ვიტალი დარასელიას ბარელიეფი - წაიღონ საჩუქრად, ოღონდ, შესაფერისი ადგილი მიუჩინონ...

AutoSharing Option
მეოთხედ საუკუნეზე მეტია "ლელოს" ფოტოარქივში ინახება - ბარელიეფის ფოტოასლი ვიტალი დარასელიას გამოსახულებით. ეს არის ცნობილი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევარი, რომელიც მან 1983 წელს შეასრულა.

რა ბედი ეწია დიუსელდორფის მატჩის გმირის, ვიტალი დარასელიას ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილ ხელოვნების ამ ნიმუშს?

ბატონ გიორგის ტელეფონით შევეხმიანეთ:

"1983 წელსვე ბარელიეფი ბრინჯაოში ჩამოისხა და დამაგრდა მარმარილოს ქვაზე შესაბამისი წარწერით. მისი დადგმა 80-იანი წლების ბოლოს, ხარაგაულის რაიონის მაშინდელმა თავკაცმა მერაბ მაღრაძემ მოიწადინა ავტოკატასტროფაში ვიტალი დარასელიას ტრაგიკულად დაღუპვის ადგილზე - მდინარე ძირულას ხეობაში.

მაგრამ მაშინ ცხოვრება აირია და
გაჩნდა ჯართზე მონადირეების მხრიდან ბარელიეფის ხელყოფის საშიშროება. სასურველი დრო, სამწუხაროდ, არც მერე დადგა. ნამუშევარი დღესაც ჩემ სახელოსნოშია.

მზად ვარ, საჩუქრად გადავცე ვისაც სურს, ოღონდ შესაფერისი ადგილი მიუჩინონ - იქნება ეს სახლი, სადაც ვიტალი ცხოვრობდა, მისი სახელობის საფეხბურთო აკადემია, ტრაგედიის თუ ამ უდროოდ დაღუპული სახელოვანი სპორტსმენის სახელთან დაკავშირებული სხვა ადგილი.

გეტყვით იმასაც, რომ ახლა ვმუშაობ ვიტალის ძეგლის შექმნის პროექტზე. ვინ არ დამეთანხმება, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ამას იმსახურებს", - გვითხრა ხელოვანმა.

თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა ჩვენი ფეხბურთიც რომ ამ შესანიშნავი ადამიანივით გადაიჩეხა უფსრკულში. ნათელი ხსოვნა ვიტალის
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული