიძლება, ქართულ ფეხბურთს მომავალი არ ჰქონდეს. ჩვენთან ხომ უამრავი ნიჭიერი ბავშვია. ფეხბურთი ჩვენს გენსა და სისხლშია. მჯერა, ერთად დგომით დავძლევთ იმ ჩავარდნას, რაც დღეს გვაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული