"ლილი" თუ "მონაკო"? - ქართველების ფრანგულ-ბელგიური შანსი

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ბერიძე და ლევან შენგელია
ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ ბოლო 5 ტურში 3 გოლი გაიტანა და თავისი წვლილი შეიტანა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, შეინარჩუნა.

სწორედ შენგელიასთან დაკავშირებული ინფორმაცია გახდა ცნობილი: შესაძლოა, ფოთელთა თავდამსხმელი, ბელგიური სამენეჯერო კომპანია Vision Foot-ის მეშვეობით (რომელსაც საქართველოში ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია წარმოადგენს), ცნობილ კლუბში, საფრანგეთის 3-გზის ჩემპიონ და ქვეყნის თასის 6-გზის მფლობენ "ლილში" გასინჯონ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბებს შორის შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, "ლილის" პრეზიდენტის, მიშელ სეიდოსა და მწვრთნელ რენე ჟირარის
(წარსულში საფრანგეთის ნაკრების წევრი) ინიციატივით, მაისის ბოლოს საფრანგეთში ოფიციალურად მიიწვიეს "კოლხეთის" გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია და სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია. შეხვედრაზე განიხილება კლუბებს შორის თანამშრომლობის საკითხები, რაც ფოთის "კოლხეთის" მომავალს აუცილებლად წაადგება.

"ლელო" დაუკავშირდა "კოლხეთის" სპორტულ დირექტორ ლაშა ჯაკობიას, რომელმაც სხვა საინტერესო ამბებიც გაგვიმხილა:

- "ლილიდან" ოფიციალური მიწვევა არა მხოლოდ შენგელიამ, არამედ "ზესტაფონის" თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემაც მიიღო. დიდი ხანია, რაც ორივეს აკვირდებიან. მიწვევები სხვა გუნდებიდანაც აქვთ.

- მაგალითად?
- შენგელიას ბელგიის ორი გუნდი იწვევს, მაგრამ როცა "ლილზეა" ლაპარაკი, უარის თქმა ძნელია. ლევანი თურქულ შეკრებაზე რომ წავიყვანეთ, იქაც ბევრი სელექციონერი იყო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "კოლხეთშიც" ღირსეულად გამოიყურება. ბერიძეს კი ერთი წელია აკვირდებიან და შესწავლილი ჰყავთ. მას "მონაკოც" იწვევს.

გიორგიმ 28 აპრილს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშა და ჩემმა კიეველმა მეგობრებმა მითხრეს - ორივე გუნდში საუკეთესო იყოო.

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი ბერიძე უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებთან მატჩში
ამას გარდა, ევროპული კლუბები დაინტერესებულები არიან ჩვენი ცენტრალური მცველით, ალეკო ჩაკვეტაძით. სალონიკის პაოკ-ში მისი დარჩენა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დაშავდა და წამოსვლა მოუხდა. აქვე ვიტყვი, რომ ევროპული კლუბები "სიონის" მცველ სანდრო გურეშიძესაც აკვირდებიან.

- ბერიძე და შენგელია "ლილში" როდის გაისინჯებიან?
- სავარაუდოდ, ისინი საფრანგეთში 12 მაისისთვის გაემგზავრებიან და დუბლებში ივარჯიშებენ.

- ბერიძე 19-წლამდელთა ელიტრაუნდისთვის ჩამოსვლას მოასწრებს?
- მაქსიმუმ, 10 დღე უნდა დარჩეს და დროულად ჩამოვა. პირიქით, ტონუსს შეინარჩუნებს, თორემ "ზესტაფონი" დაიშალა და სად უნდა ივარჯიშოს? ელიტრაუნდისთვის 19-წლამდელთა ბოლო მოსამზადებელ ეტაპსაც მიუსწრებს.

სხვათა შორის, ამ ტურნირისთვის თბილისში "ლილის", "ანდერლეხტისა" და "გენტის" სელექციონერები გვესტუმრებიან.

აქვე ვიტყვი, რომ შენგელია, ბერიძე და ჩაკვეტაძე გუბაზ დოლიძის გაზრდილები არიან. ამ ადამიანის ხელში უვარჯიშიათ ლაშა დვალს, გიორგი აბურჯანიას, ლუკა კიკაბიძეს, გიორგი პაპუნაშვილს... მისმა საქმიანობამ გამოაჩინა, რომ სწორად და აზრიანად მუშაობს. არადა, ფაქტობრივად, უმუშევარია, რაც ძალიან მიკვირს - არც ერთ გუნდში არ იწვევენ, თავად კი იმის ფინანსები არ გააჩნია, სერიოზული სკოლა რომ ჩამოაყალიბოს. არადა, კაცი მაგრად მუშაობს.

"ლელო" ლევან შენგელიასაც დაუკავშირდა:

- მიხარია, "კოლხეთში" გადასვლის შემდეგ კარიერაში ასეთი მოულოდნელი იმედი რომ გამიჩნდა. ვიცოდი, რომ ახალგაზრდული გუნდი კეთდებოდა და სიამოვნებით წავედი, მაგრამ არ მეგონა, მწვრთნელი და ხელმძღვანელობა ასე თუ მენდობოდნენ.

- რატომ არ გეგონათ?
- ასაკობრივი ნაკრებების წევრი ვიყავი, მაგრამ ამის შემდეგ უმაღლესი ლიგის გუნდებში არ მათამაშებდნენ და გული მწყდებოდა.

ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" ვიყავი, სადაც თითქმის არ მითამაშია. ერთხელ თასზე მარტვილის "მერანთან" დამაყენეს, მეორედ კი ჩემპიონატის ბოლო ტურში რუსთავის "მეტალურგთან". ეს იყო და ეს. ამის შემდეგ მიმიწვიეს "კოლხეთში".

ყველაფერი თურქული შეკრებიდან დაიწყო, სადაც პირველი საკონტროლო მატჩი ცუდად არ ჩამიტარებია. მერე და მერე ჩემპიონატშიც მათამაშეს. უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლ გუნდში ასე რომ გენდობიან, სასიამოვნოც არის და დიდი სტიმულიც. შენც ათმაგად ინდომებ.

- "ტორპედოში" რატომ არ გათამაშებდნენ?
- ვერ გეტყვით. რეზო ძოძუაშვილი ახალგაზრდებს სულ აწინაურებდა, მაგრამ ქუთაისში უფრო ვეტერანებს ენდო. ალბათ, მიზეზი მისი სტილიც იყო - დაცვით ფეხბურთს გვათამაშებდა, სადაც ცოტა შემტევი იყო. ეტყობა, გამოუცდელობის გამო არც მენდობოდა. გუნდი ამიტომაც დავტოვე. ვთვლი, რომ ეს ნახევარი სეზონი და მოსამზადებელი ეტაპიც ტყუილად დავკარგე.

- დღევანდელ "კოლხეთზე" რას იტყვით?
- მიმაჩნია, რომ პერსპექტიული გუნდი ყალიბდება, რაც ბოლო შეხვედრებმაც გამოაჩინა. კარგ ფორმაში ვარ და ეტყობა, საქართველოდან საფრანგეთის მთავარი ლიგის გუნდში სეზონის მსვლელობისას ამიტომაც მიმიწვიეს.

საფრანგეთში მაისში უნდა წავიდე, დაახლოებით 10 დღე გავჩერდები, პირველ საკონტროლო შეხვედრას დუბლებში ჩავატარებ და დანარჩენი ჩემზე იქნება დამოკიდებული. იმედია, თავის გამოჩენას მოვახერხებ და "ლილში" დავრჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯეკ, აი ეგ არი რა? სულ აგდებული პონტებია! არადა ცნობილი ფაქტია, რომ პრესას ხშირად იყენებენ პრ-ისთვის! იმედია ამ შემთხვევაში მე ვტყუივარ :)
Josh
16:08 01-05-2015
0
"რენე ჟირარის ინიციატივით მიიწვიესო" არა და რენე ჟირარმა შეიძლება ვერც ჩაამთავროს სეზონი!!! მაგარ ტრანსფერებს გამოძერწავენ ხოლმე მაგრამ მე არ მახსენდება ერთს მაინც გაემართლებინოს!! ამიტომ ჯერ გააფორმონ კონტრაქტი და მერე დაწერეთ, ტყუილად თავის მართლება რომ არ დასჭირდეთ "ტრავმა მიიღო, მწვრთნელი მოხსნეს,პრეზიდენტი დახვრიტეს და ა.შ." წარმატებები ამ ახალგაზრდებს და თქვენც ბატონო მერაბ!
0

სიახლეები პოპულარული