გია თავაძე: ბევრი გუნდი გვჭირდება, დღეში ერთი ვარჯიში კი ცოტაა

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ გაბელია, გია თავაძე და ალექსანდრე ჩივაძე

13 მაისის თაობის თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი წარმომადგენელი, გია თავაძე ქართული ფეხბურთის პროცესებს ჩამოშორებულია.

როგორც ამბობს, 2012 წლის საარჩევნო პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემას მხარი დაუჭირა და ამის გამო, მატჩის დელეგატთა სიიდან ამოიღეს. ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი მოთამაშეთა და გუნდების სიმცირეა.

"არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში მოთამაშეთა რაოდენობა 45 ათასიდან 12 ათასამდე შემცირდა.

არც მიკვირს - გლდანის სპორტული სკოლა-ინტერნატი 1972
წელს დავამთავრე, გუნდი ე.წ "პრიმასტერებში" არ გვყავდა და ამას ძალიან განვიცდიდი, რადგან ამ ასაკში გატარებული ეს ერთი წელი ახალგაზრდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ამის ხარჯზე იზრდებოდა. ვინც ამის შემდეგ გუნდში ვერ მოხვდებოდა, ფაქტობრივად, კარიერას ასრულებდა. ეს იმ დროს, როდესაც ფეხბურთი აღმავლობას განიცდიდა.

მე გამიმართლა, რადგან ლანჩხუთის "გურიაში" წავედი და იქ კარგი პრაქტიკა მივიღე. მაგრამ ბევრმა კარიერა დაასრულა.

სამწუხაროდ, ახლა კიდევ უფრო ცუდადაა საქმე, რადგან ბოლო 25 წელიწადში, ტურნირების რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად - მონაწილეთა გუნდებისა და მოთამაშეების რაოდენობაც კატასტროფულად ცოტაა. ესაა მიზეზი, ფეხბურთელთა მასას სკოლის ასაკის შემდეგ რომ ვკარგავთ.

ადრე გუნდი ლამის ყველა სოფელს ჰყავდა, ახლა კი ბევრი ისეთი ქალაქია, სადაც საფეხბურთო ცხოვრება ჩამკვდარია და ბავშვები სად უნდა გაიზარდონ? ყველას "დინამოსა" და უმაღლესი ლიგის გუნდში ხომ არ აიყვანენ. ამიტომაა აუცილებელი, დაბალი დონის მეტი ტურნირი და გუნდი. ეს მოთამაშეებზე მოთხოვნას გაზრდის, მეტი რაოდენობიან კი მეტი უკეთესი ფეხბურთელი გამოჩნდება.

ეს ჩემი მოგონილი არაა, მთელ მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა", - ამბობს გია თავაძე.

თავაძე მიიჩნევს, რომ კერძო კლუბების სიმცირეც მნიშვნელოვანი პრობლემაა:

"მესმის, რომ სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება აუცილებელია. სხვაგვარად, დღეს ჩვენი ფეხბურთი ვერ იარსებებს და უმაღლესი ლიგის გათამაშებასაც ვერ ჩავატარებდით. მაგრამ ამავე დროს, კერძო ბიზნესის შემოსვლა ჰაერივით გვჭირდება, კლუბებს უფრო კარგად რომ მიხედონ და დააფინანსონ.

გარდა ამისა, კლუბები უნდა მიხვდნენ, რომ ფეხბურთი არის სანახაობა და ერთი ძლიერი ინდივიდუალისტი მაინც ჩამოიყვანონ, რომელიც მაყურებელს მიიზიდავს.

მატჩის დელეგატი რომ ვიყავი, ბევრი ისეთი მატჩი მახსოვს, რომელსაც გულით ვერ ვუყურებდი - არც ცეცხლი იყო, არც მონდომება და არც ჟინი. ფეხბურთზე კი ხალხი ამისთვის დადის, ვიღაც უნდა მოგეწონოს და მისი ნახვის სურვილი კიდევ გაგიჩნდეს. ფეხბურთი არის შოუ და ხალხი საამისოდ დადის.

მახსოვს, ერთხელ, უმცროსი მიშა მესხი დუბლებში თამაშობდა და 8 კაცი და მეკარე მოატყუა და ისე გაიტანა. ამიტომ იყო, დუბლების თამაშზეც კი ტრიბუნები თითქმის სავსე იყო.

ჩვენს "დინამოზე" არაფერს ვამბობ, რადგან გუნდის წევრების უმრავლესობა ვარსკვლავი იყო. ხალხს თხოვნა არ უნდოდა, ბილეთების რიგებში ათენებდნენ. ახლა ჩემპიონატში რაც ხდება, იმის შედეგია, რომ უმრავლესობა მეტისმეტად პრაგმატულ ფეხბურთს ითხოვს, ფეხბურთელებიც ზედიზედ ორ ნორმალურ გადაცემას ვერ ახერხებენ და ეს ხალხს როგორ მიიზიდავს? ა

მიტომაა საჭირო მაღალი კლასის მოთამაშეთა ჩამოყვანა, რომ მის გვერდით ახალგაზრდები გავზარდოთ".

თავაძე თვლის, რომ ფეხბურთელებიც საკუთარ თავზე ნაკლებს მუშაობენ:

"ახალკაცის დროს, დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. ამას გარდა, ფეხბურთელებს იმის უფლებასაც გვაძლევდა, ბაზაზე დავრჩენილიყავით და დამატებით გვეთამაშა ან გვევარჯიშა.

ეს იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი გართობა და დროს ტარება. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით კენწვლაში, პენალტების დარტყმასა და ათასგვარ რამეში. მაგალითად, ვინ მეტჯერ მოარტყამდა ბურთს ძელს, "ცხრიანს" და აშ.

მერე და მერე ვხედავდით, რომ ეს არანაკლებ სასარგებლო იყო, ვიდრე ტრადიციული ვარჯიშები. ჩვენი წარმატებები ამის შედეგიც გახლდათ.

გარდა მოგებული ტურნირებისა, ბევრ ცნობილ გუნდს თუ ნაკრებს მოვუგეთ, მაგალითად, 1979 წელს თურქეთის ნაკრებს მისივე მოედანზე 2:1 მოვუგეთ, ხოლო 1980 წელს, ბუქარესტში რუმინეთს - 2:0. სიარულით კი "გალათასარაის" 7:1 გადავუარეთ, ხოლო "სამსუნს" - 9:1. როგორც კი ტემპს მოვუმატებდით, მაშინვე ვუტანდით.

იმავე წელს, არგენტინული ტურნე გვქონდა და ამ ქვეყნის წამყვან გუნდებს ხუთი თამაშიდან სამი მოვუგეთ და ორი ფრედ დავასრულეთ: მათ შორის, "ბოკა ხუნიორსთან" 0:1 ვაგებდით და შენგელიას გოლით 1:1 დავასრულეთ, ხოლო "რიველ პლეიტს" 5:2 ვაჯობეთ.

თქვენ გგონიათ, ახლა ჩვენზე ნაკლებად ნიჭიერი ბავშვები მოდიან? არავითარ შემთხვევაში. ვუყურებ და ვხედავ, ვარსკვლავური პოტენციალი ბევრს აქვს. მაგრამ ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა დღეში ერთხელ თუ ვარჯიშობს, დამატებით კი, მეეჭვება, ვინმე იტვირთებოდეს. დღეში ერთი ვარჯიში კი მოთამაშის გასაზრდელად მეტისმეტად ცოტაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოლოს და ბოლოს მამაჩემია
მარიამ თავაძე
21:51 23-02-2017
0
იფააა)))) მესი და რონალდუ ჩამოიყვანეთო და დღეში ორჯერ ავარჯიშეთ ყოველ დღეო)))

რა დააშავა ამის ფასი ამ ქვეყანამ, რომ
აღარ დაადგა აღარაფერს საშველი!!!

Irakli Khvedeliani
11:59 04-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული